Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი არა, ის ამბობს... !


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

იცით, ჩვენ როგორი ცუდი ტიპები ვართ? აი, სათქმელი რომ დაგვიგროვდება ძალიან ბევრი, აქეთ მეზობლები რომ გვიშლიან ნერვებს, იქეთ მეგობრები, სულ იქით კიდევ თანაპლანეტელები და თანაგალაქტიკელები, ჩვენ რომ ვერაფერს ვერ ვამბობთ და მერე ამ დაგროვილი ბოღმა-ნაღველისთვის მოვიგონებთ პროექტებს, რომელსაც „ქალაქი ამბობს“-ს დავარქმევთ, დავდგებით, წყევლა-კრულვას შევუთვლით ყველას და დამშვიდებულები რომ დავიძინებთ, აი, ეგეთი ტიპები ვართ.
იცით, ჩვენ როგორი ცუდი ტიპები ვართ? ქალაქის მოწყობა და სახლების აშენება რომ არ ვიცით. სადაც ადგილს ვნახავთ, ყველგან ხუხულების წამოჭიმვა რომ გვინდა. სადაც ადგილს მოგვიზომავენ, სოკოებივით კორპუსებს რომ ვამრავლებთ, რომელთა მშენებლობასაც არასდროს ვასრულებთ და შესაბამისად, შიგნით არავის ვაცხოვრებთ, ავი ძაღლებივით. ყველგან უკანონო აივნების მიშენება რომ გველანდება და მეზობელ გელას ისედაც 2 კვადრატულ „გარაჟს“ ისე რომ წავართმევთ, ადამიანობა რომ არც გაგვახსენდება. აი, ისეთი ხალხი ვართ, შუა რუსთაველზე რომ გვიყვარს სარეცხის გამოფენა და მერე დავდგებით, დავიჭერთ მიკროფონს, კამერის წინ ავიტუზებით და ვამბობთ, რომ „ქალაქი ამბობს“.
იცით, ჩვენ როგორი ცუდი ტიპები ვართ? მთელი თბილისი ერთი დიდი ნაგავსაყრელი რომ გვგონია. აივნებიდან ნაგვის პარკების სროლა მოდიდან რომ გადავიყვანეთ, მაგრამ სამაგიეროდ, სადარბაზოებში რომ ვაწყობთ ამ ნაგავს, ზედ რომ ვაშარდავთ, სიგარეტს ვაყრით, ძაღლსაც ზედვე რომ ვასაქმებინებთ, ეგეთი ტიპები ვართ. მიწისქვეშა გადასასვლელებით, იცით, რატომ არ ვსარგებლობთ? იმიტომ, რომ ისინი ღამ-ღამობით ჩვენივე საზოგადოებრივი საპირფარეშოებია. ღამე მოვშარდავთ და დღე გზაზე გადავირბენთ, თუ პატრული არ გვხედავს. აბა, იქ ჩემი მტერი ჩავიდა. ქარიან ამინდში გარეთ რომ გამოხვალ და თბილისი პოლიეთილენის ნაძვის ხეს რომ ჰგავს, აი, ეგეთი მოქალაქეები ვართ. თუმცა გარეთ გასვლა არც დაგჭირდება, ისე მიგეწებება ფეხები უნივერსიტეტის მერხებქვეშ მიბეტონებულ „ჟუაჩკებზე“. იტყვი,მე ნაგავს სულ სანაგვე ურნაში ვყრი დილაობითო და მერე ნახმარ საღეჭ რეზინს ყველგან მიაწებებ, ოღონდაც არ გადააგდო. აი, ეგეთი მოქალაქეები, სტუდენტები, ადამიანები და დედამიწელები ვართ.
ჩვენ, იცით როგორი ცუდი ტიპები ვართ? მთელი თბილისი რომ გავჩეხეთ, მთელი თბილისი რომ გავყიდეთ და გავასხვისეთ და ახლა პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობისთვის რომ ამ ჩვენი უტვინო თავების გასალამაზებლად ამოსულ ქოჩორს ვიწიწკნით. ააა, ჩვენ არ დავმდგარვართ და ნაჯახით ხელმომარჯვებულებს ჩვენ არ გაგვიჩეხია ქალაქი? ჩვენმა არჩეულმა კაი კაცებმა ხომ გაჩეხეს და სანამ შენს კორპუსს , სანამ შენი შვილების სკვერს არ მოადგნენ, მანამდე ხომ არ გაწუხებდა? ახლა სადაც რამე პეტიციას ნახავ, ხელი მოაწერე საჩქაროდ. ხალხის დასანახად მიიღე მონაწილეობა ერთჯერად ღონისძიებებში, შვილებს ჩაჰკიდე ხელი, წყნეთში გადი და თითო ხე დარგეთ ტელეკამერების ფონზე. მანამდე? სანამ ის ხე გაიზრდება, სუნთქვა არ გინდა? სანამ ის ხე გაიზრდება შენც გამოდი და თქვი, რომ „ქალაქი ამბობს“.
ჩვენ იცით როგორი ცუდი ტიპები ვართ? კინოც რომ გვძაგს, თეატრიც, ბიბლიოთეკაც და ინტელექტუალური „სიფათის“ შესანარჩუნებლად კამერების წინ პირველ რიგში მათს არქონაზე რომ ვწუწუნებთ. შენ თუ კარგი მოქალაქე ხარ, შენ თუ კულტურული დასვენება გიყვარს და კინო-თეატრით გიდგას სული, მილიონნახევრიან ქალაქში რამდენიმე მოქმედ თეატრს და უფრო ცოტა კინოთეატრს გააჩერებდი? საჯარო ბიბლიოთეკის მისამართი რომ გკითხოს ვინმემ და სირცხვილისგან თითების ჭამას დაიწყებ, ეგ თბილისის ბრალია? მაგას ამბობს თბილისი? მაგას შენ ამბობ. იუთუბზე რომ განთავსდები და შენს ვიდეოს შენი მეგობრები გააზიარებენ, ჭკვიანის შთაბეჭდილება ხომ უნდა დატოვო? უმუშევრობაზე სხვებმა იწუწუნონ, შენ მხოლოდ მაღალი დონე და განათლებასთან ოდნავ მიკავშირებული საკითხები გაწუხებდეს.
ჩვენ იცით როგორი ცუდი ტიპები ვართ?კაპიკი ფული რომ არ გვაქვს ბენზინისთვის, მაგრამ მაინც X6-ებით და Range Rover-ებით რომ უნდა ვიაროთ ხალხის გულის გასახეთქად. კაპიკი ფული რომ არ გვაქვს და მაინც iPhone 5s-ები უნდა გვეჭიროს. თანხა ანგარიშზე რა საჭიროა? აიფონიდან გაშვებული ზარი, ეგრევე სამოთხეში რეკს, ვინც არ იცის, მათთვის. ამ პატარა ქალაქში ჩვენი დიდი ჯიპებისთვის ადგილები რომ გამოილია ზედ ტროტუარებზე ავაყენეთ მანქანები. ვინ ჩივის, რომ იქ ჩვეულებრივი, მოკვდავი, უმანქანო ხალხი დადის. ცოტა ჭამონ, წონაში დაიკლებენ და ვიწრო ჩიხებშიც უკეთ გაძვრებიან, არა? არადა, არაა ეგრე, მეგობრებო ! აქეთ ტრასაზე ფეხით მოსიარულე ადამიანს მოსდევს პატრული დასაჯარიმებლად, იქით მის ადგილზე შენ მიერ დაყენებულ მანქანას აჯარიმებს „სითი პარკი“. ორმხრივი სარგებელია სახელმწიფოსთვის. ყველამ ჩვენ-ჩვენ ადგილას რომ ვიაროთ, ზედმეტად ნორმალური ადამიანების შთაბეჭდილებებს დავტოვებთ და გვინდა ახლა ჩვენ ეგ? არ გვინდა, ხოდა ამ ჩვენს ჩივილსაც „ქალაქი ამბობს“.
ასეა, ადვილია ხელების შეწმენდა სხვაზე, მითუმეტეს, თუ ეს სხვა ვერც პასუხს დაგიბრუნებს და ვერც იმას იტყვის „ჩემი ბრალია შე უპატრონო, შენ რომ არანაირი ადამიანური ღირებულება არ გაგაჩნიაო“? ადვილია ხელების შეწმენდა თბილისზე. ადვილია ხელების შეწმენდა ერთმანეთზე. ადვილია ხელების შეწმენდა დედამიწაზე. ახლა ყველა ლაპარაკობს, ხოდა რა მოხდება ერთხელაც, ეს ჩვენი თბილისი რომ ადგეს და დადუმდეს?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG