Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი ტერნერი კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის წევრთან, თედო ჯაფარიძესთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკლ ტერნერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ იმეორებს შეშფოთებას საქართველოში დევნის, შევიწროების და ძალადობის შესახებ ცნობების გარშემო. ტერნერი - რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს - ავტორი იყო შესწორების აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. კონგრესმენის მიერ 24 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ჩემი შესწორება, რათა მოეხდინა ჩემი კოლეგების ერთობლივი შეშფოთების დემონსტრირება იმის თაობაზე, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია დამძიმებულია ცნობებით დევნის, შევიწროების და ძალადობის შესახებ. საქართველოს კონგრესში ბევრი მოკავშირე ჰყავს, რომლებიც მოელიან, რომ ახლადარჩეული მთავრობა შესძლებს ისე მუშაობას, როგორც ძლიერი დემოკრატია. დევნის, შევიწროების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია. დემოკრატიულ ინსტიტუტებს იმ ღირსებით და პატივით უნდა მოექცნენ, რომელსაც ქართველი და ამერიკელი ხალხი მოელის. ეს არის ის ძლიერი შეტყობინება, რომელიც მე გასულ კვირაში გადავეცი ქართულ დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა“. თავდაცვის ავტორიზაციის აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გასულ თვეში მიიღო. ტერნერის მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ „გაატარა ზომების სერია ყოფილი ოფიციალური პირების და ამჟამინდელი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებითაა განპირობებული“. შესწორების მიხედვით, ვითარების გაუარესებამ „შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს თანამშრობლობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის. „სივილ ჯის“ თანახმად, საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცდილობენ ეს შესწორება ამოღებულ იქნეს თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან მანამ, სანამ წლის ბოლოს დოკუმენტის საბოლოო ვერსიას წარმომადგენელთა პალატის და სენატის კონფერენციაზე დაამტკიცებენ.
XS
SM
MD
LG