Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ოთხშაბათს არ განიხილავს ანტი-დისკრიმინაციულ კანონპროექტს


დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ პროექტი პლენარულ სხდომაზე გასატანად მზად არ არის და მასზე მუშაობა ხვალ ან ზეგ განახლდება. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის ცვლილება შევიდა. კერძოდ, კანონში აღარ იქნება ჩამონათვალი კონკრეტული სფეროებისა, რომლებზეც სპეციალური დათქმა უნდა გავრცელებულიყო. მათ შორის იყო განათლება, მეცნიერება, დასაქმება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა, მედია, მართლმსაჯულება და ა.შ. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ აღმოიფხვრას აღქმა, თითქოს საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაძლოა „პროპაგანდის“ ადგილად გამოეყენებინათ. 29 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საპატრიარქოს და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ კანონპროექტში არ ყოფილიყო პუნქტები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ, რაზეც კომიტეტმა უარი თქვა. მან ასევე არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ სახალხო დამცველს სასამართლოს გზით ჰქონდეს დისკრიმინაციის ჩამდენი იურიდიული თუ ფიზიკური პირის დაჯარიმების მექანიზმი. ამ ინიციატივას კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ალტერნატიული წინადადების სახით დასვამს საპარლამენტო უმცირესობა.
XS
SM
MD
LG