Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესით


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადეკ შიკორსკის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეშფოთებას იწვევს, რადგან ოპოზიციას ემუქრებიან სამართლებრივი ზომებით, თუ ის არ შეწყვეტს მთავრობის კრიტიკას. ეს კი, შიკორსკის შეფასებით, ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელი ქმედებაა. საქართველოში შექმნილ ვითარებაზე შიკორსკიმ ისაუბრა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რომ (საქართველოში) მეტისმეტად ხშირად იყენებენ დაკავებას, წინასწარ დაკავებას იმ პირებთან მიმართებით, რომელთა შემთხვევაშიც სამართლებრივ სისტემას ჯერ არ დაუმტკიცებია მათი ბრალეულობა. ამიტომ ვიწყებთ საქართველოში მიმდინარე პროცესზე უფრო გულდასმით დაკვირვებას და, უბრალოდ, იმედი მაქვს, როგორც საქართველოს მეგობარს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას მხედველობაში მიიღებს და სტანდარტებს გააუმჯობესებს“, განაცხადა შიკორსკიმ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე. მისთვის დასმულ შეკითხვას, რას ფიქრობს საქართველოს წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებაზე, რომელიც წამების ამსახველ ვიდეომასალას უკავშირდება, შიკორსკიმ უპასუხა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ საქმეებზე და რომ დარწმუნებულია, წინა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს შესაბამის შემთხვევებში. მაგრამ, შიკორსკის თქმით, საქართველოს სამართლებრივი სისტემის მოქმედების მეთოდი, წესები არის ის, რაც შექმნის საქართველოს შესახებ აზრს ბრუსელსა და ლუქსემბურგში.
XS
SM
MD
LG