Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ბრძოლა სირიის ქალაქ კობანისათვის


„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს სირიის ქალაქ კობანიში, რის შედეგადაც ორი ქურთი მებრძოლი დაიჭრა. თვითმკვლელის მიერ მოწყობილი იერიშით, როგორც ჩანს, გამიზნული იყო გზის გახსნა "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებისათვის, კობანის ჩრდილოეთით წასაწევად. მაგრამ ქურთმა მებრძოლებმა მოიგერიეს ექსტრემისტების იერიში, რომელიც აფეთქებას მოჰყვა. კობანის დამცველების მხარდასაჭერად, საჰაერო იერიშებს ახორციელებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაახლოებით ოთხი კვირის წინ დაიწყეს კობანიზე იერიში და ბოლო დღეებში კონტროლი დაამყარეს მის თითქმის მესამედზე. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახური ტელეფონით დაუკავშირდა კობანის მკვიდრს, 28 წლის შამსას, რომლის თქმითაც ქალაქში სულ რამდენიმე ათასი ადამიანია დარჩენილი. „ქალაქს ანგრევენ და ხალხი იხოცება. ისლამური სახელმწიფო ქალაქში წინ მოიწევს. ჩვენ უბრალოდ ვსხედვართ და ვუყურებთ, რა ხდება და ბოლოს რა მოხდება“, უთხრა ჩვენს რადიოს კობანის მკვიდრმა. თურქეთი დაყაბულდა თავისი სამხედრო ბაზების გამოყენებას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ, სირიელი მეამბოხეების გასაწვრთნელად, რათა ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ჩაერთონ.

XS
SM
MD
LG