Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილი: კარლ ბილდტი ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას


კარლ ბილდტი ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო კომენტარს. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" სესიაშვილმა განუცხადა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მართლმსაჯულებას წინასწარ უწოდა შურისძიების მოტივით წარმართული, მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი არ გამართულა, მოწმეები არ დაკითხულან და ფაქტებს არ გასცნობია. "მისი განცხადებები ეფუძნება არა რაიმე რჩევას ან რეკომენდაციას, არამედ ის წინასწარ აკეთებს ძალიან ხისტ დასკვნებს და შეურაცხყოფს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. თავისთავად ცხადია, რომ მიკერძოებულია არაერთი მისი განცხადება. მე მაშფოთებს, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ ძლიერ მეგობრებს კარგავს, კარგავს ისევ და ისევ მათი მხრიდან არასწორად არჩეული პოლიტიკის გამო. მათი პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს ქვეყნის მხარდაჭერაში და არა ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის სიმპათიებში", - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს. კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გუშინ "ტვიტერზე" უპასუხა. "თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ბილდტს მიხეილ სააკაშვილის "მეგობართა კლუბის" წევრი უწოდა.

XS
SM
MD
LG