Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2"–ის პირველი დამფუძნებლები პრეზიდენტს პასუხობენ


ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის პირველმა დამფუძნებლებმა წერილობითი განცხადებით უპასუხეს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოთქმულ მოწოდებას, რომ მან თავი უნდა შეიკავოს თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო მოქმედებებისგან. ტელეკომპანიის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წერენ, რომ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდო „იძულების, შანტაჟის და მუქარის“ შედეგად. განცხადებაში ვკითხულობთ: „დღესაც, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე, სააკაშვილის პირადი მძევალი, "რუსთავი 2" კვლავ რჩება პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად. სწორედ ამიტომ მოითხოვს ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი შეწყდეს გამოძიება "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ "რუსთავი 2" არის დემოკრატიის ინსტიტუტი და დაგვავიწყოს, რა გზებითა და ხერხებით დაასამარა დამოუკიდებელი მედიის განვითარება საქართველოში“. დვალი და აქიმიძე სააკაშვილს მიმართავენ სიტყვებით, რომლებიც თავად პრეზიდენტმა ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრს უთხრა - „ნაცმოძრაობის ხელები შორს რუსთავი 2-სგანო“, წერენ ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლები.
XS
SM
MD
LG