Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში შეთანხმდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარს ეუთომ გაუწიოს მეთვალყურეობა


გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის განახლებისთვის საჭირო ნაბიჯების პაკეტზე ბერლინში, სადაც სადაც შეხვედრა გაიმართა უკრაინის კრიზისის შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ-შტაინმაიერმა პაკეტს უწოდა ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტისკენ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ის არ არის ერთ დღეში ყველაფრის მოგვარების მაგიური ფორმულა. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინა, გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ იდეას, გამოყენებულ იქნენ ეუთოს მეთვალყურეები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვებ პუნქტებზე. დღესვე ბერლინში შედგა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. შეხვედრის შემდეგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „რუსეთის მოქმედება საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რომელიც დავამყარეთ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. და ნება მიბოძეთ, ხაზგასმით აღვნიშნო: არავის სურს დაბრუნება ცივი ომისდროინდელ ევროპაში! არ შეიძლება, დავუშვათ ახალი გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე. ამიტომ რუსეთს მოვუწოდებ, შეცვალოს თავისი კურსი და დაიწყოს ხანგრძლივი პროცესი დაკარგული ნდობის აღსადგენად,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ამასობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება უკრაინის ჯარის ოპერაცია რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ამოიწურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ზავის მოქმედების ვადა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს 2 ივლისის განცხადებით, ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ოპერაციის დროს, რომლის მსვლელობაშიც 100-ზე მეტი თავდასხმა მოაწყეს მეამბოხეების პოზიციებზე და სამი სოფლიდან განდევნეს სეპარატისტები

XS
SM
MD
LG