Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება „დინამო არენასთან“ მომხდარი ინციდენტისას დაკავებულების სასამართლო პროცესი


"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" აქტივისტები წუხელ, გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროს ნინო გიორგობიანზე დაყრდნობით იუწყება. მისი ინფორმაციით, დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. გიორგობიანის განმარტებით, "დინამო არენასთან" სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ. ამასთან, როგორც "დინამო არენასთან", შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი ზონის" წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე". როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათი პროტესტი უკავშირდება თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. თბილისის "დინამოს" გულშემატკივრის ნაწილმა პროტესტის ნიშნად "დინამო არენის" ტრიბუნები დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა განუცხადა, მათი პროტესტი უკავშირდება იმ დროშებს, რომლებიც მოსკოვის "დინამოს" გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე გამოფინეს.
XS
SM
MD
LG