Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სარდალი აკრიტიკებს უკრაინაში სეპარატისტების მიერ ჩატარებულ არჩევნებს


ნატოს სამხედრო სარდლის, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამება 5 სექტებმერს ხელმოწერილ სამშვიდობო გეგმას და არ ემსახურება ვითარების გაუმჯობესებას. გენერალმა ბრიდლავმა 3 ნოემბერს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა ასევე, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში სეპარატისტების მომარაგებას და უკრაინის ტერიტორიაზე კვლავინდებურად მოქმედებს 250-დან 300-მდე რუსი ჯარისკაცი. ეს სამხედროები, ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, უმეტესწილად მეამბოხეების წვრთნით არიან დაკავებული. აღმოსავლეთ უკრაინაში 2 ნოემბერს ჩატარებულ კენჭისყრას გამოეხმაურა ევროკავშირიც. მისი განცხადებით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები „ხელს უშლის მშვიდობას“ და ბრიუსელი არ სცნობს მათ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ „უკანონო და არალეგიტიმური“ უწოდა არჩევნებს, რომლებიც მიზნად ისახავს სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ლიდერების გამოვლენას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „პატივს სცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის ნებას“.

XS
SM
MD
LG