Accessibility links

ახალი ამბები

პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს ბრალდება წარედგინა

თაღლითობის და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდება წარედგინა პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს და მის დას მაია რჩეულიშვილს, რომლებიც სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ ჯგუფის” დამფუძნებლები და მფლობელები არიან. მათთან ერთად პროკურატურამ ბრალდებულად ცნო კომპანია ”დექსუსის” დამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელი ივანე ცაგურია. ბრალდებულად ცნობას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის გამოძიება, რომელიც „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია ამხანაგობა „თაბუკშვილი 88“-ის წევრთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დასაკუთრების დანაშაულებრივი სქემები. პროკურატურის ინფორმაციით, 2004-2009 წლებში ამხანაგობის წევრთა მიერ ბინათმშენებლობისთვის მოზიდული იყო 27 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, საიდანაც მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზით მიისაკუთრეს 11 მილიონ ლარზე მეტი და შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა. გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების და „დექსუსის“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „ალიანს კაპიტალის“ უძრავი ქონება.

ყველა ახალი ამბავი

სულ მცირე 9 პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ მოწყობილ ალყაში

ერთ-ერთი ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ

ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 9 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ მოწყობილ ალყაში ავღანეთის დასავლეთით მდებარე ფარას პროვინციაში. პოლიციელთა კორტეჟზე თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ისინი გზაზე დამონტაჟებული ნაღმის გასაუვნებელყოფად მიემართებოდნენ ანარდარას რაიონში.

ფარას პროვინციის ოფიციალური წარმომდგენლის აბდულ სალეჰის ცნობით, ექსტრემისტებმა 24 აპრილს მცირე ხნით ხელთ იგდეს პოლიციის შტაბიც.

დამატებითმა ძალებმა, რომლებიც მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე,შეძლეს თავდამსხმელების უკუქცევა.

თალიბანი ირანის საზღვართან მდებარე, ფარას პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ამ არეალში მრავალი თვის მანძილზე მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლების თალიბების რაზმებსა და სამთავრობო ძალებს შორის. ძალადობა მატულობს იმ ფონზე, როდესაც აშშ-მა აგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს თალიბანის წარმომადგენლებთან, რომლის ახალი რაუნდის გამართვა მაისში ყატარში იგეგმება.

იულია სუსლიაკის ადვოკატი: დანაშაული ან უდანაშაულობა მხოლოდ ექსპერტიზით დადგინდება

10 ბავშვის თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის უდანაშაულობის ანდა დანაშაულის შესახებ უტყუარი პასუხის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ. ის თავის დაცვის ქვეშ მყოფს 26 აპრილს, თბილისში, დროებითი დაკავების იზოლატორში შეხვდა.

„რა ინფორმაციასაც ვფლობ და რა მასალებიც ხელთ მაქვს, დაკავების არანაირი საფუძველი არ ჩანს. სხვა მასალები გამოძიებას ჩემთვის ჯერჯერობით არ უჩვენებია. დამნაშავეა თუ არა იულია სუსლიაკი - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთადერთს - ექსპერტიზის დასკვნას. დნმ-ის ტექსტის ჩასატარებელი მასალები უკვე აღებულია და ალბათ პროცესს დააჩქარებენ, რომ სიმართლე დროულად გაირკვეს“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

იულია სუსლიაკი თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი თანმხლები ათი ბავშვიდან რვა განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დაწესებულებებში, ხოლო ორი ბავშვი კვლავაც საავადმყოფოში რჩება.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის მტკიცებით, ბავშვები მისი შვილები არიან და ის მათთან ერთად ოჯახის მამასთან (იური სუსლიაკთან), აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.

19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვის დედა სწორედ იულია სუსლიაკია, სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან (სუროგაციის მეთოდის გამოყენებით). ამის დასამტკიცებლად, ადვოკატ თოდუას თქმით, 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება“, - წერია შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 25 აპრილს, ქუთაისის საავადმყოფოში დააკავა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო წვრთნები გრძელდება

რუსი სამხედროები ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაჯგუფებებმა ტაქტიკური საჰაერო სწავლება ჩაატარეს - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, საჰაერო მობილურმა ჯგუფებმა დაამუშავეს მთებსა და შავი ზღვის სანაპიროზე საჰაერო დესანტის ამოცანები. ამავე უწყების ცნობით, ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობდნენ რუსული საბრძოლო ვერტმფრენები „ტერმინატორი“ და „ალიგატორი.“

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ კვირის დასაწყისიდან მიმდინარეობს სამხედრო სწავლება, რომელშიც რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, მონაწილეობს 3 ათასამდე სამხედრო, 400 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და შავი ზღვის ფლოტის გემები.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლიკვიდირებულია გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმციით, 5 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაიწვა ტყის ქვედა საფარი - ბალახი და ჯუჯა მცენარეები.

25 აპრილს, საღამოს გაჩენილ ხანძარს 80 მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

პუტინი ჩინეთის ლიდერებს აცნობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან თავისი შეხვედრის დეტალებს

კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში. 2019 წ. 25 აპრილი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინში იმყოფება, რათა ჩინეთის ლიდერებს გააცნოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დეტალები. მისი თქმით, მას ასევე სურს აშშ-სთან მოლაპარაკებების შესახებაც საუბარი.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიით 26 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ კიმ ჩენ ინმა პუტინი ფხენიანში დაპატიჟა, რაზეც თანხმობა იქნა მიღებული. თარიღები არ დაუსახელებიათ. მიმომხილველთა აზრით, ამ დიპლომატიურმა ნაბიჯებმა შესაძლოა გაზარდოს რუსეთის როლი და გავლენა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებებში. ჯერჯერობით ტრამპსა და კიმს შორის მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

ტრამპს სურს რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების სფეროში ახალი ხელშეკრულებების დადება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციას დაავალა რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების სფეროში ახალი ხელშეკრულებების პროექტი შეიმუშაოს. ამის შესახებ The Washington Post-ი და CNN-ი იტყობინებიან წყაროებზე დაყრდნობით.

ამგვარად, მედიის ცნობით, ტრამპი შეეცდება შეზღუდოს რუსეთის ბირთვული შეიარაღების გამოყენება, რაც ამჟამად არაა ხელშეკრულებებით რეგულირებული, და ასევე შეაკავოს და შეამოწმოს ჩინეთის პოტენციალი. CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპმა მიანიშნა, რომ შეიარაღებაზე კონტროლი უნდა მოიცავდეს რუსეთს და ჩინეთს, მთელს შეიარაღებას, ყველა ქობინას და ყველა რაკეტას. ასეთი შეთანხმების მიღწევის გეგმებზე ტრამპმა ჯერ კიდევ იანვარში ილაპარაკა ერისადმი მიმართვაში.

ინიციატივა საწყის სტადიაში იმყოფება: თეთრ სახლში ჯერჯერობით მხოლოდ ამზადებენ ტრამპის დავალების შესრულების შესაძლო ვარიანტებს, იტყობინება The Washington Post-ი.

უკრაინის მოქალაქე ქალი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

ქართველმა სამართალდამცავებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი.

საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოსული ქალის შესახებ ცნობილი გახდა 19 აპრილს, როცა ბავშვები ინტოქსიკაციის დიაგნოზით აღმოჩნდნენ ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში. ეჭვი იმან გააჩინა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული. თავად ქალი აცხადებდა, რომ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 26 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 25 აპრილს დააკავეს ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა, არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.“

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში.

გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე. მსგავსი დანაშაული 14-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

უკრაინა რუსეთის მცოცავი ანექსიის შეჩერებას ითხოვს

უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ელჩენკო გამოდის უშიშროების საბჭოს სხდომაზე

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ჩაერიოს კონფლიქტში, რომელიც გამოიწვია პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებამ უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ გამარტივებული წესით მისცეს რუსეთის მოქალაქეობა.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ელჩენკომ გაეროს მოუწოდა რეალური მოქმედებებისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

უკრაინელმა დიპლომატმა გაერო გააფრთხილა რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის საფრთხეზე და განაცხადა, რომ უნდა აღიკვეთოს მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარება.

თავის მხრივ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება განაპირობა უკრაინის ამ რეგიონებში ცხოვრების გაუსაძლისმა პირობებმა.

ნებენზიას მტკიცებით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი პუტინის განკარგულებამდეც ითხოვდა რუსეთის მოქალაქეობას. ნებენზიას ინფორმაცით, 2014 წლიდან, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთს მოქალაქეობის მისაღებად მიმართა უკრაინის 330 ათასზე მეტმა მოქალაქემ.

უკრაინის მოთხოვნით 25 აპრილს გამართული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

სხდომის შემდეგ გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და პრეზიდენტ პუტინის განკარგულება დაგმეს. მათი შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების და კონფლიქტით დაზარალებულთათვის მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნებს.

24 აპრილს გამოქვეყნდა პრეზიდენტ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულს უწოდებს და მიზნად ასახელებს ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთოსური და დნესტრისპირეთის სცენარებით პასპორტების უკანონოდ გაცემა არის რუსეთის მცდელობა გაამართლოს და ლეგიტიმაცია გაუკეთოს ოკუპირებულ დონბასში სამხედრო ძალით ყოფნას.

პოროშენკომ რუსეთი დაადანაშაულა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაში, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფასა და მინსკის შეთანხმების დარღვევაში.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტად არჩეული შოუმენი და პროდიუსერი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე დღით თურქეთში გაემგზავრა.

ზელენსკიმ ფეისბუქზე დაწერა, რომ საჯაროობის შეთანხმებიდან გამომდინარე ყველას ატყობინებს, რომ ბავშვები მიჰყავს ყოველწლიურ ფესტივალზე „ვესელო“ და ორ დღეში დაბრუნდება.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი იმასაც წერს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს მისი პირველი უქმე დღეებია.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, ფესტივალი „ვესელო“ ზელენსკის მიერ დაფუძნებული სტუდიის „95 კვარტლის“ პროექტია და წელს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში ტარდება.

დაკავებული სუსლიაკის ადვოკატი: სახლი ვუქირავე წყნეთში, სამი ძიძაც მოვუძებნე, აქ უნდა ჩამოსულიყო

ათი ბავშვის თანმხლები ქალი, უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაკავების ფაქტი მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ადვოკატი იმედოვნებს, რომ დეტალებს თავად იულია სუსლიაკთან შეხვედრის დროს გაარკვევს.

„ბოლო კომუნიკაცია გუშინ, საღამოს 9 საათზე მქონდა. მე მას ვუქირავე კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი წყნეთში, სამი ძიძაც მოვუძებნე. უკვე ბავშვების საავადმყოფოდან გამოწერაზე იყო საუბარი. იულიამ მითხრა - ნივთებს ვალაგებ და თბილისში მოვდივართო. ამ დილით მას უკვე წყნეთში უნდა შევხვედროდი. ბავშვები სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა. რა მოხდა, არ ვიცი“, - ამბობს ზურაბ თოდუა.

მისი თქმით, სახლის ქირისა და ძიძების ხარჯები უნდა დაეფარა იულია სუსლიაკის მეუღლეს, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის მტკიცებით, ბავშვები მისი შვილები არიან და ის მათთან ერთად ოჯახის მამასთან, აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.

19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. შემდეგ, რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან. ამის დასამტკიცებლად, ადვოკატ თოდუას თქმით, 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა. უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი). შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის სწრაფად დასრულებას ემხრობა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრისკენ გზის დაკეტვას.

სააგენტო „ტრენდ“-ს მოჰყავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ლეილა აბდულაევას კომენტარი, რომლის თანახმად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს მრავალ ისტორიულ-არქიტექტურულ ობიექტს, რომელიც 25 კილომეტრზე, ფერდობებზეა გაშლილი და აქ გადის ორ მონაკვეთად გაყოფილი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი.

აბდულაევას განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა მიმდინარეობს არსებული ორმხრივი ფორმატების ფარგლებში და ეფუძნება შესაბამისი საერთაშორისო პროცედურებით დადგენილ პრაქტიკას.

ლეილა აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის ემხრობოდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას და მზად არის ამ პროცესის უახლოეს ხანში დასასრულებლად.

25 აპრილს, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ გადაადგიელბა შეზღუდეს და იქ არც სასულიერო პირებს უშვებენ. იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მყისიერად მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელმაც დაკეტილი პუნქტი გახსნა.

ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეფერხებული იყო სამთავრობო კომისიებში ცვლილებების გამო.

26 აპრილს დილით, არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ უდაბნოს მონასტერთან ზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაკეტილი მონაკვეთი გახსნილია და მომლოცველებს და ტურისტებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს

მუსლიმ ხუჩიევი

აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მუსლიმ ხუჩიევს და მისი ოჯახის წევრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიზეზად ასახელებს ეუთოს გამოძიებას, რომელიც ეხება ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფას, უკანონოდ დაკავებას, წამებას, გაუჩინარებას და სასამართლოს გარეშე დასჯას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხუჩიევს უშუალო კავშირი აქვს ადამიანების წამებასთან.

აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევასთან კავშირის მქონე ყველა პირს, მათ შორის, ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარეს.

მუსლიმ ხუჩიევი ჩეჩნეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის გროზნოს მერი იყო.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლოკალიზებულია გუდამაყრის ხეობის ტყეში 25 აპრილს საღამოს გაჩენილი ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მასში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის ზონაში ვერ მოხერხდა სახანძრო ავტომანქანებით შესვლა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია.

ფეისბუკი მონაცემთა დაცვის უფლების დარღვევისთვის ხუთ მილიარდ დოლარიანი შესაძლო ჯარიმის გადახდისთვის ემზადება

მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი, ფეისბუკი აცხადებს, რომ ემზადება შესაძლო ხუთ მილიარდ დოლარიანი ჯარიმის გადასახდელად.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გამოიკვლია, დაარღვია თუ არა ფეისბუკმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის უფლებები. ქსელმა განაცხადა 24 აპრილს, რომ სამი დოლარი აქვს მომზადებული შესაძლო ფულადი ჯარიმების დასაფარად, თუმცა პრობლემა არ არის "მოგვარებული".

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გამოიკვლია, დაარღვია თუ არა ფეისბუკმა მომხმარებლებთან 2011 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად, მან პირობა დადო, რომ პირად გამოუქვეყნებელ მონაცემებს ყოველ ჯერზე ცხადი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადასცემდა.

ამ უფლების დარღევის შესახებ ცნობილი გახდა, როცა „კემბრიჯ ანალიტიკას“, რომელიც მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის და სხვების კამპანიას პოლიტიკურ ინფორმაცის აწვდიდა, წვდომა ჰქონდა 87 მილიონი ათასი ადამიანის მონაცემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ, კერძო ხასიათისაა.

გუდამაყრის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე 20-მდე მეხანძრე აქრობს

გუდამაყრის ხეობაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოდებულ ცეცხლს ამ დრომდე ებრძვის 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ცეცხლი ბალახსა და ჯუჯა ხეებს მოეკიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის სრულად ჩაქრობას ისიც ართულებს, რომ ადგილი ძნელად მისადგომია, სადაც სამაშველო მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ. ამიტომ მეხანძრეები ამ ეტაპზე ცეცხლს სპეციალური ხამძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ებრძვიან.

ხანძარია მთის წვერზეა გაჩენილი.

პუტინმა უარყო თავისი გეგმის კრიტიკა, მიანიჭოს უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო საერთაშორისო კრიტიკა თავისი გადაწყვეტილების მიმართ, გაუადვილოს რუსეთის მოქალაქეობის მიღება უკრაინელებს, რომლებიც პრორუსულ სეპარატისტთა ხელში მყოფ აღმოსავლეთის რეგიონებში ცხოვრობენ.

ვლადივოსტოკში, სადაც პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა, 25 აპრილს, მან განაცხადა, რომკიევის რეაქცია „უცნაურად“ მოეჩვენა. მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ევროპის კავშირის წევრს ქვეყნებში, როგორებიც რუმინეთი და უნგრეთია, სადაც მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ მონათესავე ეთნიკურ ჯგუფს მოქალაქეობას ანიჭებენ.

პუტინის დეკრეტმა გამოიწვია სწრაფი და ბრაზიანი რეაქცია კიევში, აშშ-ში, ბრიტანეთში და ევროპის კავშირში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას უწოდა „აგრესია და ჩარევა“ კიევის საქმეებში.

ერთმა დასავლელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსკოვის ქმედება „ ერთობ პროვოკაციული ნაბიჯია“, რომელიც ძირს უთხრის ვითარებას რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პუტინის დეკრეტი „დარტყმაა სამშვიდობო პროცესისთვის“. გაეროს წარმომადგენლობამ უკრაინაში განაცხადა, რომ კიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა მოიწვიოს სხდომა, რათა განიხილონ რუსეთის თავხედური გადაწყვეტილება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედება „ერთობ პროვოკაციულია აქტია, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს".

ილია მეორე: ჩვენ უფრო ვთხოულობთ, მაგრამ გვავიწყდება მადლობის თქმა

„საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას, დიდი ხუთშაბათის წირვის დასრულების შემდეგ.

ილია მეორემ ყველას მიულოცა წმინდა ზიარების მიღება და თქვა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, როდესაც მაცხოვარმა აზიარა მოციქულები და მათ შორის აზიარა იუდა ისკარიოტელი.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატარიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 25 აპრილს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. წირვის შემდეგ სრულდება ფეხთბანვის რიტუალი - ილია მეორე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა.

პუტინი: ფხენიანს „გარანტიები“ სჭირდება თავისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტამდე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთი კორეის ლიდერთან თავისი პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფხენიანს თავისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტამდე სჭირდება „უსაფრთხოების გარანტიები“.

პუტინმა დასძინა, რომ ასეთი გარანტიები შეთავაზებულ უნდა იქნეს საერთაშორისო ჩარჩოში. პუტინმა ეს განაცხადა ვლადივოსტოკში ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთდღიანი სამიტის შემდეგ.

კიმმა განაცხადა, რომ მას „ძალიან მნივშნელოვანი“ საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზდენტთან. 25 აპრილის სამიტი უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა.

ორი ლიდერის დახურულ კარს მიღმა საუბარი ეხებოდა კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გაუმჯობესებას.

კიმმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს ორმხრივ ინტერესებზე დაგანიხილეს მშვიდობიანი მოგვარების გზები.

პუტინის და კიმის შეხვედრა შედგა აშშ-თან ფხენიანის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, როცა განიხილეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან განთავისუფლების თემა. შეხვედრას შედეგი არ მოჰყვა, რადგან ფხენიანმა სანაცვლოდ მოითხოვა მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება, რასაც ვაშინგტონი არ დაეთანხმა.

ლევან მიქელაძის ხსოვნას ლექცია მიეძღვნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ცნობილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ.

„ლევან მიქელაძემ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების პირველ ეტაპებზე. მან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ლექციებით კიდევ ერთხელ დავაფასებთ მის ამ დიდ ღვაწლს... მომავალში ეს ტრადიციად იქცევა - ცალკეული ლექციების ანდა ლექციათა ციკლის სახით.

დღევანდელი ლექციის თემაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის მიმოხილვა-ანალიზი. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ლევან მიქელაძეს ამ მხრივაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს გაწეული. ამ კედლებში იგი გახლდათ პირველი ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორმა, არჩილ გეგეშიძემ.

25 აპრილს ლექციას წაიკითხა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან დოლიძემ. სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ბრეგვაძე და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი არჩილ გეგეშიძე.

შრი ლანკაში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი თვითმკვლელის მილიარდერი მამა

სავარაუდო თვითმკვლელი თავდამსხმელი შედის ნეგომბოს სან სებასტიანეს ეკლესიაში 2019 წლის 21 აპრილს

შრი ლანკის ხელისუფლებამ გამოაცხადა ადგილობრივი მილიარდერის, მოჰამედ იბრაჰიმის დაკავების შესახებ. ის მამაა ორი თვითმკვლელის, რომლებმაც განახორციელეს აფეთქებები 21 აპრილს.

ამის შესახებ CNN-ს შეატყობინა პოლიციის წარმომადგენელმა. ბიზნესმენი და შრი ლანკიდან სუნელების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ეჭვმიტანილია ტერორიზმში ეჭვმიტანილებისთვის დახმარებაში. პოლიციის წარმომადგენელმა თქვა ასევე, რომ სავარაუდოდ, იბრაჰიმის მთელი ოჯახი დაკავებულია.

დაუდგენელია ადგილმდებარეობა მუსლიმი მქადაგებლის, ზაჰრან ჰაშიმისა, რომელსაც ხელისუფლება ტერაქტების ორგანიზატორად მიიჩნევს.

შრი ლანკის პარლამენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის სპეცსამსახურმა 4 აპრილს გაფრთხილეს შრი ლანკელი კოლეგები შესაძლებელი ტერაქტის შესახებ. დღემდე დაუდგენელი მიზეზით, შრი ლანკის უშიშროების სამსახურებმა სათანადო ზომები არ მიიღეს. პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ტერაქტების შემდეგ გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი და გადაიდგა ნაბიჯები პოლიციის მთავარი ინსპექტორის განთავისუფლების მიზნით.

აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ შრი ლანკაში ტერაქტების საფრთხე შენარჩუნებულია. 21 აპრილს რვა აფეთქება მოხდა შრი ლანკაში, სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში. შრი-ლანკის პოლიციის ცნობით, აღდგომის კვირა დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 359-ს მიაღწია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". დაჭრილია სულ მცირე 500 ადამიანი. პასუხისმგებლობას აკისრებენ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ჯამაათ ათ-თაუხიდ ალ-ვათანიას. თავის პასუხისგებლობა გამოაცხადა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“.

საგარეო უწყება: დავით გარეჯში პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებულია

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად მიმართა აზრბაიჯანის ხელისუფლებას და თან და ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას ის პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო.

მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, იყოს უფრო ინტენსიურად წარმართული” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი განმარტებით, პროცესი შეფერხებული იყო "კომისიებში არსებული ცვლილებების გამო" - კომისიაში ცვლილებები უკვე განხორციელდა აზერბაიჯანის მხარემ, ხოლო საქართველოს მხარეს ამ საკითხზე მსჯელობა უახლოეს დღეებში ექნება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 აპრილს გავრცელდა. როგორც დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე უკვე აღარც სასულიერო პირებს უშვებენ.

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო.

მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 აპრილს 19 პატიმარი შეიწყალა.

ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებულიც.

„სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვა

Georgia -- Tchiaberashvili Bokeria cover

„მე გამოვედი "ოცნების" ხაფანგიდან. სამწუხაროდ, 40 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებს მთავრობამ არჩევანი წაართვა“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ის ვერ ანდობს ფულს „კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც „ქართული ოცნებაა“.

„იდეალური მთავრობაც რომ იყოს, თვითონ ეს სქემა მანკიერია და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ "ევროპული საქართველოს" მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს, რომ საპენსიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე "ქართული ოცნების" ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ 40 წელს ქვემოთ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ“, - უთხრა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჭიაბერაშვილთან ერთად „ევროპული საქართველოს" კიდევ ორმა წევრმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დატოვეს. მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის უნდობლობა ამ სისტემის მიმართ.

კობახიძე: „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. უდოს კომისიამ ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწვეტილება საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო:

„ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს“, - ასე უპასუხა კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ „უდოს“ კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანოა, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკური დისკუსიისგან. ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე „უდოს“ კომისიამ უარი უთხრა. ამ საკითხზე კომისიამ 11 აპრილს იმსჯელა.

ეკა ბესელია მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს

ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მან მიმართა კანონპროექტზე მომხსენებლებს, ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლით. მუხლი კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნების პროცედურას არეგულირებს.

„რეგლამენტში წერია, რომ მომხსენებელმა ან თანამომხსენებელმა პლენარულ სხდომაზე უნდა დასვას საკითხი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების თაობაზე...ვისაც უნდა ესმის და ვისაც უნდა ხედავს და ვისაც უნდა არ ესმის და ვისაც უნდა არ ხედავს როგორი კრიტიკულია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები. იმიტომ, რომ არ არის გაზიარებული ამ პროექტში 10 რეკომენდაციიდან ერთ-ნახევრის გარდა. ანუ რვა-ნახევარი არის გაზიარებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს არა საკომიტეტო სხდომაზე, არამედ პლენარულზე: „ამ საკითხის არა მხოლოდ განხილვა, დაყენებაც კი არის შესაძლებელი, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მხრიდან დასაბუთებულობის შემთხვევაში, სესიაზე კანონპროექტის განხილვისას, მსჯელობისას. კი ბატონო, თქვენი განცხადება ჩვენ შეგვიძლია დეკლარირებულად მივიღოთ“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები. პაკეტზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG