Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გააუქმა იმამყულიევის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება


თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და მარნეულის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება მისცა ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ აკმამედ იმამყულიევს. იმ მოტივით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად არ უცხოვრია, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანდიდატად იმამყულიევის რეგისტრაციაზე უარი გასულ კვირაში თქვა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ცსკ-მაც, რომელსაც ნაციონალურმა მოძაობამ სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „6 ივნისის სხდომაზე, უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიისადმი აგრესია და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკური კუთვნილებით აპელირება“, - ნათქვამია თეა წულუკიანის განცხადებაში. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ კომისიის პოზიციით გადაწყვეტილების შესაცვლელად გამოყენებული უნდა ყოფილიყო არა ფიზიკური და სიტყვიერი აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება დამდგარიყო. თეა წულუკიანი მიესალმება სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად გაუქმდა ცსკ-ს გადაწყვეტილება და აკმამედ იმამყულიევს, ისევე, როგორც ყველა სხვა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლება. „უწყებათაშორისი კომისია კიდევ ერთხელ შეახსნებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელია და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, და რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს", - ნათქვამია იუსტიციის მინისტრის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG