Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ანგარიში: ტრეფიკინგის კუთხით ყველაზე ცუდი სიტუაცია უზბეკეთში, რუსეთსა და ირანშია


ჯონ კერი
ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში, რომელიც ადამიანებით ტრეფიკინგს ეხება, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ უზბეკეთს და რუსეთს.
ისევე როგორც ირანმა, ამ ორმა ქვეყანამ ვაშინგტონისგან უარყოფითი შეფასება მიიღო იმის გამო, რომ მათი მთავრობები პრობლემას არ ებრძვიან და არც მომავალში საბრძოლველად აქვთ შემუშავებული შესაბამისი გეგმები. სასჯელის სახით, აშშ-მა, შესაძლოა, ამ ქვეყნებს დახმარების ნაწილი შეუჩეროს.

ანგარიშის შედეგების წარდგენისას სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 19 ივნისს ვაშინგტონში შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ ამას მხოლოდ სხვა ადამიანების განსჯის მიზნით არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ვიცით რა, რომ ამ საქმეში წარმატების მიღწევა შეგვიძლია, ცვლილების მოხდენასაც შევძლებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოში პარტნიორებთან მუშაობას ახალი მიდგომებისა და პრაქტიკის შესამუშავებლად და მთავრობებთანაც განვაგრძობთ ამ საკითხში თანამშრომლობას, რადგან თანამედროვე მონობის პრობლემა გავლენას ახდენს მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, აშშ-ის ჩათვლით. მასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა ყველა მთავრობას აკისრია, მაგრამ საკმარისს ჯერჯერობით არც ერთი მთავრობა არ აკეთებს“.

იძულებითი შრომა რუსეთში კვლავ ადამიანთა ტრეფიკინგის მთავარ გარემოებად რჩება, ვკითხულობთ ანგარიშში. დოკუმენტში მოტანილია მიგრაციის კვლევითი ცენტრის სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც რუსეთში მილიონამდე ადამიანს უწევენ შრომით ექსპლუატაციას. ეს მოიცავს დოკუმენტების ჩამორთმევას, ჯამაგირის გადაუხდელობას, ფიზიკურ ძალადობას და ძალიან მძიმე საცხოვრებელ პირობებს.

კრიტიკას რუსეთი უკვე გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა კომისარმა კონსტანტინ დოგლოვმა ანგარიში გააკრიტიკა და მას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. დოგლოვმა დასძინა, „არამეგობრულ ნაბიჯებს პროპორციული სამაგიერო ქმედებები მოჰყვებაო“.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქვეყანას, რომელსაც ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს, უზბეკეთს, ანგარიშის თანახმად, იქ ქვეყნის შიგნით ტრეფიკინგი გავრცებული პრაქტიკაა ბამბის კრეფის პერიოდში. წელიწადის ამ დროს იძულებითი შრომის ორგანიზატორად მთავრობა გვევლინება, მსხვერპლად კი როგორც ზრდასრული მოქალაქეები, ისე ბავშვები.

ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების შემდეგ ანგარიშში ასევე უარყოფითადაა შეფასებული ავღანეთი, უკრაინა, ალბანეთი, ბელორუსია და თურქმენეთი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ ქვეყნებს ჯერჯერობით „აკვირდებიან“, რადგან იმის მიუხედავად, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება, მთავრობები, როგორც ჩანს, პრობლემას აქტიურად ებრძვიან.

საქართველო საუკეთესო მაჩვენებლის მქონეთა შორის მეორე კატეგორიაში მოხვდა, რაც მისთვის პოზიციის ერთი საფეხურით გაუარესებას ნიშნავს. ამავე კატეგორიას მიაკუთვნეს აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ერაყი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, რუმინეთი და ტაჯიკეთი.
XS
SM
MD
LG