Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი სიფხიზლისაკენ მოუწოდებს რუსეთის უშიშროების სამსახურს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმირ პუტინმა სიფხიზლისაკენ მოუწოდა უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექსტრემისტების თავდასხმების საფრთხის გამო და განაცხადა, რომ რუსეთში არ დაუშვებენ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებას „დესტრუქციული“ მიზნებისათვის, როგორც უკრაინაში. პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა ორშაბათს, უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას. „რუსეთის თანამედროვე კანონმდებლობა იძლევა ყველა პირობას არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალედ, თავისუფლად მოქმედებისათვის. მაგრამ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ მათ გამოყენებას დესტრუქციული მიზნებისათვის, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, როცა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების არხებით საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ ნაციონალისტური, ნეონაცისტური სტრუქტურები, მებრძოლები, რომლებიც იქცნენ სახელმწიფო ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მთავარ დამრტყმელ ძალად,“ - განაცხადა პუტინმა და უშიშროების სამსახურს დაავალა ასევე არქტიკაში რუსეთის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება. მისივე თქმით, წელს ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ, შუა აზიაში რუსეთის „მოკავშირეებს“ შესაძლოა, დასჭირდეთ მოსკოვის დახმარება რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG