Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური კომპანიების ნაწილი უარს აცხადებს რუსეთის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობაზე


რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კრიზისში მისი როლის გასაპროტესტებლად დასავლეთის რამდენიმე ათეულმა მსხვილმა კომპანიამ უარი განაცხადა სანკტ პეტერბურგში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობაზე. ფორუმი სამდღიანია და 22 მაისს იხსნება. გერმანიაში „დოიჩე ბანკმა“, „სიმენსმა“ და „ეონმა“ დაადასტურეს, რომ მათი ხელმძღვანელები არ მიიღებენ მონაწილეობას რუსეთში დაგეგმილ ყოველწლიურ ღონისძიებაში. ისინი უერთდებიან სამ ათეულ მსხვილ დასავლურ კომპანიას, რომელმაც უარით უპასუხა მიწვევას ბიზნეს-ფორუმზე, რომელზეც 23 მაისს მთავარი გამომსვლელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება. აშშ-ის მთავრობამ ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა არ მიიღონ მონაწილეობა სანკტ პეტერბურგის ფორუმში. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ოფისმა განაცხადა, რომ 19 მაისს მთავრობა შეხვდა გერმანიის კომპანიების ლიდერებს და მათ გააცნო გერმანიის პოზიცია უკრაინის კრიზისის მიმართ. მერკელის ოფისის თანახმად, გერმანიის მთავრობას არ მიუცია ბიზნესისთვის რეკომენდაცია რუსეთში დაგეგმილ ფორუმზე დასწრება-არდასწრების შესახებ. რუსეთის კომპანიები რიგი საინვესტიციო შეთანხმებების ხელმოწერას, ტრადიციულად, ყოველწლიურ ბიზნეს-ფორუმს ამთხვევენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG