Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ანგარიშის თანახმად, საპატიმროებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა


საქართველოს საპატიმროებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა - ასეთია დასკვნა, რომელიც ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" და „ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრმა“ გამოაქვეყნეს. მათი კვლევის მიზანი იყო 2006-2012 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზეზების შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება. კვლევის პროცესში პირადი ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა 1 200 მსჯავრდებული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია. ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა, ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა განმარტა, რომ კვლევის ამოცანა იყო არა მხოლოდ ცალკეული ფაქტების შესწავლა, არამედ იმის გარკვევა, ჰქონდა თუ არა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი და რა იყო გამომწვევი მიზეზები. ქეთევან ხუციშვილის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ წამება მართლაც სისტემური იყო, რასაც ხელი შეუწყო მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის ნულოვანმა ტოლერანტობამ, საპატიმროების მართვის ძალადობრივმა ფორმებმა და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთულობამ. „ანგარიშის მიზანია, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და შეიქმნას ისეთი მექანიზმები და საკანონმდებლო წინაპირობა, რომ საქართველოში ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ შეძლოს ადამიანის უფლებათა დარღვევა“, - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრობლემას სისტემური ხასიათი აღარ აქვს, თუმცა, დარღვევები ისევ არსებობს.

XS
SM
MD
LG