Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთმა ისევ გახსნა როკის გვირაბი, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა

რუსეთმა ისევ გახსნა როკის გვირაბი - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელსაც 2010 წლიდან რეკონსტრუქცია უტარდებოდა. ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის შეფასებით, რომელიც მან 5 ნოემბერს გამართულ ცერემონიაზე გამოთქვა, როკის გვირაბი „განამტკიცებს სამხრეთ ოსეთის ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან“. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მოსკოვს 400 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა გვირაბის რეკონსტრუქცია. როკის გვირაბი, რომლის სიგრძეც 3 660 მეტრს შეადგენს,1985 წელს აშენდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარები ამ გზითთ შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

ყველა ახალი ამბავი

გეგა გეგეშიძე: გაღიზიანებული სპორტსმენის მოთხოვნის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს

გეგა გეგეშიძე

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს. ევროპის ორგზის ჩემპიონი სპორტსმენის - ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნას გეგეშიძემ უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ უნდა ტოვებდეს.

გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა, სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე. გუნდურ ხელჩართულ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დაკითხვაზე დღეს უნდა მივიდეს. ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებს უკრაინელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაემატა

ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო სეზონს 24-26 იანვარს გახსნიან, ისრაელში გასამართი პრესტიჟული ტურნირით. თელ ავივის გრან პრიზე საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები გავა ტატამზე. გიორგი თენაძის გაწვრთნილი გუნდის განაცხადში ერთი სიახლეა - 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იჭიდავებს უკრაინელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, რომელიც ასევე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მეუღლეა.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი 28 წლისაა. საერთაშორისო არენაზე მისი წარმატებებიდან გამოსარჩევია ევროპის საკლუბო და სანაკრებო ჩემპიონატებზე მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შეტანილ ინდივიდუალურ შეჯიბრებებზე კი ერთადერთხელ მოხვდა საპრიზო სამეულში - 2014 წელს, თბილისის გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა. არის უკრაინის 2015 წლის ჩემპიონი.

ტატიანას მეუღლე - ბეთქილ შუკვანი ამჟამად ბეკირ ოზლუს სახელით თურქეთის ნაკრების ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2013 წლამდე გამოდიოდა. 2011 წელს ის ევროპის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

თელ ავივის გრან პრიზე ლევიცკა-შუკვანის გარდა საქართველოს სახელით იჭიდავებენ: მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

მექსიკაში მილსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

91-ე გაიზარდა მექსიკაში მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, იუწყება სააგენტო Reuters. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო მანამდე 85 დაღუპულის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. . მექსიკის ხელისუფალთა განცხადებით, 54 ცხედარი იმდენად დამწვარია, რომ მათი ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. საავადმყოფოებში რჩება 72 დაშავებული.

მექსიკის ქალაქ ტლაუელილპანში მილსადენზე აფეთქება 19 იანვარს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ Pemex-მა მილსადენის დაზიანების შესახებ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, თუმცა, ნავთობის გაჟონვის მასშტაბი სათანადოდ ვერ შეაფასა და მილსადენის გადაკეტვა საჭიროდ არ ჩათვალა. უცნობმა პირებმა მილსადენი განზრახ დააზიანეს, რის შემდეგაც ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიწყო დაზიანებული მილიდან საწვავის მიტაცება.

მექსიკაში ამჟამად საწვავის დეფიციტია. 2018 წლის დეკემბერში, მთავრობამ რამდენიმე მილსადენი დაკეტა საწვავის მიტაცების აღსაკვეთად. ბენზინის ტრანსპორტირება დაცული ცისტერნებით ხდება. მთავრობის ახალი პოლიტიკის გამო, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია. მექსიკელები საწვავის მარაგის შექმნას ცდილობენ. 19 იანვარს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ საწვავის მიტაცებასთნ ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ქართველი სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით და პრეზიდენტს ესაუბრნენ იმ პრობლემების შესახებაც, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ. სტუდენტები დაინტერესდნენ იმითაც, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლს ქვეყნის გარეთ საქართველოს პოპლულარიზაციის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარების საქმეში.

ბელგიის სამეფოში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტების გარდა შეხვდა ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა მათ გააცნო ინიციატივა პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღების შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის ინიციატივაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი 22-23 იანვარს შეხვედრებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართავს.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

მამუკა ბახტაძე

დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური შეხვედრები და მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.

"შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში ინვესტირებას. მოლაპარაკებები გაიმართება იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და რომლის თანახმად ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და რეგიონს მოემსახურებიან.“- განაცხადა მედიასთან კომენტარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკური ფორუმი დავოსში 25 იანვარს დაიხურება. ფორუმის მთავარი საკითხები არის გლობალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ეკონომიკა, კრიპტოვალუტა და სხვა.

გერმანია უსაფრთხოებას ასახელებს ირანული ავიაკომპანიის აკრძალვის მიზეზად

გერმანიამ ლიცენზია ჩამოართვა ირანის ავიაკომპანია Mahan Air-ის და ამის მიზეზად მოიტანა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, ისევე, როგორც ავიაკომპანიის მოქმედებები სირიაში. ავიაციის ფედერალურმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის თვითმფრინავებს მყისიერად აეკრძალოთ გერმანიაში დაფრენა. გერმანიის მთავრობის პრესიმდივნის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე უწყებამ კონსულტაციები გაიარა ევროპელ მოკავშირეებთან და აშშ-სთან. გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და ვაშინტონის სხვა მოკავშირეებს მოუწოდა იგივე გააკეთონ. Mahan Air-ი სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა ირანში, ის 2011 წლიდან შეტანილია აშშ-ის სანქციების სიაში და ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს მისი დაჯარიმებისკენ მოუწოდებს. თეირანი აშშ-ს და ისრაელს ადანაშაულებს თეირანის ევროპასთან ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში, რათა მოხდეს საბოტაჟი 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებისა, რომლითაც ირანს სანქციები მოეხსნა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

ევროკავშირის წარმომადგენელი: რუსეთი და უკრაინა წლის ბოლომდე მიაღწევენ გაზზე შეთანხმებას

უკრაინა და რუსეთი 2019 წლის ბოლომდე შეძლებენ შეთანხმდნენ ევროკავშირში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების საკითხზე - აცხადებს ევროკავშირის მაღალჩინოსანი. "თუ ყველაფერი კარგად წავა და ყველა მხარე ერთსა და იმავე მიზნისთვის იმუშავებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდება" - განაცხადა ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ბრიუსელში 21 იანვარს, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი, ისევე, როგორც უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის, ნაფტოგაზისა და რუსეთის გაზის გიგანტი ორგანიზაციის, გაზპრომის წარმომადგენლები. შეფჩოვიჩი აცხადებს, რომ მხარეებს შესთავაზა კომპრომისული წინადადება, მაისში დანიშნული შემდეგი სამმხრივი შეხვედრის წინ განსახილველად. შევჩოვიჩმა ასევე თქვა, რომ მიმდინარე ზამთარს არ მოელის პრობლემებს რუსეთის გაზის უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდების პროცესში. კიევი შიშობს, რომ მოგებას დაკარგავს მას შემდეგ, რაც ვადა გაუვა მიმდინარე, 10-წლიან კონტრაქტს, იმ ფონზე, როცა მოსკოვთან კავშირები დაძაბულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

სულ მცირე ათი პირი ემსხვერპლა ყირიმთან გემებზე გაჩენილ ხანძარს

ყირიმთან ახლოს, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ ორ კომერციულ გემზე ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე ათი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა - იუწყება რუსეთი. "მოხერხდა 14 ადამიანის გადარჩენა. ზღვიდან ამოტანილია ცხრა გვამი" - აცხადებს რუსეთის საზღვაო და მდინარის ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესმდივანი 21 იანვარს. ამავე წყაროს ცნობით, ცეცხლი მაშინ გაცნდა, როცა საწვავს ერთი გემიდან მეორეში ტვირთავდნენ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის სიახლოვეს. გავრცელებული ცნობებით, ორი გემის ეკიპაჟების წევრთა საერთო რაოდენობა 31 იყო და მოიცავდა მათ შორის თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეებს. მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა. ქერჩის სრუტე, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის საგანს წარმოადგენს. ნოემბერში სრუტესთან ახლოს რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ დააკავეს უკრაინის სამი ხომალდი. მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინის ხომალდები უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმთან ახლოს, რასაც უკრაინა უარყოფს. რუსეთმა სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა ინციდენტისას დაკავებულ უკრაინის 24 მეზღვაურს, რომელთა გათავისუფლების მოწოდებით რუსეთს მიმართავენ ევროკავშირი, აშშ და სხვა ქვეყნები. ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება რუსეთმა უკრაინისგან 2014 წელს მოახდინა.




სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმას ავღანეთის სამხედრო ბაზაზე

ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე მაიდან ვარდაკის პროვინციაში თალიბანის ექსტრემისტები თავს დაესხნენ სამხედრო ბაზას, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 20-ზე მეტი. რაიონის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დახოცილთა უმრავლესობა სამხედრო იყო. თავდასხმა დაიწყო თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული მანქანის აფეთქებით, რის შემდეგაც ბაზაზე შეიჭრა სამი შეიარაღებული ექსტრემისტი და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ორმხრივი სროლა დაიწყო. გავრცელებული ცნობებით, მოკლულია სამივე თავდამსხმელი. თალიბანის პრესმდივანმა, ზებიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ეს ჯგუფი იდგა.

მოსკოვი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომებით გამოეხმაუროს ევროკავშირის ახალ სანქციებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას მხარი დაეჭირათ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისთვის. სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი "უფლებას იტოვებს მიიღოს საპასუხო ზომები, ამ არამეგობრულ ნაბიჯთან დაკავშირებით". ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სანქციების შემოღებას რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი მაღალჩინოსნის და კიდევ იმ ორი მამაკაცის მიმართ, რომლებიც ბრიტანეთში ეჭვიმიტანილი არიან ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის ნერვული ნივთიერებით მოწამვლაში. მინისტრებმა 21 იანვარს ბრიუსელში დაუჭირეს მხარი ქონების გაყინვას და ვიზის გაცემის აკრძალვას რუსეთის ოთხ და სირიის ხუთ მოქალაქეზე, ისევე, როგორც სირიის ერთ უწყებაზე, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ქიმიური იარაღით თავდასხმებში იყო ჩართული. სანქციები დაწესდა სირიის მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ომში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების, და 2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ყოფილი აგენტის, სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის გამო. სანქციები შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის, იგივე "გრუს" ხელმძღვანელ იგორ კოსტიკოვს, მის მოადგილეს, ვლადიმირ ალექსეევს და გრუს ორ სავარაუდო აგენტს, რომლებიც ბრიტანეთში ეჭვმიტანილები არიან მოწამვლის განხორციელებაში. ეს ორი ეჭვმიტანილი ბრიტანეთში ჩავიდა პასპორტებით, რომლებიც გაცემული იყო "ალექსანდრ პეტროვის" და "რუსლან ბოშიროვის" სახელებზე, მაგრამ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანიზაციამ, Bellingcat-მა, მათში ამოიცნო ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, ამასთან, ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია ამ ორი პირის გრუსთან კავშირების შესახებ. ორივე მამაკაცი უარყოფს გრუსთვის მუშაობას და სკრიპალის მოწამვლაში მონაწილეობას, თუმცა აღიარებს, რომ იმ დროს სოლსბერიში იმყოფებოდა.

ვარკეთილში ორი ადამიანი გარდაიცვალა სავარაუდოდ CO-თი მოწამვლით

ორი ადამიანი გარდაიცვალა ვარკეთილში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ნახშირჟანგით (CO) მოწამვლით.

რადიო თავისუფლებას შსს-ში დაუდასტურეს, რომ გარდაცვლილია 1951 და 1947 წელს დაბადებული ორი მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მამუკა ბახტაძე მოსამართლეთა განცხადებას გამოეხმაურა

სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მოსამართლეთა შერჩევა ობიექტური კრიტერიუმებითა და პროცედურებით ხდება, - განაცხადა ვისნიუსში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.

„საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. ასეთი რამე საქართველოში აღარ მოხდება. რა თქმა უნდა, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ნატო-ში.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს დღის წესრიგს.

"პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკსთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

ჯონ ჰოუელი: "შესანიშნავია" საქართველოს პრეზიდენტად ქალის არჩევა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბრიტანელი წევრის, ჯონ ჰოუელის აზრით, "შესანიშნავია" საქართველოს პრეზიდენტად ქალის არჩევა. მისი აზრით, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მხრივ.

ჰოუელმა თქვა ასევე, რომ ხედავს სხვაობას შეფასებებს შორის, რომლებსაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოთქვამენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სადამკვირვებლო მისიები.

ასამბლეის მეთვალყურეების ანგარიშში ნათქვამია, რომ აღირიცხა „ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები“ მაშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენიაო, დასძინა მან საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას.

ჰოუელი ევროპელ კონსერვატორთა ჯგუფის (EC) წევრია.

აბერგი: საქართველოში ვალების ჩამოწერა იყო ხმების ყიდვის „აშკარა“ შემთხვევა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, შვედ პოლიტიკოს ბორიანა აბერგის აზრით, ხმების ყიდვის „აშკარა შემთხვევა“ იყო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ვალების ჩამოწერა 600 ათასი ადამიანისათვის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას, აბერგმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა კერძო საფინანსო ინსტიტუტმა, რომელსაც კავშირი აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. აბერგის თქმით, ასეთმა ნაბიჯმა ხელი შეუწყო მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

აბერგი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა გააკრიტიკა არჩევნების შუა კვირაში ჩატარება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შვედმა წევრმა, ბორიანა აბერგმა უარყოფითად შეაფასა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში ჩატარება.

მან საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ კენჭისყრის შუა კვირაში ჩატარება არ შედის ყველა ამომრჩევლის ინტერესებში და აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

აბერგმა გამოთქვა ასევე შეფასება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშკარად იყო მიკერძოებული ოპოზიციის წინააღმდეგ და არ უმოქმედია მიუკერძოებლობის საერთაშორისო სტანდარტებით. მისივე აზრით, მიკერძოება ეტყობოდათ კერძო მედიასაშუალებებსაც.

ანდრეი ჰუნკო: საქართველოში არჩევნებზე უპირატესობით სარგებლობდა ერთი მხარე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, გერმანიის წარმომადგენელ ანდრეი ჰუნკოს შეფასებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 28 ნოემბრის ტურის წინ ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და კამპანიის „ნეგატიური ხასიათი“ ძირს უთხრიდა პროცესს.

ეს შეფასებები ჰუნკომ, რომელიც არის მომხსენებელი საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, გამოთქვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. 21 იანვარს გაიხსნა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.

თავის გამოსვლაში ჰუნკომ ახსენა „ტექნიკურ კანდიდატებად“ წოდებული პირები - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებიც არა საკუთარი თავის, არამედ სხვა კანდიდატების სასარგებლოდ აწარმოებდნენ კამპანიას, საამისოდ იყენებდნენ მედიაში გამოყოფილ დროსა და ბიუჯეტის ფულს.

ჰუნკოს, დაახლოებით, ოთხწუთიან გამოსვლაში ნახსენები იყო ასევე ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები, ადმინისტრაციული რესურსებით ბოროტად სარგებლობა, ისევე როგორც მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო გამყოფი ხაზის არარსებობა, რაც მიმართულია ევროსაბჭოს სტადნარტების წინააღმდეგ.

პრობლემურად შეფასდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაც და ის გარემოება, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ ასახავს GRECO-ს, ანუ ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციებს.

ჰუნკომ დამსწრეებს შეახსენა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში აკვირდებოდა ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს 1995 წლის შემდეგ.

ჰუნკო არის ევროპელ გაერთიანებულ მემარცხენეთა ჯგუფის (UEL) წევრი.

ნაზი ჯანეზაშვილი 10 მოსამართლის განცხადებაზე: „ვითომ თვითონ ამბობენ უარს“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაგვიანებულს უწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამეტისადმი მიმართვას, არ განიხილოს მათი კანდიდატურები. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ათიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ისედაც განაცხადა, რომ მოსამართლეების კანდიდატურები პარლამენტის კენჭისყრაზე არ გავიდოდა.

„ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამდე რომ გაეკეთებინათ, როდესაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა იყო, უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა, ახლა კი უშედეგოა. ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი საკითხი ისედაც არ განიხილება და ვითომ თვითონ გადიან თამაშიდან, ვითომ თვითონ ამბობენ უარს“.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი კლანს წარმოადგენენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას. თუმცა, მოსამართლეები არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტს მიმართავენ, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

სულხან სალაძე: ჩვენი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ამ სიას, ჩვენი მოთხოვნები გაცილებით ფართოა

სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად მიიჩნევს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. თუმცა სვამს კითხვას - რატომ არ შეჩერდა კანდიდატების განხილვის პროცესი დეკემბერში?

"ვფიქრობ, ეს შეიძლება, ერთი მხრივ, მიმართული იყოს პროტესტის მუხტის შესამცირებლად, რომ შემდეგში მათ თქვან - აი, მეტი რა გინდათ, ხომ ვთქვით უარი ამის განხილვაზე, სანამ ეს წესები არ დადგინდება? მეორე მხრივ კი, ისინი ცდილობენ, მორალური უპირატესობა მოიპოვონ და წარმოაჩინონ საკუთარი თავი ადამიანებად, რომლებიც საზოგადოების პროტესტს ითვალისწინებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ამ სიას, ჩვენი მოთხოვნები გაცილებით ფართოა. ვითხოვთ კრიტერიუმების დადგენას, საბჭოს შემადგენლობის განახლებას და ასევე, კონკრეტული წესების შემოტანას არჩევის პროცესში", - ამბობს საიას ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ეკა გიგაური: მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება საზოგადოების პროტესტის შედეგია

ეკა გიგაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ის ამგვარ შეფასებას აძლევს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართვას, რომ პარლამენტისადმი აღარ განიხილოს მათი კანდიდატურები.

„ეს განცხადება არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის და ამ სიის მხარდამჭერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, რომ თავად დაწერონ განცხადებები და თავისი ინიციატივით დატოვონ სისტემა. მათ უნდა მისცენ საშუალება სასამართლოში კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, ემსახურონ მართლმსაჯულებას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ მურუსიძისნაირი მოსამართლეები არ მოსცილდებიან ჩვენ სასამართლოს“, - აღნიშნა გიგაურმა.

სოფო ვერძეული: მოსამართლეების სიის პარლამენტში განხილვის მოლოდინი არც გვქონია

სოფო ვერძეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართვას პარლამენტისადმი.

„არც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ სიას არსებული ფორმით პარლამენტი განიხილავდა, იმ შეხვედრის გათვალისწინებით, რაც ბოლოს შედგა პარლამენტის თავმჯდომარესა და საბჭოს მდივანს შორის. შედეგობრივად, ეს ბევრს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, ის გარკვეულწილად პროტესტისა და ბოლო დღეების მოვლენების შედეგია, რომელიც დაინახა სასამართლომ. თუმცა, ვფიქრობ ამის უკან დგას მათი სურვილი და მცდელობა, რომ ამ პროცესებში გარკვეული ტაქტიკური თუ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ და თავისი გადაწყვეტილებით აჩვენონ საზოგადოებას რომ აი, გადადგეს ეს ნაბიჯი, რაც მათი მხრიდან იყო მაქსიმუმი“, განუცხადა სოფო ვერძეულმა რადიო თავისუფლებას.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართეს, რომ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას.

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ლიბიაში დაკარგული მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს ზღვაში, აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. უწყების ცნობით, ცხედარი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე იპოვეს და პირველადი დათვალიერებით მას დაკარგული მეზღვაურის დავით რაზმაძის ნიშნები აღენიშნება. ამ დროისთვის ექსპერტიზა მიმდინარეობს დასაზუსტებლად და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლოს ესაუბრნენ 6 იანვარს და დათამ აცნობათ, რომ ლიბიაში იმყოფება თურქული კომპანიის გემზე. დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით რაზმაძე 7 იანვარს დაიკარგა, მაგრამ თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს გაუგზავნა. „ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. ეს არის ჩვენთვის ცნობილი და კიდევ ის, რომ მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები გემზეა. გემიდან მისი ჩასვლა არ ფიქსირდება, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩავიდა და ლიბიის პოლიციას ჰყავს აყვანილი“, - ამბობს ნინო ლაბაძე. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრია.

ნინო ლაბაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ დავით რაზმაძე გორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა, როცა ბათუმში გადაიყვანეს, საზღვაო აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარა და მას შემდეგ შორეულ ნაოსნობაში არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით რაზმაძის გაუჩინარების გამო ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსულო სტამბოლში. სამინისტროს ცნობითვე, ლიბიაში დეტალებს არკვევს გემის მფლობელი თურქული კომპანიის ადვოკატიც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს არაერთი ქართული და უცხოური მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე დასტირის გორის დაბომბვისას დაღუპულ ძმას. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს გარდაიცვალა.

ნავალნი: დერიპასკა იყო „ნასტია რიბკას“ სამართლებრივი დევნის ინიციატორი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ირწმუნება, რომ მულტიმილიარდერი მეწარმე ოლეგ დერიპასკა იყო ესკორტ-სააგენტოს თანამშრომლის, ანასტასია ვაშუკევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატორი.

ვაშუკევიჩს, რომელიც ბელორუსიის მოქალაქეა და ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, გამოქვეყნებული აქვს დერიპასკას იახტაზე გადაღებული ვიდეო და ფოტოები და გავრცელებული აქვს ინფორმაცია რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სერგეი პრიხოდკოსთან, დერიპასკას მოლაპარაკების შესახებ.

რიბკა და კიდევ რამდენიმე ადამიანი შარშან თებერვალში დააკავეს ტაილანდში, სადაც მან თითქმის ერთი წელი დაჰყო ციხეში. მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რასაც ტაილანდიდან დეპორტაცია მოჰყვა.მოსკოვში ჩასული ნასტია რიბკა დაკავებულ იქნა, მას წაუყენეს პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდება. მოსამართლე სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ნასტია რიბკა ბრალდებებს უარყოფს.

ნავალნიმ ორშაბათს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს დერიპასკას კავშირს რიბკას სისიხლისსამართლებრივ დევნასთან. ნავალნის თქმით, მის განკარგულებაში აღმოჩნდა ჩანაწერები, როგორ საუბრობენ დერიპასკა და მასთან დაახლოებული პირები ნასტია რიბკას ბედზე. ჩანაწერები ინტერნეტშია გამოქვეყნებული.

დერიპასკა და მისი წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან ნავალნის განცხადებას.

რთე/რთ-მ განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (რთე/რთ) განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის: მედიაკორპორაციამ გახსნა ახალი ვებსაიტი ბულგარულ ენაზე.

ბულგარულენოვანი რადიომაუწყებლობა, რომელიც რადიო თავისუფალმა ევროპამ 1950 წელს დაიწყო, შეჩერდა 2004-ში ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, სლოვაკურ და რუმინულ ენებზე მაუწყებლობასთან ერთად. მაშინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნებში უკვე დამკვიდრდა დემოკრატიის პრინციპები, ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლება და აღარ არსებობდა გარედან მაუწყებლობის საჭიროება.

რაც შეეხება ბულგარული სამსახურის მუშაობის განახლებას, ის დასაბუთებულია ბულგარეთში „საზოგადოებრივ-პოლიტიკური დემოკრატიული გარდაქმნების“ სირთულით.

„სვობოდნა ევროპა“ მუშაობას იწყებს დიგიტალური პლატფორმის სახით. ჟურნალისტები მომხმარებელს სთავაზობენ ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს ბულგარეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ატარებენ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ამზადებენ აუდიო- და ვიდეოსიუჟეტებს.

იანვარში ამუშავდა რთე/რთ-ის კიდევ ერთი საინტერნეტო პროექტი: ის განკუთვნილია რუმინეთის აუდიტორიისათვის.

მოსამართლეები მიმართავენ პარლამენტს, აღარ განიხილონ მათი კანდიდატურები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას. თუმცა, მოსამართლეები არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტს მიმართავენ, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

მოსამართლეთა განცხადებაში ვკითხულობთ:

„საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, დღეს სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ხელს მოაწერეს მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

აქციის ორგანიზატორები მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, ასევე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერება სანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG