Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში ნაწილობრივ აღდგა ინტერნეტის მუშაობა


ჩრდილოეთ კორეაში ნაწილობრივ აღდგა ინტერნეტის მუშაობა, მას შემდეგ, რაც ის სრულად გაითიშა, აშშ-სთან კიბერუსაფრთხოების თაობაზე შექმნილი უთანხმოების ფონზე. აშშ-ში განთავსებული კიბერუსაფრთხოების კომპანია Dyn Research-ის განცხადებით, ინტერნეტი ნაწილობრივ აღდგა, 9 საათის განმავლობაში გაგრძელებული შეფერხების შემდეგ. ექსპერტების შეფასებით, ინტერნეტის გათიშვის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური პრობლემები იყო, ან კიბერშეტევა. გასულ კვირაში აშშ-მა ფხენიანს ბრალი დასდო კიბერშეტევის განხორციელებაში კომპანია Sony Pictures-ზე. ჩრდილოეთი კორეა, რომელმაც უარყო სონიზე იერიში,მანამდე თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა ამ კომპანიის კომედიურ ფილმ „ინტერვიუს“, რომელშიც მოთხრობილია შეთქმულებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ თავდასხმის მოსაწყობად. სონი იძულებული გახდა გაეუქმებინა ფილმის ეკრანებზე გატანა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კიბერშეტევას „პროპორციული“ პასუხი გაეცემა. ინტერნეტის გათიშვის პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭო მსჯელობდა ჩრდილოეთ კირეაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგობისა.

XS
SM
MD
LG