Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ემზარ კვიციანის შეწყალების თხოვნით


საქართველოს პრეზიდენტს კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის შეწყალების თხოვნით მიმართა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა ემზარ კვიციანის შეწყალებას, უპასუხა, რომ მისთვის არავის მიუმართავს. ადვოკატის განმარტებით, ამ განცხადებიდან გამომდინარე პრეზიდენტს მიმართა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ემზარ კვიციანი შეიწყალოს. რაც შეეხება იმავე ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოხატულ პოზიციას, რომ შეწყალებისთვის ბრალის აღიარებაა აუცილებელი, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ასეთი რამ სავალდებულო არ არის. “კონსტიტუცია ერთპიროვნულად ანიჭებს პრეზიდენტს უფლებას მისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს და რადგან იერარქიულად კონსტიტუცია კანონზე უფრო მაღალი სამართლებრივი ნორმაა, სრული უფლება აქვს, ემზარ კვიციანი უპირობოდ შეიწყალოს“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ემზარ კვიციანისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული 12-წლიანი პატიმრობა ქუთაისის სააპელაციოში სასამართლოშია გასაჩივრებული და საქმის განხილვა მომავალი წლის იანვარში დაიწყება. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული რამდენიმე, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, ბრალდებით გაასამართლეს.

XS
SM
MD
LG