Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, პოლიტიკიდან მისი წასვლის შესაძლებლობის გამო აჟიოტაჟი ნუ შეიქმნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, პოლიტიკიდან მისი წასვლის შესაძლებლობის გამო აჟიოტაჟი ნუ შეიქმნება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს და სურს ”ქვეყანას ემსახუროს იქ, სადაც საჭირო იქნება.” პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან მის წასვლაზე საუბარი სიახლე არ არის, რადგან ეს არაერთხელ უთქვამს საპარლამენტო არჩევნებამდეც. ”ნურავის ექნება აზრად, რომ პროცესებს, რომლებიც დალაგებისკენ მიდის და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, მე გამოვეცლები და ვინმეს ასარევად დავუტოვებ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პირობას დებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის წინ საკმარისი დროით ადრე საზოგადოებას ყველაფერს განუმარტავს და თუ ვერ დაარწმუნებს, პრემიერ-მინისტრად დარჩება. ივანიშვილის განცხადებით, მთავარია არა კონკრეტული პიროვნებები, არამედ ინსტიტუტების განვითარება და მთავრობაზე საზოგადოების რეალური კონტროლი. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემთხვევაში არ აპირებს მმართველი გუნდის არაფორმალური ლიდერი იყოს. ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ყოველთვის დარჩება პასუხისმგებლად ყველა დანაპირებისა, მათ შორის იმის, რომ ეკონომიკის მხრივ მომავალი წელი იქნება კარგი, 2015 წელი კი ძალიან კარგი და გაგრძელდება ეკონომიკის რეალურად აღორძინების პროცესი.
XS
SM
MD
LG