Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა გამოაქვეყნებს თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიიღო საქართველოს პროკურატურამ. დასკვნის საჯაროდ გამოქვეყნებას პროკურატურა დღეს გეგმავს. მანამდე კი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული. ადვოკატის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნითვე, გვამის დათვალიერების ოქმში გამომძიებელს დაზიანებები არასრულყოფილად აქვს აღწერილი. შალვა თათუხაშვილი, რომელმაც 2006 წელს ჩატარებული, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ შედეგად სამი ადამიანის მკვლელობის გამო პროკურატურას კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, დაახლოებით 2 კვირის წინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ნაციონალური მოძრაობა აცხადებენ, რომ შალვა თათუხაშვილი სასურველი ჩვენების მისაღებად პროკურატურის გამომძიებლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG