Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ორ სასაზღვრო საგუშაგოს დაესხნენ თავს


უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები დონეცკის ოლქში ორ სასაზღვრო საგუშაგოს დაესხნენ თავს. თავდასხმები მოხდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამთავრობო ჯარების მიერ ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა. სასაზღვრო ჯარების ცნობით, ღამე ჩატარებული რეიდის დროს ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. პოროშენკომ 20 ივნისს დონეცკის ოლქში სტუმრობისას ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პერიოდი სეპარატისტებს განიარაღების საშუალებას მისცემს. მაგრამ, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჯარები პასუხს არ გასცემენ მოწინააღმდეგის აგრესიულ ქმედებებს. პოროშენკოს მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს რუსეთის საზღვრის გასწვრივ ათკილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას და შეიარაღებული ფორმირებების უცხოელი მონაწილეებისთვის კონფლიქტის ზონის დატოვების საშუალების მინიჭებას. ზოგიერთმა საველე მეთაურმა მაშინვე უარყო ეს გეგმა. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ეს ულტიმატუმი უფროა, ვიდრე სამშვიდობო წინადადება.
XS
SM
MD
LG