Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება ეხმაურება რაიან გრისტის დანიშვნას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო, რომ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნის საკითხზე. ამ თანამდებობაზე გრისტის დანიშვნამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან 2008 წელს ეუთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობისას მან ცხინვალზე თავდასხმაში საქართველო დაადანაშაულა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ ევროკავშირთან 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულება არ გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის მისიის ამა, თუ იმ წევრის დანიშვნის შეთანხმებას და შესაბამისად, სამინისტროს ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. „აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ინსინუაცია და ბრალდება, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა, არის უსამართლო და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“- განაცხადა ხალკალიანმა. მან განმარტა, რომ მხედველობაში ჰყავს ყოფილი დიპლომატები, რომლებმაც თავად იციან, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სამინისტროს ხელი არ მიუწვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებითვე, გასათვალისწინებელია საკითხის მთლიანი კონტექსტი და აუცილებელია ფრთხილი შეფასებები, რადგან ევროკავშირს საქართველოში ჰყავს უმნიშვნელოვანესი და საერთაშორისო მანდატის მქონე ერთადერთი მისია. ამასთან, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რაიან გრისტის საკითხი ამოწურული არ არის და სამინისტრო ყველას მოუწოდებს, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ. „საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ორივე მხარისთვის მისაღები, რაც არ დააზარალებს არც ევროკავშირთან ურთიერთობას და არც საქართველოს ინტერესებს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
XS
SM
MD
LG