Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი სასწრაფო სხდომის გამართვას სთხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიანი შეტაკებების ფონზე. როგორც იაცენიუკმა ჟურნალისტებს 22 მაისს უთხრა, კიევს სურს წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის ესკალაციას და 25 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელის შეშლას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებებს უკრაინის ცხრა სამხედრო ემსხვერპლა. პრესმდივნის თანახმად, რვა სამხედრო წუხელ დაიღუპა დონეცკის სამხრეთით, 20-მდე კილომეტრში უკრაინულ ბლოკ-საშუგაშოზე სეპარატისტების თავდასხმისას. ხოლო ერთი უკრაინელი მოკლეს მეზობელ ლუგანსკის რაიონში, სეპარატისტებთან ბრძოლისას. სააგენტო ასოშიეიტედ პრესი ბლოკ-საგუშაგოსთან 11 უკრაინელი სამხედროს დაღუპვაზე და 30-ის დაჭრაზე იუწყება. პარალელურად, ჩერნოგორიაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა 22 მაისს განაცხადა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროების გარკვეული მოძრაობები შესაძლოა გასვლისთვის მზადებას ნიშნავდესო. უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იარაღით დატვირთულმა რამდენიმე მატარებელმა და თვითმფრინავებმა, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებიან, დატოვეს ბელგოროდის, ბრიანსკის და როსტოვის რეგიონები.
XS
SM
MD
LG