Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაცვის მხარეს არ აძლევენ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განმარტება გააკეთა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება სამინისტროს ხუთ თანამშრომელს, რომელიც 28 ოქტომბერს დააკავეს ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით.მთავარი პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა მათ არ აძლევს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას. სინამდვილეში, მთავარი პროკურატურის განმარტებით, 2014 წლის 29 ოქტომბერს ხუთივე ბრალდებულსა და მათ ადვოკატებს დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს საქმის მასალები. იმის გამო, რომ სისხლის სამართლის ამ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, ხოლო ადვოკატებს არ ჰქონდათ საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება, მათ განუმარტეს, რომ ვერ გადასცემდნენ მასალებს. ამის შემდეგ, ბრალდებულების ადვოკატებმა უარი თქვეს იზოლატორში საქმის მასალების შესწავლაზე იმ მოტივით, რომ იქ არ იყო სათანადო პირობები დოკუმენტაციის გასაცნობად. მთავარი პროკურატურა 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, კვლავ სთავაზობს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობას, რისთვისაც მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები საქმის მასალებით. როგორც მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, განცხადებებით, თითქოს ადვოკატებს არ ჰქონდეთ საქმის შესწავლის შესაძლებლობა, "თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსთა ჯგუფის და ბრალდებულების ადვოკატების მიერ, მედია საშუალებებით მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია პროკურატურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პროკურატურის დისკრედიტაცია".

XS
SM
MD
LG