Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ლიტვაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვილნიუსში შეხვედრისას საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვილნიუსის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად ლიტვის პრემიერ-მინისტრის სახელით გაიმართა ოფიციალური სადილი, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. დღესვე პრემიერ-მინისტრი შეხვდება ლიტვის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სეიმის ევროპული კლუბის წევრებს. ვილნიუსიდან საქართველოს დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG