Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტების სამიტი


საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის კავშირი რეგიონს აქცევს ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე თურქეთის პრეზიდენტმა. აბდულა გიულმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტების განხორციელებას. „ამ პროექტებს ადრე ოცნებად მიიჩნევდნენ, დღეს კი პირველი ორი უკვე რეალობაა, რკინიგზის პროექტი კი უახლოეს ხანში დასრულდება“, - განაცხადა აბდულა გიულმა. მისივე თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სურვილია, რომ რეგიონი ეკონომიკური განვითარების მაგალითად იქცეს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თბილისის სამიტზე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც დამყარებული იქნება საერთაშორისო, უნივერსალურ პრინციპებზე“, - განაცხადა აბდულა გიულმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება სწორედ ამ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისი ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მთელ რეგიონზე და შექმნილი ვითარება პოლიტიკური გზით, საერთაშორისო სამართლის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დაიძლიოს.

თბილისის სამიტს საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთხელ დემონსტრირება უწოდა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მისი შეფასებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა უნიკალურია, ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების ერთობლივი წარმატებული პროექტები კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობის გამოცდილება მისაღები და სამაგალითო იქნება სხვა სახელმწიფოებისთვისაც. „დღევანდელ სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მზად ვართ უზრუნველვყოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაც“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, შაჰდენიზის გაზსადენის ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მიმართულებები ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტად იქცევა. ილჰამ ალიევმა კოლეგებს შესთავაზა, რომ შემდეგი სამიტი აზერბაიჯანში გაიმართოს.

თბილისში დასრულდა სამიტი, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები და სამი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობდნენ. სამიტზე ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. დღესვე თბილისში გაიმართა პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილის, ილჰამ ალიევის და აბდულა გიულის შეხვედრა და მათი ერთობლივი ბრიფინგი. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, სამი ქვეყნის ისტორიული თანამშრომლობა გავლენას ახდენს მათზე და მთლიანად რეგიონის ეკონომიკაზე და საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. „ჩვენი თანამშრომლობა გავლენას ახდენს ათობით მილიონ ადამიანზეც აზიასა და ევროპაში, რომლებიც ჩვენი კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების შედეგებით სარგებლობენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, თბილისის სამიტზე საუბარი იყო უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზებს. „ამ პროექტების გაღრმავება და მათში კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა რეალურად უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG