Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა დიასპორის ეკონომიკური ფორუმი


დღეს თბილისში გაიმართა დიასპორის ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც ქართული დიასპორის, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მონაწილეობდნენ. ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დიასპორის მონაწილეობას. პრემიერის შეფასებით, ქართულ დიასპორას აქვს დიდი ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალი, რომლის გამოყენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ეკონომიკური ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე პროცესებში დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვას და ადგლობრივ ბიზნესთან და ხელისუფლებასთან უშუალო კონტაქტების დამყარების საშუალებას მისცემს. “მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა მათ მეწარმეობა სამშობლოში განავითარონ და ვიზრუნებთ, რომ ყველა პირობა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველი ქვეყანაა, რომელიც დიასპორული ჩართულობის საერთაშორისო ალიანსში გაწევრიანდა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ დაარსებული ალიანსის წევრობა მნიშვნელოვნად გაზრდის აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის ცნობადობას. ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ქართულ დიასპორაში ლობისტური ჯგუფების შექმნას და იმედი გამოთქვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები ხელს შეუწყობენ მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციას და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას.

XS
SM
MD
LG