Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, ზიანს ნუ აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს


გაეროს მიწვევით ნიუ იორკში ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის დავის საგნად რჩება. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმოწერაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მიწვევა თებერვალში გაგზავნა, თუმცა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა. ამ ინფორმაციის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ საქართველოს მისიამ 14 მარტს მიიღო 25 თებერვლით დათარიღებული და მხოლოდ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე დასასწრები მოსაწვევი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო შედგენილი. „ესეც აჩვენებს, თუ რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, როცა საქართველოს მისიამ გაეროს აცნობა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, მის სახელზე ახალი მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 მაისს მიიღო და პრეზიდენტის ადმინისტრაციას 5 ივნისს გაუგზავნა. მაია ფანჯიკიძის ცნობითვე, პარალელურად საქართველომ მიიღო მიწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეცნობა. საგარეო საქმეთა მინისტრის ვარაუდით, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მიმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო და საჯაროდ მისი გავრცელების შესახებ სამინისტრო ინფორმირებული არ ყოფილა, რაც, ფანჯიკიძის თქმით, არაკოლეგიალური დამოკიდებულებაა. „თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროებით სურს ნათელი მოფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორ უწყებას შორის, ძალიან ვთხოვ გამოაქვეყნონ რეალური მიზეზიც, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად მას ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით არ სურს. ფანჯიკიძის თქმით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვს, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას და ზიანს ნუ აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.

XS
SM
MD
LG