Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელშეკრულების თაობასთან დაკავშირებული ღონისძიებები


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს თავის ვებსაიტზე (mfa.gov.ge) გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია მოსკოვისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების" გამო ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სამინისტროს განცხადებით, 13 ოქტომბერს, ხელშეკრულების ტექსტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე დეტალურადაა ჩამოთვლილი 15 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით როგორც საქართველოს, ისე მისი პარტნიორი სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებები და შეხვედრები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამართეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, აშშ-ის, ნატოს, გაეროს, ეუთოს და ევროსაბჭოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს, რათა უახლოეს მომავალში შედგეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და დაიგეგმოს ნატო-საქართველოს საბჭოს შეხვედრა. სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება" 2 დეკემბერს განიხილება ბრიუსელში ნატოს და 4-5 დეკემბერს ბაზელში ეუთოს მინისტერიალების ფარგლებში. ამავე საკითხს თბილისის დელეგაცია დასვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 30-ე რაუნდზე, რომელიც
9-10 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG