Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რანიც ვართ, სადღაც ხომ მივდივართ...


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

როგორი ბუნებისა ვართ ქართველები? როგორი ხასიათისა, მიდრეკილებებისა, ნიჭისა თუ თვისებებისა? შევეცდები, ყოველივე ამაზე და ამასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, პუბლიკაციის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ გადმოვცე ჩემი მოსაზრებანი. რატომ მივედით ასეთ უბადრუკ ყოფამდე, რამ დაგვაკნინა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი, მრავალი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ, სრულიად სხვადასხვა თვალთახედვიდან, და მაინც ვერ მივიდეთ საერთო დასკვნამდე.
ათასობით წიგნი თუ სტატია, ნარკვევი თუ ნაწარმოები არის დაწერილი საქართველოზე, ქართველებზე. შედეგად რა? გაკვეთილები თუ იქნა შესწავლილი? ბრძენთა რჩევა - დარიგებანი გათვალისწინებული? არა და არა. რისი შედეგიცაა გახლეჩილი და გაღარიბებული ქვეყანა, საშოვარზე გადაგებული მოსახლეობა და ა.შ. და ა.შ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევქმნათ ძლიერი ანალიტიკური ინსტიტუტი და ვიპოვოთ პასუხები ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, კონკრეტული, დინამიური, არადემაგოგიური. შევიმუშაოთ მოქმედების ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმები, რომელსაც ყურად იღებს, აანალიზებს, იყენებს თავის საქმიანობაში და მოჰყავს მოქმედებაში ხელისუფლებას, ქვეყნის ნათელი მომავლის პერსპექტივით. ზღაპრული ამბავია. „მოვიდა სიგნალი“ - ტელევიზიებმა და სხვა მედია-საშუალებებმა „წითელ ნიშნულს“ გადააცილეს, ისინი ფსიქიკურ შეტევაზე გადავიდნენ (დაუსრულებელი რეკლამები, მოზღვავებული „ვარსკვლავები“, წარმატებული, მაღალხელფასიანი პერსონების გაუთავებელი დებატები, გაჭირვებული თანამოძმეებისა თუ თანამემამულეებისათვის არაფრისმომცემი პოლიტგარჩევები თოქ-შოუების სახით, მათი გართობანი და სხვა), ენერგეტიკულ ვამპირებად იქცნენ და მოსახლეობას აავადებენ. საჭიროა ზომების მიღება მედიისათვის პროვინციალიზმის მოსაშორებლად, მის მოსაქცევად ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში, ისე, როგორც ევროპაშია მიღებული. ან კიდევ, არც ერთ ქვეყანაში არ იწყევლებიან ისე და იმდენს, რამდენსაც საქართველოში. ეს დამღუპველია, შეიქმნა უარყოფითი ე.წ. აზრფორმა, რომელიც გარს უვლის ქვეყანას, დეპრესიაში აგდებს მის მოსახლეობას, უიღბლოს ხდის მას. ერთი სიტყვით, კარგი იქნებოდა სოლიდური ანალიტიკური ინსტიტუტის დაფუძნება კომპეტენტური სპეციალისტებით, საქმის ნამდვილი გულშემატკივრებითა და სამშობლოს ერთგული თანამშრომლებით.
მოდით, ახლა შეძლებისდაგვარად მოვუხმოთ კაცობრიობის მიერ დაგროვილ სიბრძნეს - ბიბლიას, ასტროლოგიას და პუბლიკაციის დასაწყისში დასმულ კითხვებზე ასევე მოკლე პასუხის გაცემა ვცადოთ. „ხალხის ისტორიის გადაწერას აუცილებლად მოჰყვება მისი მომავლის შეცვლა. ისტორია სჯის მისი გაკვეთილების არცოდნისათვის“, ამბობენ ბრძენი კაბალისტები. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ექნება ამ საკითხში „ცოდვები“, რაც უნდა მოწესრიგდეს, რათა ჩვენი „დასჯის“ ერთ-ერთი საფუძველი მოიხსნას.
ქვეყნის ასტროჰოროსკოპის მიხედვით, ქართველი კაცი თავისებური ბუნებისაა. მისთვის დამახასიათებელია მოჭარბებული ეგოიზმი და ლტოლვა ხელისუფლებისაკენ. უყვარს დაყრდნობა არა ფაქტებზე, არამედ საკუთარ წარმოდგენებზე. ხშირად კარგავს ჭეშმარიტების გრძნობას, როდესაც ყურადღების მიღმა ტოვებს ამბების, მოვლენების დეტალებს - ლოგიკური აზროვნების საფუძველს. ქართველები კარგად გამოხატავენ საკუთარ აზრს და ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. უყვართ საეკლესიო მსახურებაში ჩაბმა, მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოებრივი კონტროლის ორგანოებში, განსაკუთრებით კი მთავრობაში. ქართველები ისწრაფვიან, მიაღწიონ ავტორიტეტსა და თანამდებობას, თუნდაც კორუფციისა და თვალთმაქცობის გზით. უყვართ სხვისთვის მორალის კითხვა და საუბარი იმაზე, რაც ყველამ იცის. ზოგჯერ ისე არიან დაკავებულნი მაღალი მიზნებითა და იდეალებით, რომ ავიწყდებათ ახლოს მყოფნი, თანამოძმენი, ელემენტარული რამ. მათ რელიგიისადმი ღრმა თაყვანისცემა ახასიათებთ. მიდრეკილნი არიან ფულით დახარბებისაკენ. როგორც წესი, იღებენ მკაცრ აღზრდას, ტრადიციულები არიან, რაც აჩლუნგებს ნიჭს. თუ უფროსები გახდნენ - აკრიტიკებენ და ამცირებენ სხვათა აზრებს, არაფრად აგდებენ მას. ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარული იციან, უყვართ არტისტულად მოქცევა. უყვართ ძვირადღირებული, დიდებული დღესასწაულები. ქალები ხშირად პრიმადონები, სურთ, რომ მათით იყვნენ აღტაცებულნი, იყვნენ ყურადღების ცენტრში. აქვთ დრამატული, აქტიორული ნიჭი.
ქართველები ნიჭიერები არიან, განსაკუთრებით ხელოვნების დარგში, გამოხატვის კარგი სტილი აქვთ. ამჟამად ამით შემოვიფარგლოთ. აი თუნდაც, არასრული ნუსხა საქვეყნოდ ცნობილი, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხელოვანებისა: ზურაბ წერეთელი, თამარ გვერდწითელი, ანტონ სიხარულიძე, ნიკოლოზ ცისკარიძე, ქეთი მელუა და ბევრი სხვა უნიჭიერესი ხელოვანი. მსოფლიოში რომელ ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერს ჰყავს ამდენი საამაყო შვილი?
ეს მოკლე მიმოხილვა ქვეყნისა, მისი მოსახლეობისათვის დამახასიათებელი თვისებებისა, იმედია, გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის, მკრთალ კონტურებს მოხაზავს მრავალი შეკითხვის პასუხად, შეიძლება მოგვცეს მიმართულება, რა გზით ვიაროთ, რაზე გავაკეთოთ აქცენტები, სად არის ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები და სხვა. ზემოთ ისიც ვთქვით, რომ ქართველები ავტორიტეტის მოყვარული ხალხია. ჰოდა, მსოფლიოში რომელ დიდ თუ პატარა ერს ჰყავს ამდენი „კრიმინალური ავტორიტეტი?“
„საზოგადოება განსაზღვრავს ადამიანის ფასეულობებს. უნდა მოხდეს ის, რაც უნდა მოხდეს. ყველა ფასეულობანი, რომლებმაც არ ჰპოვეს გზა ცხოვრებაში, სინამდვილეში არავითარი ფასის მატარებლები არ არიან“, ნათქვამია ბრძენთა მიერ. ჩვენი - ქართველების უმთავრესი მისიაც ეს უნდა იყოს, დადებითი თვისებების გააქტიურებით, „ყველა ფასეულობას ვაპოვნინოთ გზა ცხოვრებაში.
ქვეყნის განვითარების სწორი გეზის ასაღებად, მოსახლეობის კეთილდღეობის მისაღწევად, ევროპული ღირებულებების ასათვისებლად, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ქართული ფენომენის შესწავლა. ამისათვის ასევე აუცილებელია ჩვენი მეზობლების, მათგან მოსალოდნელი საფრთხეების თუ სიკეთის, ისტორიის გაკვეთილების ზედმიწევნით შესწავლა. ქვეყნის კარმიული შემადგენელი, სიმბოლოების ანალიზი, ასტროლოგიური ხედვა ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და მის საფუძველზე მოვლენების პროგნოზირება და ა.შ. სხვა რა გზა გვაქვს, ბედმა ასე ინება, ასეთ გარემოში აღმოვჩნდით, გეოპოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის რუსეთის იმპერიის ორბიტაზე, ისტორიულად, წარსულიდან მოყოლებული მტრულ გარემოცვაში და კიდევ ბევრი რამ.
პუბლიკაციის ფორმატიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ ძალზედ მცირედია იმისა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG