Accessibility links

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ნატოს წევრობა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა

საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახონ საქართველოს ახალი ხელისუფლების რეალური სახე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ნატოს გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას ადასტურებს და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ალიანსის წევრი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოს გენერალურ მდივანთან ისაუბრეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზეც. "სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული წარმატებული ნაბიჯები მისასალმებელია, მაგრამ შეშფოთება გამოვთქვით იმის გამო, რაც ხდება კონფლიქტისპირა სოფლებში, სადაც მიმდინარეობს მავთულხლართების გაბმა, ეს კი პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად გაუგებარია და თვითონ რუსეთისთვისაც არ არის დამატებითი პლუსების მომტანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველო მოახერხებს იმის შესაბამისად განმარტებას, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთის ინტერესებს არ აზიანებს. "რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს ნატოში საქართველოს შესვლა არ სიამოვნებს და არ ესიამოვნება ხვალაც, ეს ყველამ კარგად იცის. მთავარია, რომ ეს სიამოვნებს საქართველოს მოსახლეობას და სწორედ მისი და არა წინა ხელისუფლების ან ამჟამინდელის გადაწყვეტილებაა ნატოს წევრობა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი

მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში იმყოფებოდა გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.

„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში, იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად, გუგუტიანთკარში მათი სახლები დაიბომბა. დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოცალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ასევე დახმარებას აღმოუჩენს ამირან გუგუტიშვილის ოჯახს, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, არა მხოლოდ დაზარალებულ სამ ოჯახს დაუდგეს გვერდით, არამედ მთლიანად სოფელ გუგუტიანთკარს და მავთულხლართებით გახლეჩილ ყველა სოფელს.

კვირას ჰონგ-კონგში ასიათასობით ადამიანმა განაგრძო საპროტესტო გამოსვლები

კვირას ჰონგ-კონგში ასიათასობით ადამიანმა განაგრძო საპროტესტო გამოსვლები. ამასობაში პეკინიდან სულ უფრო მკაცრად გაისმის გაფრთხილებები და მანიფესტაციების შეწყვეტისკენ მოწოდებები.

ჰონგ-კონგში უკანასკნელი ათი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი მანიფესტაციების დროს ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეტაკებებს, მაგრამ ამ შაბათ-კვირას ჯერჯერობით არ ყოფილა ძალადობა არც მანიფესტანტებისა და არც პოლიციის მხრიდან.

საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, მიეღო კანონი სამართალდამრღვევთა ჰონგ-კონგიდან პეკინში ექსტრადიციის შესახებ. მანიფესტანტებმა აიძულეს ადმინისტრაცია, უარი ეთქვა ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტზე. მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი დემონსტრანტთა მოთხოვნები, შეწყდეს ჰონგ-კონგზე ზეწოლა, კვლავაც არ წყდება. ჩინეთის ხელისუფლებამ ჰონგ-კონგში მანიფესტანტებს ტერორისტებთან კავშირში დასდო ბრალი.

ჰონგ-კონგში მე-11 კვირაა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში უნებართვო სამშენებლო ქმედება გამოავლინეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იტყობინება, რომ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე გამოვლინდა უნებართვო ქმედება. საქმე ეხება სათავსოს, რომელიც თანამედროვე მასალითაა აგებული და დამონტაჟებული ინტერიერში.

სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ: „სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, სოფელ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად 20 აგვისტოს ტიმოთესუბანში გაემგზავრება ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, ქმედების შესახებ ადგილობრივ ეპარქიას და საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თქმით, ის უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს.

სამართალდამცავებმა საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ტყიდან გამოიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტყიდან ქართველმა სამართალდამცავებმა სამი ავტომობილი გამოიყვანეს. სწორედ ამ მანქანებით გადაადგილდებოდნენ სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისკენ, როდესაც ისინი 17 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ არცევის სამხედრო ბაზაზე, მოგვიანებით კი ცხინვალში გადაიყვანეს.

მანქანები სალოცავთან ახლოს აღმოაჩინეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით შედგა მოლაპარაკება და 18 აგვისტოს, საღამოს, ქართულმა მხარემ ავტომობილები კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. შსს-ს პრესსამსახურმა ეს ფაქტი უკვე დაადასტურა.

17 აგვისტოს, სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები აძვის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. დაკავებულთა ახლობლების თქმით, ისინი ჯერ ახალუბნის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და იქიდან აძვის ეკლესიისკენ გაემართნენ, ეს ეკლესია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტეროტორიაზეა მოქცეული.

ინფორმაცია მერვე დაკავებულის შესახებ 18 აგვისტოს გავრცელდა. ამჟამად დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

გიბრალტარმა ახსნა, რატომ არ გაითვალისწინა აშშ-ის ორდერი ირანის სუპერტანკერის დასაკავებლად

გიბრალტარმა ახსნა, რატომ არ მიიღო აშშ-ის ორდერი ირანის სუპერტანკერ Grace 1-ის დასაკავებლად. დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის სასამართლო ორდერი უგულებელყვეს, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოქმედ ნორმებს. განცხადების თანახმად, „ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, რომლებითაც ხელმძღვანელობს გიბრალტარი, უფრო ვიწროა, ვიდრე აშშ-ის სანქციები“. აშშ-მა ირანიდან ნავთობის ექსპორტზე სრული ემბარგო დააწესა, ევროკავშირს კი ასეთი ემბარგო არ დაუწესებია.

გიბრალტარის ოფიციალურმა პირებმა 18 აგვისტოს უკუაგდეს აშშ-ის განმეორებითი მოთხოვნა, არ გაათავისუფლონ რამდენიმე კვირის წინ დაკავებული Grace 1. დაკავების მომენტში ტანკერი პანამის დროშიც ცურავდა, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი ამჟამად ირანის დროშითაა რეგისტრირებული და მას აქვს ახალი სახელი - Adrian Darya. გავრცელებული ცნობებით, ტანკერი მზადაა გიბრალტარის დატოვებისთვის.

Grace 1 დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითებმა დააკავეს 4 ივლისს, როცა ის ხმელთაშუა ზღვაში შედიოდა. როგორც იტყობინებიან, გემზე 2 მილიონ ბარელზე მეტი ირანული ნავთობი იმყოფება. შიშობენ, რომ ნავთობი განკუთვნილია სირიისთვის, რაც არღვევს ევროკავშირის სანქციებს.

მას შემდეგ, რაც გიბრალტარმა სუპერტანკერს შეუწყვიტა ხუთკვირიანი პატიმრობა და მას პორტის დატოვების უფლება მისცა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 15 აგვისტოს გასცა ორდერი, რომელშიც ნათქვამია, რომ გემს კავშირი აქვს ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

პაკისტანში ბიჭის სიკვდილით განრისხებულმა ხალხმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი წაუკიდა

18 აგვისტოს პაკისტანის ლაკი მარვატის ოლქში 4 წლის ბიჭის, ოვასის სიკვდილით განრისხებულმა თანასოფლელებმა ცეცხლი წაუკიდეს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას. მათი აზრით, პოლიცია ვერ იცავს მოსახლეობას და ვერ იძიებს დანაშაულს. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ერთი თვის წინ გაუჩინარებული ბავშვის გვამი. როგორც ვარაუდობენ, ბავშვი გაიტაცეს, როცა ის საკუთარი სახლის წინ თამაშობდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ბავშვის დამ, ბიჭის გვამი კვირას დილით იპოვეს ყანაში. ოლქის პოლიციის უფროსმა, ყასიმ ალი ხანმა სოფლის მოსახელობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და უკუაგდო პოლიციის არაკომპეტენტურობის ბრალდებები.

გიბრალტარმა არ გაითვალისწინა აშშ-ის განმეორებითი მოთხოვნა, არ გაათავისუფლოს ირანის სუპერტანკერი

Grace 1 გიბრალტარის სანაპიროს მახლობლად. 2019 წ. 15 აგვისტო.

როგორც იტყობინებიან, გიბრალტარის ოფიციალურმა პირებმა 18 აგვისტოს არ გაითვალისწინეს აშშ-ის განმეორებითი მოთხოვნა, არ გაათავისუფლონ რამდენიმე კვირის წინ დაკავებული სუპერტანკერი Grace 1. დაკავების მომენტში ტანკერი პანამის დროშიც ცურავდა, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი ამჟამად ირანის დროშითაა რეგისტრირებული და მას აქვს ახალი სახელი - Adrian Darya. გავრცელებული ცნობებით, ტანკერი მზადაა გიბრალტარის დატოვებისთვის.

ჯერჯერობით არაა ნათელი, როგორი იქნება საერთაშორისო რეაქცია აშშ-ის მიერ გაცემულ ორდერზე, რომელიც სუპერტანკერის დაკავებას ითხოვს გემის სავარაუდო კავშირების გამო ირანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ შტოსთან.

Grace 1 დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითებმა დააკავეს 4 ივლისს, როცა ის ხმელთაშუა ზღვაში შედიოდა. როგორც იტყობინებიან, გემზე 2 მილიონ ბარელზე მეტი ირანული ნავთობი იმყოფება. შიშობენ, რომ ნავთობი განკუთვნილია სირიისთვის, რაც არღვევს ევროკავშირის სანქციებს.

მას შემდეგ, რაც გიბრალტარმა სუპერტანკერს შეუწყვიტა ხუთკვირიანი პატიმრობა და მას პორტის დატოვების უფლება მისცა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 15 აგვისტოს გამოსცა ორდერი, რომელშიც ნათქვამია, რომ გემს კავშირი აქვს ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

ქეთევან ციხელაშვილი: უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მექანიზმი ჩართულია, რომ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს“, - ამის შესახებ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიერ 17 აგვისტოს გატაცებული რვა მოქალაქის შესახებ საუბრისას.

„შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ყველა მექანიზმი ჩართულია, რომ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება მოხდეს დაუყოვნებლივ. რამდენჯერმეა უკვე ცხელი ხაზი ამოქმედებული, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ამ ხაზით მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება ის პასუხი, რომელიც მათ გათავისუფლებას უკავშირდება. შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ გუშინ ადგილზე, დაკავებულთა ოჯახებთან“.

17 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე.

18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი, მერვე დაკავებულის, იოსებ დვალიშვილის შესახებ, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღრომის ხეობაში დააკავეს.

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული 22 წლის დვალიშვილი საოკუპაციო ძალებმა მეორედ დააკავეს

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული 22 წლის იოსებ დვალიშვილის ბიძა, მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა უკვე მეორედ გაიტაცეს.

მისი ინფორმაციით, იოსებ დვალიშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიროტიაზე, საბანაოდ იყო წასული, რა დროსაც ის რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს:

„ლოლაანთ წყაროს ეძახიან, ცივი წყალი მოდის, იქ მიდიან ხოლმე ბიჭები საბანაოდ. თქვეს, იქ იყო წასულიო. იმათი საზღვარიც ახლოსა, მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს. გუშინ მეორედ დააკავეს. პირველად რომ დააკავეს, დვალიაანთკარში უნდოდა გადასვლა, ჩვენი სახლია იქ, ახლა ოკუპირებული ტერიტორიაა. გუშინდელ ამბავზე სხვა არაფერი ვიცით. ერთადერთი რაც ვიცით, ის არის, რომ წყაროზე დააკავეს“.

17 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე.

18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი, მერვე დაკავებულის, იოსებ დვალიშვილის შესახებ, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღრომის ხეობაში დააკავეს.

დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

შოიგუ: რუსეთი მანამდე არ განათავსებს ახალ რაკეტებს, სანამ ასევე მოიქცევა აშშ

სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი მანამდე არ განათავსებს ახალ რაკეტებს, სანამ აშშ ასევე მოიქცევა ევროპასა და აზიაში.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა აშშ-სთან დიალოგისთვის საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების თაობაზე. მან გაიმეორა მოსკოვის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება, რომ ის არ გეგმავს ახალი რაკეტების განლაგებას.

„ჩვენი კარი ღიაა, ჯერაც გვჯერა, რომ სანამ აშშ ასეთ სისტემებს არ განალაგებს ევროპაში, არც ჩვენ გავაკეთებთ იმასვე. და სანამ აზიაში არ იქნება აშშ-ის რაკეტები, რეგიონში არ იქნება არც ჩვენი რაკეტები,“ განაცხადა შოიგუმ რუსეთის ტელევიზიით გამოსვლაში.

შოიგუს განცხადება უკანასკნელია რაკეტების თაობაზე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ორი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების სერიიდან, მას შემდეგ, რაც ივლისში აშშ და რუსეთი გამოვიდნენ საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების თაობაზე ისტორიული ხელშეკრულებიდან, რომლის რატიფიკაცია 1988 წელს მოხდა.

ხელშეკრულებიდან გამოსვლა მოჰყვა აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენელთა მხრიდან ბრალდებებს, რომ რუსეთი არღვევს დოკუმენტის პირობებს.

ამ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის შეიძლება დაიწყოს ახალი შეჯიბრი შეიარაღებაში.

სტამბოლში კოკისპირული წვიმის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაიღუპა

მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზიების მფლობელები საქონლის გადარჩენას ცდილობენ. სტამბოლი, 2019 წ. 17 აგვისტო.

თურქეთის ხელისუფლების თანახმად, სტამბოლის მიწისქვეშა გადასასვლელში დაიღუპა უსახლკარო მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, კოკისპირული წვიმის შედეგად დაიხრჩო. ინციდენტი 17 აგვისტოს მოხდა სტამბოლის იმ ნაწილში, სადაც ისტორიული დიდი ბაზარი მდებარეობს. წვიმა შაბათს დილით დაიწყო და შუადღისთვის გაძლიერდა. რიგ ქუჩებში შეწყვეტილი იყო მოძრაობა. წყალდიდობის შედეგად პარალიზებული იყო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერია.

ქაბულში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 180-მდე დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც წუხელ მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქორწინო დღესასწაულისას.

ქორწილს ესწრებოდა 1200-მდე სტუმარი. აფეთქება მოხდა ქაბულის იმ რაიონში, რომელშიც შიიტური უმცირესობა ცხოვრობს.

რადიკალური მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლებმა უარყვეს მომხდართან კავშირი. თალიბები აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ემზადებიან ქვეყანაში სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე.

მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, ქვეყანაში კვლავაც მაღალია ძალადობის დონე. გაეროს თანახმად, აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოკლული და დაჭრილია 3800-მდე ადამიანი.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კვირას ტვიტერში დაწერა, რომ თალიბები ვერ აარიდებენ თავს პასუხისმგებლობას, ვინაიდან ისინი, პრეზიდენტის სიტყვებით, „პლატფორმას წარმოადგენენ“ ტერორისტებისთვის.

16 აგვისტოს პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანელი თალიბების ერთ-ერთი ლიდერი. მომხდარისთვის ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

მურატ ჯიოევი: საქართველოს რვა მოქალაქე საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს

„საქართველოს რვა მოქალაქე მესაზღვრეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ წერს ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებაზე დაყრდნობით.

„სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“ - აცხადებს ჯიოევი.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარეობს დაკავებულთა ვინაობის დადგენა.

მურატ ჯიოევის განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე.

18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი, მერვე დაკავებულის შესახებ, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღრომის ხეობაში დააკავეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ზუგდიდში აგროვებენ ხელმოწერებს

პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ.

მათი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა აქცია ზუგდიდის იუსტიციის სახლის მიმდებარედ დაიწყეს და მოგვიანებით, ქალაქის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ისინი ხელისუფლებამ იძულებული გახადა ქუჩაში გამოსულიყო:

„ყველამ უკვე კარგად იცის, რომ მე, 150 დეპუტატის სახელზე, პარლამენტში პირადად შევიტანე წერილი, იმის მოთხოვნით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, მაგრამ უარი მითხრეს. მე ზუსტად ვიცი, რატომ მეუბნებიან უარს. იმიტომ, რომ თემირლანის მკვლელობა და ის საქმეები, რომელიც აქვთ დაკონსერვებული და კბილებით უჭირავთ, არ გავიდეს საზოგადოებაში და ეს ხელისუფლება არ დაემხოთ თავზე. ამიტომ გავხდი იძულებული გამოვსულიყავი ქუჩაში და მთელი რეგიონები ფეხით შემომევლო, რათა შევაგროვოთ ხელმოწერები".

ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ივნისში თბილისიდან დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახმა ხელმოწერები ბათუმშიც შეაგროვა. 19 აგვისტოს კი ისინი ქუთაისში გადაინაცვლებენ.

ხელმოწერების შეგროვება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მეჯვრისხევის მკვიდრი, იოსებ დვალიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის და რა პირობებში მოხდა მისი დაკავება. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭომ მისი დაკავების შესახებ 18 აგვისტოს, გამთენიისას მიიღო.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. იოსებ დვალიშვილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მერვე მოქალაქეა.

მის გარდა დაკავებულები არიან გოგიტა ნასყიდაშვილი, ილია ბაინდურაშვილი, ოთო ელიაური, ზურა გერკეული, კობა ვარდანაშვილი, ილია მიღრიჯანაშვილი. ლაშა გერკეული.

დაკავებულთა ასაკი 18-დან 38 წლამდე მერყეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

მტკვარმა მამაკაცის გვამი გამორიყა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, დილით, მტკვარმა მამაკაცის გვამი გამორიყა.

უწყების ცნობით, 35 წლის მამაკაცი რუსთავში ორი დღის წინ გაუჩინარდა და მას ამ ხნის განმავლობაში მაშველები ეძებდნენ.

"მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს," - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა ქემოკლიძე: ვმუშაობთ, რომ დროულად გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები

„სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები“,- აცხადებს საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე.

„არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ოკუპირებული სოფლის, აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის. შესაბამისი აპარატები, სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად იყვნენ გათავისუფლებული ზემოხსენებული პიროვნებები უკანონო დაკავებიდან. ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციას უკანონოდ დაკავებული მოსახლეობის ოჯახის წევრებთან. არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეები დაკავებული იყვნენ ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა“.

17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

„Fast and Furious 9“-ის გადაღებების გამო 18 აგვისტოდან რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ავტოშოუ მეტეხის ხიდზე

18 აგვისტოდან, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია „UNIVERSAL PICTURES“-ის ცნობილი ფილმის, „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:

  • ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - აცხადებენ შსს-ში.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, გადაღებების ადგილების გარდა, სხვა დეტალური ინფორმაცია გასაიდუმლოებულია თავად გადამღები ჯგუფის მიერ:

„ცნობილია, რომ გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება და მათ შორის 425 ადგილობრივია. ამ ეტაპზე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რომელი ცნობილი მსახიობები ჩამოვლენ საქართველოში. ეს არის ფილმი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო და ამ ფილმში მთელი მსოფლიო დაინახავს საქართველოს, თბილისს. იმ ძალიან მძაფრსიუჟეტიან კადრებს, რომელსაც გადაიღებენ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ტურისტულად ცნობილ ქუჩებზე5 როგორებიცაა, რუსთაველის ქუჩა, თავისუფლების მოედანი და ვაჟა-ფშაველა. შესაბამისად, ქვეყნისთვის ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ ფილმში იდენტიფიცირებული იქნება საქართველო და თბილისი“.

„Fast and Furious 9“ ეკრანებზე 2020 წლის 20 მაისს გამოვა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი.

ფილმის პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.

ჰონგ-კონგში 50 ათასამდე ადამიანმა გამართა საპროტესტო მარში

17 აგვისტოს ათიათასობით ადამიანი გავიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში, მიუხედავად ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების გაფრთხილებისა. ქალაქში გრძელდება დემოკრატიული მოძრაობის ყოველდღიური დემონსტრაციები, რომლებიც მე-11 კვირა მიმდინარეობს.

შაბათს დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მარშში, რომელმაც, ჟურნალისტების თანახმად, ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა ალაგ-ალაგ იყო შეტაკებები პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის.

საღამოს დემონსტრანტები მონგ-კოკის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც უცებ გამოჩნდა პოლიციის სპეცრაზმი, ისინი გაიფანტნენ და გამვლელებს შეერივნენ.

რუსეთში აქტივისტებმა ერთკაციანი პიკეტები გამართეს თავისუფალი არჩევნების მოწოდებით

რუსეთში აქტივისტებმა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები გამართეს თავისუფალი არჩევნების მოწოდებით, რათა გვერდი აეარათ არასანქცირებული თავშეყრის შესახებ კანონისთვის. ინდივიდუალური დემონსტრანტები ერთმანეთისგან სულ მცირე 50 მეტრზე განლაგდნენ სამ სხვადასხვა ადგილას მოსკოვის ცენტში. მათ ხელში ეჭირათ საპროტესტო ბანერები მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციონერ კანდიდატთა დაშვების მოთხოვნით.

ზოგიერთი დემონსტრანტი ასევე გამოვიდა მოწოდებით, ბრალდება მოეხსნათ იმ პირებს, რომლებიც წინა არასანქცირებული დემონსტრაციების დროს დააკავეს. მოსკოვში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რეგულარულად იმართება საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის ზოგიერთ კანდიდატს უარი უთხრა სექტემბერში მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილოებაზე.

პოლიციამ ძალა გამოიყენა აქამდე გამართული დემონსტრაციების დასაშლელად, რომლებსაც მან „უკანონო მასობრივი შეკრებების“ კვალიფიკაცია მისცა. მთლიანობაში პოლიციამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში 2000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის. „მასობრივი არეულობების“ მოწყობის ბრალდებები წაუყენეს ათამდე ადამიანს. ეს რუსეთში ყველაზე დიდი ხანგრძლივი მასობრივი გამოსვლებია 2011-2013 წლების დემონსტრაციების შემდეგ, როცა ხალხი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 7 მოქალაქის დაკავების თაობაზე

17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.

იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში.

ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.

მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ჯერჯერობით უცნობია საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქის ადგილსამყოფელი

საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე: გერკეული, ნასყიდაშვილი, ელიაური, ბაინდურაშვილი, ვარდანაშვილი, გერკეული და მიღრიჯანაშვილი. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.

ინფორმაციას ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერია. როგორც გორის ვიცე-მერმა, ერასტი ელიჯარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში გაემართნენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ნაპოვნია დაკავებულთა ავტომანქანა, რომლის კონფისკაცია საოკუპაციო ძალებს არ მოუხდენიათ.

როგორც ვარაუდობენ, დაკავებულებს არცევში რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკითხვის შემდეგ გადაიყვანენ ცხინვალში, სადაც მათი სასამართლო გაიმართება.

ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“.

ოკუპანტებმა დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე

საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.

ინფორმაციას ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ახალუბანში ტარიელ ვათიაშვილი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წასული იყვნენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 59-ე დღეს მორიგი აქცია იმართება

ანტისაოკუპაციო პროტესტის 59-ე დღეს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს სიტყვით „სირცხვილიას“ ორგანიზატორები მიმართავენ.

აქციის მოთხოვნები უცვლელია. პარლამენტის წინ შეკრებილები აპროტესტებენ ისეთ მოცემულობას, როგორიცაა:

  • გიორგი გახარია ისევ შს მინისტრია
  • 18 ადამიანი უკანონოდაა დაკავებული გავრილოვის ღამის შემდეგ
  • რუსეთმა საოკუპაციო ხაზი ისევ გადმოწია და გუგუტიანთკარსაც ვკარგავთ

გორის მაჟორიტარი ხუმრობს: ვუთხარი და უკან წავლენ [რუსები]

იოსებ მაკრახიძე

„აი, ნახავთ, ხვალიდანა უკან წავლენ, მე რომ აქ ამოვედი“,- ასე უპასუხა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „ვუთხარი უკვე და წავლენ უკანა“, - თქვა იოსებ მაკრახიძემ და ასევე ხუმრობით უპასუხა შეკითხვას, მიზანშეწონილია თუ არა გორის მერის შვებულებაში ყოფნა მაშინ, როდესაც გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს: „თუ მერის ამოსვლა რუსებსა ცხინვალამდის გადაიყვანდა, უფრო ადრე უნდა ამოსულიყო“,- თქვა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG