Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა უგულავას პროცესის შემდეგ დაკავებული პირების შესახებ


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს წუხელ, გიგი უგულავას პროცესის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულების პროცესი. დაკავებულები ადმინისტრაციული წესით გასამართლდებიან და სასამართლო მათთვის ჯარიმის შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სასამართლო პროცესს ესწრებიან ის პოლიციელებიც, რომლებმაც უშუალოდ დააკავეს ინციდენტში მონაწილე პირები. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ამ დროისთვის დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს წინ პარასკევს მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დაპირისპირების ადგილიდან წაიყვანეს. დაახლოებით სამ საათში ის გაათავისუფლეს. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ის დეპუტატის უკანონო დაკავების გამოძიებას მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გმობს უგულავას დაკავებას და ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალი ფაზის დაწყებად აფასებს, აცხადებს, რომ სასამართლოს წინ მომხდარი დაპირისპირება სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ იყო პროვოცირებული.

XS
SM
MD
LG