Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი უთანხმოება რჩება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ჯერჯერობით ვენაში რჩება, მიუხედავად მისი პრესმდივნის მიერ მანამდე გავრცელებული ცნობისა, რომ კერი დატოვებდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს და პარიზში დაბრუნდებოდა „ევროპელ პარტნიორებთან“ კონსულტაციების გამართვის მიზნით. მედია ოფიციალური პირების კერძო სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ კერი 21 ნოემბერს ვენაში შეხვედრას გამართავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფთან და ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელთან, კეთრინ ეშტონთან. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება, რომ კერიმ ირანულ მხარეს მიმართა ახალი წინადადებებით, რომლებიც ითვალისწინებს შეთანხმების მიღწევისთვის ხელისშემშლელი აზრთა სხვადასხვაობის შემცირებას.პარასკევს უფრო ადრე დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებდნენ, რომ ვენას ტოვებდნენ და კონსულტაციების გასამართად მიემგზავრებოდნენ.ახლოვდება 24 ნოემბერი, რომელიც შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადად არის დასახელებული - თუმცა ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა. ვენის მოლაპარაკებათა მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს.

XS
SM
MD
LG