Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციამ თბილისში შეხვედრები გამართა


თბილისს სტუმრობდა აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრების დელეგაცია, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერებთან. დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკელი სენატორები ჯეიმს ინჰოფი და ჯონ ბუზმანი, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ანდერ კრენშოუ და სტივ პირსი და კონგრესის დემოკრატი წარმომადგენელი, ენ კირკპატრიკი. ამერიკელმა კანონმდებლებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელთან. მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებამდე დელეგაცია ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა. თავის განცხადებაში ჯეიმს ინჰოფმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მცდელობა გაზარდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი. სენატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მისწრაფებას ნატოში და მადლიერება გამოთქვა საქართველოს მიერ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის. „ჩვენ მსოფლიოში არ გვყავს საქართველოზე უკეთესი მეგობარი" - განაცხადა ინჰოფმა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, კანონმდებლების ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG