Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა დღეს მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს


რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს გამოაცხადებს ამნისტიას რუსეთის კონსტიტუციის მიღებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დუმაში შეტანილი კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 დეკემბერს მიიღეს. დღეს საკანონმდებლო კომიტეტი განიხილავს კანონპროექტში შესწორებებს და შემდეგ დეპუტატებს კენჭისყრისთვის შეთავაზებს დოკუმენტს. სამშაბათს ფრაქციებმა - „სამართლიანმა რუსეთმა“, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ“ და „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ამნისტიის გაფართოების წინადადება წამოაყენეს. მემარცხენე პარტიები მოითხოვენ „ბოლოტნის საქმეში“ ყველა ბრალდებული პირის გათავისუფლებას, ლიბერალ-დემოკრატები კი მოითხოვენ ეროვნული შუღლის გაღვივებაში ბრალდებულების ამნისტიას. პროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება მათ, ვინც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, არაძალადობრივი დანაშაულის გამოა მსჯავრდებული, ან ვისი მსგავსი კატეგორიის საქმეც ძიებაშია. ამნისტია ვრცელდება აგრეთვე არასრულწლოვნებზე, ინვალიდებზე, პენსიონერებზე, ორსულ ქალებსა და არასრულწლოვანი შვილების დედებზე. მოელიან, რომ ამნისტია შეეხება „ბოლოტნის საქმეზე“ ბრალდებულთა ნაწილს, „გრინპისის“ გემ „არქტიკ სანრაიზის“ ეკიპაჟსა და პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრებს. უფლებადამცველებმა და ოპოზიციამ ამნისტიის პროექტი გააკრიტიკეს, რადგან ის არასაკმარისად ფართოდ ჩათვალეს. ამნისტიის შესახებ დადგენილება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, სავარაუდოდ - ხუთშაბათს, ან პარასკევს.
XS
SM
MD
LG