Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი მაგნიტსკი დამნაშავედ ცნეს


მოსკოვში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ციხეში გარდაცვლილი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი. საქმე ეხება გარდაცვალების შემდეგ გასამართლების რუსეთის ისტორიაში პირველ შემთხვევას. მაგნიტსკი, რომელიც ბრიტანულ საინვესტიციო ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატი იყო, დამნაშავედ ცნეს ამ ფონდის მიერ რუსეთში გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით. სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს იქნა დაკავებული მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა რუსი ოფიციალური პირების მიერ სახელმწიფო საკუთრების მითვისების დანაშაულებრივი სქემა. ის დაკავებიდან 11 თვეში, იზოლატორში გარდაიცვალა, რასაც ფართო გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. შეერთებულმა შტატებმა სანქციები აამოქმედა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული რუსი ოფიციალური პირების წინააღდმეგ. დღესვე მოსკოვის სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობაში დამნაშავედ ცნო „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ხელმძღვანელი, უილიამ ბრაუდერი, რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს. მას ცხრა წლით პატიმრობა შეეფარდა. უფლებადამცავმა ორგაიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელმა“, „აბსურდულობის მწვერვალი“ უწოდა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მართლმსაჯულებაში ღრმა პრობლემებს, განაცხადა ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა, სერგეი ნიკიტინმა.
XS
SM
MD
LG