Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კოალიციები და საარჩევნო ბლოკები საქართველოში


პოლიტიკურ სარბიელზე კავშირებისა და კოალიციების შექმნას თეორიები არეგულირებენ. გამოვყოთ 2 თეორია: რეალიზმი – რომლის მიმდევრებიც თვლიან,
რომ კავშირები და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტი დროებითი და კონკრეტული მიზნისთვის არის გათვლილი და იგი ოდესღაც აუცილებლად დაიშლება. იმ მიზეზის გამო, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები, ოდესღაც შესაძლოა ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ და მიზნებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შეეცილონ. არსებობს მეორე თეორიაც: იდეალიზმი – რომელიც ლიბერალურ პრინციპებიდან გამომდინარეობს და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კავშირების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი თვლიან, რომ ამით ინტერესთა კონფლიქტი შემცირდება და დაპირისპირების ალბათობაც ნაკლები იქნება. ბუნებრივია ეს თეორიები უფრო მეტად გათვლილია საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაზე, მაგრამ ალბათ, სრულიად არ იქნება შეცდომა, თუ მას საჯარო პოლიტიკაში გადავიტანთ.
ამ შესავლის შემდეგ, საქართველოში არსებული ვითარება განვიხილოთ. ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდისა და პოლიტიკური ბრძოლის დროს კოალიციების შექმნის დიდი გამოცდილება არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრის მიხედვით იყო ასეთი აღქმა ჩამოყალიბებული. რაც უფრო მეტი პარტია გაერთიანდება, მით უფრო ადვილია პოლიტიკური ბრძოლის სასურველი შედეგით დასრულება. ასე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, როცა ბურჯანაძე-სააკაშვილი-ჟვანიას გაერთიანებამ მათ გარშემო შემოკრიბა სხვა პოლიტიკური ძალებიც, ასევე მოხდა 2007 წელს, როცა “გაერთიანებული ოპოზიცია” შეიქმნა და შემდეგ დაიშალა. ოდნავ მოგვიანებით ჩამოყალიბდა “ალიანსი საქართველოსთვის”, სულ ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით კოალიცია “ქართული ოცნება” შეიქნა. რა თქმა უნდა, ეს ბოლო წლების განმავლობაში არსებული მსხვილი პოლიტიკური კოალიციების სახელებია, მაგრამ არსებობდნენ შედარებით ნაკლებად ცნობილი გაერთიანებებიც, თუმცა მათი საქმიანობის ხარისხიდან გამომდინარე, ამ პოლიტიკური კოალიციების სახელის დამახსოვრება საზოგადოებისთვის არც თუ ისე ადვილი იყო.

პოლიტიკური კოალიციისგან განსხვავებით, საარჩევნო ბლოკი ერთი კონკრეტული არჩევნებისთვის საგანგებოდ შექმნილი გაერთიანებაა. რომლის მიზანია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაციით, არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღება. საარჩევნო ბლოკი, როგორც წესი ერთი ან რამდენიმე წამყვანი პოლიტიკური ძალის ინიციატივით იქმნება. კოალიციისგან განსხვავბით, ხშირ შემთხვევაში ბლოკში არის გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგვარი ლოკომიტივის როლს ასრულებს საარჩევნო მარათონის პერიოდში. საარჩევნო ბლოკის სუბიექტებს საშუალება აქვთ ერთ “ყულაბაში” გააერთიანონ თითოეული პარტიის ფინანსები და ამით უპირატესობა მოიპოვონ კონკურენტებთან მიმართებაში. საარჩევნო ბლოკის წევრებს ასევე შეუძლიათ, შეთანხმებულად იმოქმედონ ცესკოშიც. კონკრეტულად კი, თუ ბლოკში შემავალ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ინდივიდუალუად ჰყავს საკუთარი კვოტით წარდგენილი წევრები ცესკოში, ბლოკის შექმნის შემთხვევაში, ყველა ეს წევრი იდეურად ერთიანდება და ატარებს ბლოკის ინტერესებს დაქვემდებარებულ პოლიტიკას. ეს ყველაფერი კი, განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით.
კოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტიკური ერთობაა, რომელიც 3 ძირითადი სუბიექტისა და კიდევ რამდენიმე ასოცირებული წევრისგან შედგება. როგორც სხვა გაერთიანებები, ეს უკანასკნელიც ოპოზიციურ ფრონტზე ჩამოყალიბდა. ქართული ოცნების წამყვანი ძალა მილიარდელი და ქვემოქმედი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” იყო. მიზნად კი სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა დაისახა. საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ერთ ბლოკად დარეგისტრირდა და 9 წლიანი წაუგებელი არჩევნების შემდეგ, ნაციონალი მოძრაობა დაამარცხა. 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად კოალიციამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და პარლამენტი უმრავლესობით დააკომპლექტა. ბუნებრივია კოალიციის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს მინისტრთა კაბინეტშიც წამყვანი თანამდებობები.
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანებულნი არიან პარტიები, რომლებსაც რიგ საკითხებთა დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. აქ მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ “თავისუფალი-დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” პოზიციათა სხვაობა ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით, ან კოალიციის წევრების განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
როგორც ზევით ავღნიშნე კოალიციების შექმნა პირობითი მოცემულობაა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მიზნის მიღწევის შემდეგ ის შეიძლება დაიშალოს. გაერთიანების დაშლა ზოგჯერ სრულიად ლოგიკურია და ადვილად იკითხება პოლიტიკურ ველზე. ის შეიძლება გამოიწვის როგორც მიზნის მიღწევამ, (მაგ: არჩევნების მოგებამ, ხელისუფლებაში მოსვლამ) ისე მარცხმა.
კოალიციების დაშლას ზოგჯერ პოლიტიკური რყევები მოყვება, რადგან ამ დროს პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლება ხდება.
ზოგჯერ კოალიციები მას შემდეგ იქმნება, როცა არჩევნები ჩატარდება და საკანონმდებლო ორგანო დაკომპლექტდება. საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ხშირად არჩევნების შემდეგ არცერთ პარტიას არ აქვს იმდენი მანდატი, რომ დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. ამ დროს, იმ პარტიებს შორის, ვინც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო, იწყება მოლაპარაკებები და იქმნება კოალიცია. როგორც წესი კოალიციური მდგომარეობა მოქმედებს როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინისტრთა კაბინეტს კოალიციაში შემავალი პარტიები იმ კვოტებით აკომპლექტებენ, რა პროპორციითაც არიან ისინი წარმოდგენილი როგორც კოალიციაში, ისე პარლამენტში. მინისტრთა პორტფელებიც კოალიციაში შემავალ პარტიათა კონკურენციის მიხედვით ნაწილდება. პოლიტიკური სისტემის ასეთი ფორმირება ნათლად ჩანს გერმანიაში.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და განვითარებადი პოლიტიკური ელიტებისთვის კოალიციური მთავრობები ჯერ კიდევ უცხო ხილია. რადგან პარტიული სისტემა არ არის იმდენად განვითარებული რომ კომპრომისებზე წასვლა შეძლონ მისმა წევრებმა.
ხშირად კოალიციური მთავრობების უარყოფით თვისებად იმასაც ასახელებენ, რომ ასეთ დროს ქვეყნის მართვა ფერხდება და რიგი საკითხების გადაჭრა დროში იწელება. ბრიტანეთის სიტის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი როზმერი ჰოლისი აღნიშნავს, რომ ისრაელს თითქმის ყოველთვის კოალიციური მთავრობები მართავდნენ. მისი თქმით, ამ გარემოების პირდაპირი შედეგი არის ის, რომ დღემდე გადაუჭრელად რჩება ორი უმთავრესი საკითხი – ეკონომიკა და პალესტინელების ბედი. ჰოლისი აღნიშნავს, რომ ისრაელის მოსახლეობის თითოეულ სეგმენტს საკუთარი გეგმა გააჩნია პალესტინური საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით.”
რაც შეეხება ქართულ პოლიტიკური სისტემას, ჩვენთან პარლამენტის მსგავსად, მთავრობაც კოალიციური პრინციპით არის დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა, “ქართული ოცნების” დაშლის შესახებ ვარაუდს, არაერთი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ადასტურებს, ვფიქრობ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. კოალიციის ერთიანობა მანამდე იქნება დღის წესრიგში აქტუალური, სანამ მოქმედი პარლამენტი უფლებამოსილებას არ ამოწურავს. რადგან მმართველი კოალიციის დაშლის შემთხვევაში, ირღვევა საპარლამენტო უმრავლესობაც, რამაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური კონფიგურაცია. ვფიქრობ ამით კოალიციაში შემავალი არცერთი პოლიტიკური ძალა დაინტერესებული არ უნდა იყოს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG