Accessibility links

ახალი ამბები

დამასკი მზად არის რუსეთის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთავრობა მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელსაც მოსკოვი მომდევნო თვეში გეგმავს. სააგენტო ნასას ცნობით, სირიის საგარეო საქმეთა უწყება აცხადებს, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში გამართულ საკონსულტაციო და წინასწარ მოლაპარაკებებში, რათა დააკმაყოფილოს იმ სირიელთა მოთხოვნები, რომლებიც კრიზისიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ იანვრის ბოლოსათვის გეგმავს სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას სირიის მთავრობისა და მისი დანაწევრებულ ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ყველა ახალი ამბავი

დეპუტატთა ჯგუფი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების დაჩქარებულად განხილვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ითხოვს დაჩქარებული წესით იყოს განხილული ინიციატივა, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის ბოლომდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

საერთო სასამართლოების კანონში შესაბამისი ცვლილების დაჩქარებულად განხილვის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დადგება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს წარადგენს საპარლამენტო უმცირესობა. მისი დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების გარდა მოითხოვენ, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აღარ ჰქონდეთ პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან არასამთავრობო სექტორის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი და მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსით.

გასულ კვირაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით უვადოდ დანიშნა კიდევ 8 მოსამართლე.

რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, სადაც სულ 280-მდე მოსამართლეა, ნახევარზე მეტი უვადოდ უკვე გამწესებულია. ეს პროცესი 2016 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში შეხვდება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს, ჟერარ ლარშეს.

დღის მეორე ნახევარში სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში წაიკითხავს საჯარო ლექციას, „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში.“

ხვალ პარიზში გაიმართება საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი ხელს მოაწერენ დეკლარაციას “დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-გრანგული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეკლარაციის საფუძველზე ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა.

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ქართულ ტაძარში წირვას დაესწრო და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა.

ევროპარლამენტის წევრები ვენესუელაში არ შეუშვეს

ნიკოლას მადურო. ხუან გუაიდო

ნიკოლას მადუროს მთავრობამ ვენესუელაში არ შეუშვა ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი.

ევროპარლამენტარები „ევროპის სახალხო პარტიიდან“ ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, ხუან გუაიდოსთან შეხვედრას გეგმავდნენ. ევროპარალმენტის წევრის ესტებან გონსალეს პონსის ინფორმაციით, ვენესუელაში არშეშვების მიზეზი არ განუმარტეს.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა ტვიტერზე დაწერა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებსაც შეთქმულების მოტივი ამოძრავებთ, დიპლომატიური არხებით წინასწარ გააფრთხილეს, თავი შეეკავებინათ ვენესუელაში ჩასვლისა და პროვოკაციისგან.

ვენესუელაში ამჟამად ორხელისუფლებიანობაა. 2018 წლის მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით, ხმების 70%-ით გაიმარჯვა ნიკოლას მადურომ, რომელსაც ოპოზიცია ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დიქტატურასა და ეკონომიკის დანგრევაში. მადუროს ინაუგურაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა.

22 იანვარს ვენესუელაში დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. ვენესუელის პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა დროებით პრეზიდენტად. გუაიდო აღიარეს, აშშ-მა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, საქართველომ, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა.

სოლსბერის ტაძართან დაუდგენელმა პირებმა დაკიდეს რუსეთის დიდი დროშა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, სადაც შარშან მარტში მოწამლეს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, 16-17 იანვრის ღამეს დაკიდეს რუსეთის დიდი დროშა.

ის ფრიალებდა მთავარ ღირშესანიშნაობასთან, სოლსბერის ტაძართან აღმართულ ხარაჩოზე. ცნობების თანახმად, დროშა მალე ჩამოხსნეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტაძრის ფონზე მოფრიალე რუსული დროშის სურათები, რასაც ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. „როგორ ბედავს ვიღაც იდიოტი, ასე დაამციროს ჩვენი ქალაქი მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა“, წერს ტვიტერში ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.

ნათელი არ არის, ვინ დაკიდა დროშა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში. ასახელებენ რამდენიმე ეჭვმიტანილს - სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს.

მათგან ორი, რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახელებზე გაცემული პასპორტებით ბრიტანეთში ყოფნის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიაში ინტერვიუს დროს ირწმუნებოდა, რომ სოლსბერიში ჩავიდა, როგორც ტურისტი, ადგილობრივი ტაძრის „ცნობილი შპილის“ სანახავად.

მამუკა ბახტაძე: ძალიან ძლიერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე (მარცხნივ) მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას, 15 თებერვალს შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარმატებულად მიიჩნევს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობას.

„ძალიან გვიხარია, რომ ძალიან ძლიერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან“, აღნიშნა მან 17 იანვარს მიუნხენში, სადაც კონფერენციის დასრულების შემდეგ ესაუბრა რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტს.

შეკითხვას, რა კონკრეტული გზავნილები მიიღო საქართველომ აშშ-გან, რომლის ვიცე-პრეზიდენტსაც მამუკა ბახტაძე მიუნხენში შეხვდა, მოჰყვა ბახტაძის პასუხი, რომ საქართველოს იდენტიფიცირებული აქვს ორი ძირითადი მიმართულება აშშ-თან ურთიერთობის განსავითარებლად: პირველია უსაფრთხოება და ამ სფეროში მხარეები გადადიან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. და მეორეა ეკონომიკური მიმართულება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შავი ზღვის რეგიონი იყო მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხოლო საქართველოს გზავნილია ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის მდგრადი უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია. „რუსეთის აგრესიამ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში ამის სამწუხარო მაგალითი აჩვენა ყველას“, აღნიშნა პერმიერ-მინისტრმა.

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელში მონაწილეობისას, მამუკა ბახტაძემ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.

მიუნხენში დღეს დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით 55-ე კონფერენცია სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, მრავალრიცხოვანი ექსპერტების მონაწილეობით.

რადიო თავისუფლება 18 თებერვლიდან შემოგთავაზებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას.

კოსოვომ სამხედრო აღლუმით აღნიშნა დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-11 წლისთავი

კოსოვომ სერბეთისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-11 წლისთავი აღნიშნა აღლუმით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების ძალების წევრებმა.

იანვარში პარლამენტმა მხარი დაუჭირა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების უფლებამოსილების გაფართოებას და მის საფუძველზე ეროვნული არმიის შექმნას.

პრიშტინის ცენტრში, რომელიც მორთული იყო ეროვნული, ალბანური და ამერიკული დროშებით, ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს აღლუმს.

კოსოვომ 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა სერბეთისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც უკვე 110-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს. მათ შორის არ არიან სერბეთი და რუსეთი.

ბორჯღალოსნებმა თბილისში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურშიც დამაჯერებლად მოიგო და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ავჭალის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 12-ქულიანი უპირატესობით აჯობა - 24:10.

მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 2 მარტს გამართავენ, ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებთან.

აშშ-მა კვლავ გააგზავნა კოლუმბიაში ჰუმანიტარული დახმარება მეზობელი ვენესუელისათვის

აშშ-მა ისევ გააგზავნა კოლუმბიაში თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც მეზობელი ვენესუელისათვის არის განკუთვნილი.

იუწყებიან, რომ სამხედრო თვითმფრინავმა საკვები და მედიკამენტები ჩაიტანა ქალაქ კუკუტაში, ვენესუელის საზღვრის მახლობლად. ბოლო პერიოდში ეს არის აშშ-ის თვითმფრინავების მეორე ჰუმანიტარული რეისი ვენესუელისათვის.

მაგრამ ნათელი არ არის, მოხვდება თუ არა ტვირთი ამ ქვეყანაში, რადგან პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომლის ლეგიტიმურობასაც შეერთებული შტატები აღარ ცნობს, უარს ამბობს ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე.

ოპოზიციის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელსაც აშშ და ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, კანონიერ პრეზიდენტად მიიჩნევენ, აცხადებს, რომ სურს მიაღწიოს ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყანაში შეტანას.

კოლუმბიაში გუაიდოს წარმომადგენელმა ლესტერ ტოლედომ განაცხადა, რომ ოპოზიციის მომხრეები საზღვარზე შეიკრიბებიან, რათა სამხედროები დაარწმუნონ, გახსნას საზღვარი და დაუშვას ვენესუელაში დახმარების შეტანა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში აშშ კიდევ სამი თვითმფრინავით გააგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ვენესუელისათვის.

"არა მაჭახელა ჰესს" - საპროტესტო აქცია გონიოში

გონიოში მცხოვრები მაჭახელელები უერთდებიან ხეობის სოფლების მოსახლეობის პროტესტს, რომლებიც მდინარე მაჭახელაზე ჰესის მშენებლობას არ ეთანხმებიან. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს გონიოში და შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას "სიტყვის კაცები" რაც იმას ნიშნავს რომ მაჭახელის ხეობაში ადგილობრივები არ მიჰყიდიან მიწებს ჰესის მშენებელ კომპანიას და შეუერთდებიან საპროტესტო მოძრაობას "არა ჰესებს". აქციის მონაწილეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს მოთხოვნები. მაჭახელელები მოითხოვენ გაუქმდეს კომპანია "სილქ როუდ ენერჯისსა" და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმი. რომელიც მდინარე მაჭახელის ხეობის შესწავლის შემდეგ ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. "ჩვენ ეკოტურიზმს ვანვითარებთ ხეობაში. მომზადდა კანონპროექტი მაჭახელას ხეობის დაცული ლანდშაფტად გამოცხადების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. ჰესის იდეა კი ამ განზრახვას ეწინააღმდეგება. ჩვენთან ტურიზმია ძალიან განვითარებული და მივესალმებით ინვესტორებს მხოლოდ ​ეკოსოფლის იდეით. სხვა განზრახვა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენს მდინარე მაჭახელას გვირაბში არავის დავამარცმხინებთ" -გვითხრა ლეილა კახიძემ. თავის მხრივ კომპანია "სილქ როუდ ენერჯიში" ირწმუნებიან, რომ ჰესს მინიმალური ზემოქმედება ექნება გარემოზე. კომპანიას გარემოს შესწავლა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს, რადგან ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცა.

საფრანგეთში გაიმართა „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი აქციები

პარიზი, "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქცია 2019 წლის 5 იანვარს

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ მეთოთხმეტედ გამართა „საპროტესტო შაბათი“. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებში მონაწილეობდა 41 500-მდე ადამიანი, მათგან 4000 პარიზში.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, კვლავ მოხდა შეტაკებები პოლიციელებთან, რომლებმაც რამდენიმე ქალაქში გამოიყენეს საშუალებები დემონსტრანტების დასაშლელად.

ბოლო ხანს მოძრაობა შესუსტებულია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ფრანგების უმრავლესობა საპროტესტო აქციების შეწყვეტას ემხრობა.

გასულ კვირაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა გამოაცხადა, რომ სამი თვის წინ აქციების დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს 8400 ადამიანი, დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას დაშავდა 1300 პოლიციელი.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში იმყოფება

სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში, სადაც ის უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას "ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი 17 თებერვალს შვილებთან ერთად, დაესწრო წირვას პარიზში, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, ეწვევა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, ლევილის შატოს, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნათია სულავა.

ჯო ბაიდენი ხედავს უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, არჩევნებში ჩარევის საფრთხეს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხედავს უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, მოახლოებულ არჩევნებში ჩარევის საფრთხეს.

ბაიდენმა 16 თებერვალს, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობაში ისაუბრა მოსკოვიდან „კიბერთავდასხმების, შავი ფულით გავლენის ოპერაციებისა და დეზინფორმაციის“ საფრთხეზე და ასეთივე საფრთხეზე ზოგი სხვა ქვეყნიდან, საიდანაც ხელს უწყობენ დასავლეთში დემოკრატიული პროცესებისადმი მოქალაქეთა ნდობის შერყევას.

76 წლის ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2009-2017 წლებში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას. მას ჯერ არ გამოუცხადებია, აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი: “წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს გენეტიკური ტესტის შედეგს, რომლის მიხედვთაც, როგორც თვითონ ამბობს, წვეთი სისხლი არაა მასში არაქართული.

„ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და, რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ, აბა, ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას“, - ნიშნის მოგებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის ოპონენტებს.

ავღანეთი აკრიტიკებს პაკისტანში თალიბანის დელეგაციის მიწვევას

თალიბანის ოფისი დოჰაში. 18 თებერვალს იწყება პაკისტანში თალიბანის დელეგაციის ვიზიტი

ავღანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა განცხადებით, რომელშიც გამოთქვამს შეშფოთებას პაკისტანში თალიბანის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის გამო.

ქაბულის ინფორმაციით, თალიბებზე, რომლებიც ისლამაბადში უნდა ჩავიდნენ, ვრცელდება გაეროს სანქციები და საჭირო იყო ქაბულთან კონსულტაციების გამართვა ვიზიტის დაგეგმვამდე.

თალიბანის დელეგაციამ 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ 18 თებერვალს პაკისტანში შეხვდება აშშ-ის წარმომადგენლებს, რითაც გაგრძელდება ავღანეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკება. დაგეგმილია ასევე თალიბანის დელეგაციის შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან პაკისტან-ავღანეთის ურთიერთობაზე სასაუბროდ.

გაეროში ავღანეთის მისიის წარილში, რომელსაც რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური გაეცნო, ნათქვამია, რომ პაკისტანში თალიბანის დელეგაციის ვიზიტი არღვევს ავღანეთის სუვერენიტეტს.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები არ ესწრებიან აშშ-თალიბანის მოლაპარაკებას, რაც ქაბულის უკმაყოფილებას იწვევს. თალიბანი ქაბულის მთავრობას მიიჩნევს დასავლეთის მარიონეტად, რის გამოც უარს ამბობს მასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.

საქართველოს რუკას სისხლის სამართლის კოდექსი დაიცავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 18 თებერვალს განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილების მიღების შემთხვევაში, სს კოდექსს დაემატება 343-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება. მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი”, - წერია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით "შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა"

როგორც ბათუმში გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ინვესტიციის მოზიდვისა და განვითარების სახელით ბათუმის ნგრევა მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რა დაინგრეს და რა აშენდეს ბათუმში. აგრეთვე ძველი ბათუმის დამცავი ზონის დამტკიცებას, რომელიც "გეოგრაფიკმა" სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა. ბათუმელების ნაწილი მოითხოვს აგრეთვე, ხელისუფლებამ გადაიფიქროს განზრახვა, ბათუმი "რივიერაზე" ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ, რომლითაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფია" დაინტერესებული. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ქალაქის მერს არ გასცეს ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გარეშე. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ რომ ბათუმის დამცველები გაერთიანდნენ და გამართავენ პერმანენტულ აქციებს, ვიდრე ადგილობრივი ხელისულება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ნესტან კირთაძე პატრიარქს: „ყურს ნუ მიუგდებთ, საპატრიარქოს კარის ,,მწიგნობრებს’’ და ფარისევლებს“

ისტორიკოსი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნესტან კირთაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს, შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

„ყურს ნუ მიუგდებთ, საპატრიარქოს კარის ,,მწიგნობრებს’’ და ფარისევლებს. ყურს ნუ მიუგდებთ თქვენთან სტუმრად მოსულ ჩინებს. ახლა თქვენს გულს მიუგდეთ ყური_ პატრიარქის მოწყალე გულს. ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური“, - წერს ნესტან კირთაზე ღია წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნდა:

„უცოდველი არავინ ვართ, მათ შორის არც მამა გიორგი მამალაძე, მაგრამ იგი მკვლელი არ არის, თქვენო უწმინდესობავ; ეს ახალგაზრდა კაცი ყველაზე მძიმე წარმოსახავაშიც კი ვერ წარმოიდგენდა მიმსგავსებულსაც კი და თქვენ ეს იცით, გრძნობთ, გითქვამთ კიდეც;

მამა გიორგის ციხე კი არ აშინებს, მამა გიორგის უსამართლობა, ბოროტ და ანგარებიან კაცთა მიერ დაგებული ხაფანგების ლაბირინთები აშინებს და ანადგურებს ყოველდღე; გავა დრო და მართალნიც და მოსეირენიც, ჩასაფრებულნიც და მოწყალენიც ერთხმად იტყვიან ამას. იტყვიან კია, მაგრამ დღეს და ახლააა მოლოდინი თქვენი პატრიარქული სიტყვის და მოწყალების“.

ნესტან კირთაძის თქმით, მამა გიორგი არ არის მკვლელი, ის "ბოროტ და ანგარებიან კაცთა მიერ დაგებული ხაფანგების ლაბირინთებში გახლართული ძეშეცთომილია".

ქუთაისელი ჰოკეისტი ქალების დამაჯერებელი სტარტი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე დარბაზის (ინდორ) ჰოკეიში ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ფინეთის ჩემპიონ „პორვოს" დიდი ანგარიშით - 16:0 სძლია.

ქუთაისელი გოგონები ,,ჩელენჯ"-2 ჯგუფში გამოდიან. ამ ჯგუფის ევროპის საკლუბო ჩემპიონატს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადში მასპინძლობს.

,,ქუთაისთან" ერთად ჯგუფში ფინური ,,პორვო", დანიური ,,კოპენჰაგენი" და სერბეთის ,,ბასკთ" ასპარეზობენ.

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაის ინფორმაციით, ტურნირის წინ „ქუთაისი“ უკრაინელი ჰოკეისტებით გაძლიერდა.

საქართველოს ჩემპიონი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: მედეა ბუჯანაძე,ლელა სვინტრაძე,ანი სალდაძე,თეონა კუპრაძე, თამუნა სუპატაშვილი,ბელა ბასილაძე,თამთა არუსია,ვალერია ტიშენკო, ბელა რუხაძე, პალინა ვოლოხოვა,

ბელგრადში გუნდს შეუერთდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ილონა რეჰინა.

ირანი აკრიტიკებს ვაშინგტონს ევროპელებზე ზეწოლისათვის, გავიდნენ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობა, დაიყოლიოს ევროპელი მოკავშირეები ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან გასვლაზე.

17 თებერვალს მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას, ზარიფმა გამოთქვა შეფასება, რომ შეერთებული შტატები ევროპელებს მოუწოდებს, „მასავით ძირი გამოუთხარონ საკუთარ უსაფრთხოებას“ და ნუ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.

ზარიფი მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპის ქვეყნებს - გერმანიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს - მოუწოდა, გავიდნენ შეთანხმებიდან და შეწყვიტონ მოქმედება აშშ-ის სანქციების წინააღმდეგ.

2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი 20 დღის შემდეგ იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა იპოვეს 16 წლის მოზარდის ცხედარი, რომელსაც 29 იანვრის შემდეგ ეძებდნენ.

ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.

მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, „უკან წაიყვანონ“ სირიაში შეპყრობილი 800-ზე მეტი ექსტრემისტი

2019 წლის 13 თებერვალი: "სირიის დემოკრატიული ძალების" წევრი მებრძოლი აღმოსავლეთ სირიის პროვინცია დეირ ეზორში სამხედრო ოპერაციის დროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, „უკან წაიყვანონ“ და მართლმსაჯულებას გადასცენ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 800-ზე მეტი მებრძოლი, რომელიც სირიაში დააკავეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და მათმა მოკავშირეებმა.

ტრამპი ტვიტერში წერს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელებს მოუწევთ მათი გათავისუფლება და ისინი ევროკავშირის ქვეყნებში დაბრუნდებიან, როგორც თავისუფალი ადამიანები და შეძლებენ, ისევ მიჰყონ ხელი ტერორიზმს.

ტრამპი არ აკონკრეტებს, არიან თუ არა დაკავებული ჯიჰადისტები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები. მაგრამ ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ევროკავშირის ასობით მოქალაქე იბრძოდა.

სპეცსამსახურების მონაცემებით, ექსტრემისტების ნაწილი ევროპაშია დაბრუნებული მას შემდეგ, რაც „სახალიფომ“ ერაყსა და სირიაში ტერიტორიების დაკარგვა დაიწყო.

აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ სარდლობის განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ რჩება ერთადერთი დასახლებული პუნქტი.

ბულგარეთში ულტრამემარჯვენეებმა პატივი მიაგეს ნაცისტების მომხრე გენერლის ხსოვნას

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ასობით ულტრამემარჯვენემ მიიღო მონაწილეობა ჩირაღდნებიან მსვლელობაში ნაცისტების მომხრე ბულგარელი გენერლის, ჰრისტო ლუკოვის ხსოვნის პატივსაცემად.

16 თებერვალს აქცია გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის პოლიტიკური პარტიებისა და ებრაელთა თემის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად.

დემონსტრაცია, რომელსაც "ლუკოვის მსვლელობას" უწოდებენ, ჩაატარა ულტრამემარჯვენე „ბულგარეთის ეროვნულმა კავშირმა“.

მეორე მსოფლიო ომში გენერალი ლუკოვი მხარს უჭერდა ნაცისტურ გერმანიას. ის ანტიფაშისტებმა მოკლეს 1943 წლის 13 თებერვალს.

ლუკოვი სათავეში ედგა ბულგარეთის ომის სამინისტროს 1935-38 წლებში, 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სარდლობდა ბულგარეთის ლეგიონების პრო-ნაცისტურ კავშირს.

მსვლელობის დაწყებამდე, ასობით ადამიანი შეიკრიბა კონტრდემონსტრაციაზე. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ინციდენტი არ მომხდარა.

ჰეზერ ნაუერტმა უკან წაიღო თავისი კანდიდატურა გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივან ჰეზერ ნაუერტს, რომლის კანდიდატურაც განიხილებოდა გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე, აღარ სურს ამ თანამდებობის დაკავება. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო შერჩეული.

თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ნაუერტი ასახელებს დაძაბულობას, რომელსაც მისი ოჯახის წევრები ბოლო ორ თვეში განიცდიდნენ.

ბევრი აკრიტიკებდა 49 წლის ნაუერტის კანდიდატურას, რადგან მას დიპლომატიასა და პოლიტიკაში გამოცდილების არქონის გამო არაკომპეტენტურად მიიჩნევდა.

ნაუერტი ყოფილი ტელეწამყვანი და კორესპონდენტია და 2017 წლის აპრილში გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი. 2018 წელს ის დამატებით დაინიშნა საჯარო დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ.

მას უნდა შეეცვალა ნიკი ჰეილი, რომელმაც ოქტომბერში გამოაცხადა, რომ 2018 წლის ბოლოს ტოვებს გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას.

ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვი“ ერგო ნადავ ლაპიდის ფილმ „სინონიმებს“

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კინოფილმისათვის განკუთვნილი პრემია, „ოქროს დათვი“, ერგო ისრაელელი რეჟისორის, ნადავ ლაპიდის ფილმ „სინონიმებს“.

ის რეჟისორს 16 თებერვლის საღამოს გადასცეს პრესტიჟული კინოფესტივალის პრემიებით დაჯილდოვების ცერემონიაზე.

საუკეთესო მსახიობებისათვის განკუთვნილი პრემიები ერგოთ ჩინელ მსახიობებს, იონ მეისა და ვან ჟინჩუნს ფილმში „დროებით, შვილო“ შესრულებული როლებისათვის.

„ბერლინალე“ წელს 69-ედ გაიმართა.

ბორჯღალოსნები ესპანეთთან მძიმე თამაშისთვის ემზადებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი

17 თებერვალს, 18.00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ერთი კვირის წინ საქართველოს გუნდმა რუმინეთი დაამარცხა (18:9), ხოლო ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა და 16:14 მოუგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მილტონ ჰეიგის თქმით, ბორჯღალოსნებს რთული შეხვედრა ელით.

„თუ გადავხედავთ ესპანეთთან წინა წლებში გამართულ მატჩებს, ადვილი შეხვედრა არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ამჯერადაც. ამ კამპანიის პერიოდში პირველ საშინაო მატჩს ვატარებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ წარვდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრების წინაშე“, - განაცხადა ახალზელანდიელმა სპეციალისტმა.

შეხვედრა თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG