Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილი აცხადებს, რომ არ ეძლევა ოჯახთან სატელეფონო საუბრის საშუალება


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი იზოლატორში მყოფი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და მათთან სატელეფონო საუბრის საშუალება არ ეძლევა. „უფრო მეტიც, არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო ჩემს მშობლებს ან მეუღლეს. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მე ოჯახთან შეხვედრას თუ ტელეფონით საუბარს კანონმდებლობა მიკრძალავს. კანონის მიხედვით პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ან ციხის ადმინისტრაციას შეუძლია დამრთოს ნება ვისარგებლო აღნიშნული უფლებებით. თუმცა, მიუხედავად ჩემი ადვოკატების არაერთი მიმართვისა, აღნიშნული უწყებები თავს იკავებენ პასუხის გაცემისგან", - ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", მის გვერდზე გამოქვეყნდა. მერაბიშვილის შეფასებით, მსგავსი ქმედება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების და ზოგადად პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG