Accessibility links

ახალი ამბები

საფრანგეთში 12 ადამიანი დაიღუპა სატირულ ჟურნალზე თავდასხმისას

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, პარიზში, სულ ცოტა, 12 ადამიანი, მათ შორის რვა ჟურნალისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმისას. როგორც პოლიცია აცხადებს, დაჭრილია 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი მძიმედ. ჟურნალს ემუქრებოდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდასხმა შეაფასა, როგორც „ტერორიზმის აქტი“. „უკიდურესად ბარბაროსული დანაშაული ჩაიდინეს აქ პარიზში, ჟურნალის წინააღმდეგ - გამოცემის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლების განსახიერებაა“, განაცხადა ოლანდმა, რომელიც ინციდენტის ადგილას მივიდა. როგორც იუწყებიან, ოლანდი დღესვე აპირებს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას. საინფორმაციო სააგენტო „ასოიშიეიტიდ პრესი“ თვითმხილველის ნათქვამზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელსაც განხორციელდა თავდასხმა: მის ყოფილ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს, სავარაუდოდ, სპეციალური გამოცემისთვის, რომელიც სატირულად ასახავდა ისლამს.

ყველა ახალი ამბავი

რუმინელებმა უარი უთხრეს ანტიკორუფციულ კანონების შეცვლას

ეგზიტპოლების თანახმად, რუმინელთა უმეტესობას არ სურს გატარდეს ამ ქვეყანაში ზომები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას გაართულებდა.

26 მაისის კენჭისყრა პირველი გამოცდა იყო მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მცდელობისა, შეცვალოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა.

ცენტრისტი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოწოდებით ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს. იოჰანისმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა რეფერენდუმში მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, რაც 41 პროცენტს უდრიდა.

რეფერენდუმი შედეგებს 27 მაისს მოელიან, თუმცა პრეზიდენტმა გამარჯვება უკვე 26-ში საღამოს აღნიშნა.

სეტყვით დაზარალებულები გორში საპროტესტო აქცია მართავენ

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვით დაზარალებული სოფლების მცხოვრებნი ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

მანამდე მათ გორის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია, რომელზეც მოითხოვეს სახელმწიფომ აუნაზღაუროს სეტყვით მიყენებული ზარალი. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხი ვერ მიიღეს, აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

გასული კვირის ბოლოს მოსულმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა სკოლის მოსწავლეთა ნაწილმა გამოუცხადა

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, მათ მიმართ სოლიდარობის ნიშნად ქალაქში გაიფიცა სკოლების და საბავშვო ბაღების ნაწილი.

ჭიათურის არჩეულმა მერმა, გივი მოდებაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. მოდებაძის ინფორმაციით, გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად აქციაზე მივიდნენ ძირითადად, მათი შვილები მომხრეებთან ერთად.

რამდენიმე ასეული მაღაროელი მეორე კვირაა გაფიცულია ხელფასის გაზრდის, ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესების და ჭიათურაში მადნის გადამტანი მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის მოთხოვნებით.

რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, გაფიცულებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი

„მთელი ხელისუფლება ელოდება როდის დავარდება მალხაზ მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად! ტყუილად ირჯებიან და ტყუილად ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილი გატყდება და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება“ - ამის შესახებ განაცხადა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მან განცხადება გააკეთა შვილმოკლული მამების მიერ საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რომელიც 27 მაისს შესრულდა. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტის წინ არ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც ერთი წლის წინ დაწყებული აქციის ორგანიზატორი იყო.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლოვაში მხარში ედგა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.

„ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი გამოვიარე, იმდენი ზეწოლა, იმდენი პროვოკაციები, იმდენი ტალახის სროლა, იმდენი შანტაჟები. მაგრამ ამის მიუხედავად, პირდაპირ მთელ საქართველოს ვეუბნები, მთელ ქართველ ერს ვეუბნები, ყველა ჩემს მომხრეს ვეუბნები - მე დღეს მაქვს პრეტენზია მთელს ხელისუფლებასთან. სანამ მთელი ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობის გამო არ აგებს პასუხს, მე აქედან წამსვლელი არ ვარ. ეს პროტესტები გაგრძელდება“ - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში იტყვის, თუ რა მასშტაბით და სტრატეგიით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.

მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას კომპანიამ მიაწოდა.

1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან - 10%-იანი ზრდა;

2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან - ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე.

3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე - რიგითი ჭიათურელებისთვის.

სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავ მოუწოდებს თანამშრომლებს, პასუხისმგებლობით გაიაზრონ ის მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს და, კომპანიასთან ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება, რაც, დარწმუნებულები ვართ, განმუხტავს სიტუაციას და ურთიერთსასარგებლო შედეგით დასრულდება.

კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია და იმედოვნებს, რომ, სწორად გაანალიზების შემთხვევაში, გაფიცული მაღაროელები საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ,- ნათქვამია "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაში.

ნინოს ხევის ჩანჩქერთან დაკარგული გოგონას ცხედარი იპოვეს

საძიებო ოპერაციის ადგილი ლაგოდეხში

მაშველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნინოს ხევის ჩანჩქერის მახლობლად იპოვეს 16 წლის გოგონას ცხედარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცუდი ხილვადობის, მდინარის სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში.

26 მაისს დაკარგული გოგონა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელი იყო. სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათი გამოკითხვა ლაგოდეხის პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, 16 წლის გოგონა მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

დავით სერგეენკო გაფიცული მაღაროელების საკითხზე - ასეთ შემთხვევაში მთავრობის ჩართულობა რჩება

სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის,- განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურელი მაღაროელებისგაფიცვის შესახებ.

სერგეენკოს განცხადებით, ის მაღაროელებს შაბათს შეხვდა და ესაუბრა მათ.

„ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატების არის ჩვენი უშუალო ვალდებულება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ. რაც შეეხება ხელფასების მატებას, უნდა შეიქმნას იმის საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც კი აქვს რომ მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის",- განაცხადა სერგეენკომ.

გაფიცული მაღაროელები ხელფასების 50%-ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

4-22 ივნისს არგენტინა რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას თორმეტი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს. მათ შორის საქართველოც. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი უკვე გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, 28 სპორტსმენით.

უმცროსი ბორჯღალოსნები 4 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველსავე შეხვედრაში უმთავრეს ფავორიტს - ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. მათ გარდა, ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებებსაც შეხვდებიან და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, საბოლოოდ რომელი პოზიციისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გამოვა. პირველ ორ ცდაზე მხოლოდ თითო თამაში მოიგო. 2016 წელს იტალიასთან (18:17), ხოლო 2017 წელს - არგენტინასთან (26:25). შარშან კი სამი მეტოქე დაამარცხა: ირლანდია (24:20), იაპონია (24:22) და შოტლანდია (39:31). საუკეთესო შედეგიც შარშანდელ ჩემპიონატზე დაფიქსირდა - მეცხრე ადგილი.

მდინარეში გაუჩინარებულ გოგონას მყვინთავებიც ეძებენ

დილიდან მყვინთავების მონაწილეობით განახლდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნინოსხევში 26 მაისს გაუჩინარებული 16 წლის გოგონას ძებნა.

მდინარესა და ხმელეთზე მიმდინარე სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ ლაგოდეხის, გურჯაანის და თბილისის სამსახურების მაშველები და მყვინთავები.

დაკარგული გოგონა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელია. სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათი გამოკითხვა ლაგოდეხის პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, 16 წლის გოგონა მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

მომხდარის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მისი ინფორმაციით,„ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ამიტომ ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისა და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

პრემიერ-მინისტრი ციპრასი ხმას აძლევს ევროპარლამენტის არჩევნებში

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც მისი პარტია „სირიზა“ ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

წინასწარი შედეგებით, ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 33,3% მიიღო ოპოზიციურმა პარტიამ „ახალმა დემოკრატიამ.“ მმართველ „სირიზას“ ხმა მისცა 23,9%-მა. წინასწარი შედეგებით, სოციალისტურ მოძრაობას „პასოკს“ ხმების 7,7% ერგო, კომუნისტურ პარტიას 5,5%, ულტრამემარჯვენეებს კი 4,5%.

751 წევრიან ევროპარლამენტში საბერძნეთს 21 დეპუტატი ჰყავს.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ დაელოდება 2 ივნისს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს და ამის შემდეგ, პრეზიდენტს თხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

საბერძნეთის მედიასაშაულებების ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, 30 ივნისს ჩატარდეს.

სააპელაციო სასამართლოში სრულდება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა პროცესი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნები გ.ბ. და გ.ჯ. ამის შემდეგ მოსამართლეთა პალატის წევრები გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავლენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა 17 საათზეა დანიშნული.

პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გ.ჯ. მსჯავრდებულია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და მისჯილი აქვს 9 წლით და 9 თვით პატიმრობა. შესაბამისად, ამ განაჩენის მიხედვით დაუდგენელია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე.

თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში უპარტიო ეკონომისტი იმარჯვებს

გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ხმების 71%-ზე მეტით იმარჯვებს 55 წლის ეკონომისტი გიტანას ნაუსედა. ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერი ნაუსედა პოლიტიკაში საბანკო სექტორიდან მივიდა და ოფიციალურად კავშირი არ აქვს არცერთ პარტიასთან.

მეორე ტურში კენჭს იყრიდა ლიეტუვის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, კონსერვატიული პარტიის კანდიდატი ინგრიდა შიმონიტე. მას ხმა მისცა დაახლოებით 27%-მა. შიმონიტემ დამარცხება უკვე აღიარა. მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 53% იყო.

ლიეტუვის პრეზიდენტი 5 წლით აირჩევა, არაუმეტეს ორი ვადისა. ეს ვადა ეწურება მოქმედ პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც თანამდებობას 2009 წლის მაისიდან იკავებს.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, უმრავლესობას მხოლოდ ერთმანეთთან ალიანსით სავარაუდოდ, ვეღარ შექმნიან უმსხვილესი ფრაქციები „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი.“

დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის 27 სახელმწიფოში მიცემული ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, „სახალხო პარტიის“ ფრაქციას ექნება ევროპარლამენტის 751-დან 179 მანდატი, რაც წინა არჩევნების შედეგზე 42 მანდატით ნაკლებია. წინასწარი მონაცემებით, 36 ადგილს კარგავენ და ამ მოწვევის ევროპარლამენტში 150 დეპუტატი ეყოლებათ სოციალ-დემოკრატებს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის მიერ მიღებული ხმების ხარჯზე სავარაუდოდ, 39 წევრით გაიზრდება „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის“ ფრაქცია, რომელსაც 107 დეპუტატი ეყოლება. წინასწარი შედეგებით, წინა მოწვევის ევროპარლამენტთან შედარებით 18-ით მეტი, საერთო ჯამში 70 დეპუტატი ეყოლება „მწვანეების და „ევროპის თავისუფალი ალიანსის“ ფრაქციას.

წინასწარი შედეგებით, 18 მანდატი დაკარგეს და ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 58 წევრი ეყოლებათ „ევროპელ კონსერვატორებს და რეფორმისტებს.“ 21 ადგილით მეტი მოიპოვა და 58 მანდატით იქნება წარმოდგენილი „ერების და თავისუფლების ევროპა,“ სადაც შედის ფრანგი ნაციონალისტის მარინ ლე პენის პარტიაც.

წინასწარი მონაცემებით, 15 მანდატით მეტი ერგო და 56 დეპუტატი ეყოლება ფრაქციას „ევროპა თავისუფალი და პირდაპირი დემოკრატიისთვის." 12 ადგილი დაკარგეს და 38 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი "გაერთიანებული მემარცხენეების" ფრაქცია. ევროპარლამენტის დანარჩები მანდატები ფრაქციებს მიღმა მყოფ პარტიებზე განაწილდება.

ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 28 წევრ ქვეყანაში 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა, ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ შეადგინა 52%-მდეა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყვარელში სამი სოფელი დაისეტყვა

ცოტა ხნის წინ სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. სოფლებში: გავაზში, ჭიკაანში და ახალსოფელში დაზიანებულია ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები, ასევე სხვა ერთწლიანი კულტურები. ქარმა ხეებიც მოგლიჯა, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეაფერხა. ზარალს სპეციალური კომისია, დაითვლის, რომელიც მშბას ხვალ დილიდან დაიწყებს.

საქართველოს ეწვია აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაცია

აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისს ეწვივნენ აშშ-ის კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები.

ვიზიტის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში არ არის დასახელებული დელეგაციის წევრთა ვინაობა.

კონგრესის თანამშრომლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელებს, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გეგმაში შედის აგრეთვე დელეგაციის ჩასვლა წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში და სოფელ დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულება.

დელეგაცია 1 ივნისამდე დარჩება საქართველოში.

ჩავუშოღლუ: საქართველო თურქეთისათვის „მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აღნიშნავს, რომ „საქართველო თურქეთისათვის არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორიც“.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ჩავუშოღლუმ გაუგზავნა თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

მინისტრი გამოთქვამს შეფასებას, რომ „საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია“.

ჩავუშოღლუ ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს და გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის „სამაგალითო“ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედს.

თბილისში გაიმართება დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფორუმი

თბილისი, 2014 წლის 13 ოქტომბერი: დიასპორის ეკონომიკური ფორუმი

თბილისი 27-28 მაისს უმასპინძლებს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმი ისახავს მიზნებს, როგორიცაა „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავება“ და „მათი აქტიური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის წარმომადგენლები.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ გაიმართება ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის,სახალხო დიპლომატიისა და სხვა მიმართულებებით. გაიმართება აგრეთვე კულტურული ღონისძიებები.

მდინარე ნინოსხევში 16 წლის გოგო ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო

ნინოსხევი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდიბარე ტერიტორიაზე ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი ერთ-ერთი წევრი, 16 წლის გოგო მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. ამ წუთებში ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.

როგორც რადიო თავისუფლებას სამაშველო სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, 16 წლის გოგონას ძიება ხმელეთსა და წყალში მის პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჭიათურაში უშედეგოდ დასრულდა გაფიცულთა შეხვედრა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან

2019 წლის 25 მაისი: ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა

ჭიათურაში უშედეგოდ დასრულდა გაფიცული მაღაროელების შეხვედრა კომპანია „ჯორიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და მოაწყვეს მსვლელობა ქალაქიდან კომპანიის წასვლის მოთხოვნით.

მაღაროელები აპირებენ, განაგრძონ გაფიცვა და შიმშილობა, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

15-მა მაღაროელმა 10 დღის წინ გამოაცხადა შიმშილობა. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათავსეს. მაგრამ მკურნალობის შემდეგ ის კარავში დაბრუნდა და ისევ შეუერთდა შიმშილობას.

ჭიათურაში ორი კვირის წინ დაიწყო მაღაროელთა საპროტესტო აქცია, რომელშიც 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

გაფიცულები მოითხოვენ ხელფასის მომატებას 30%-ით, ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას და მადნით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას.

პაკისტანისა და ინდოეთის ლიდერებმა პირველად ისაუბრეს სამხედრო კონფრონტაციის საფრთხის შემდეგ

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხარნმა ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თავის კოლეგას, ნარენდრა მოდის.

ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერების პირველი საუბარი წელს სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეში გადაზრდილი დაძაბულობის შემდეგ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 მაისის განცხადებით, ხანმა კვლავ ილაპარაკა თავის „ხედვაზე სამხრეთ აზიაში მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობის“ შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრ მოდისთან ითანამშრომლებს ამ მიზნების მისაღწევად.

ხოლო ინდოეთის საგარეო უწყების თანახმად, მოდიმ აღნიშნა, რომ ნდობით სავსე გარემო და "ძალადობისა და ტერორიზმისაგან თავისუფალი გარემო" არის არსებითი მნიშვნელობის ფაქტორები რეგიონში მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობისათვის.

ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს შორის დაძაბულობა თებერვალში გამწვავდა. პაკისტანში დაფუძნებული ექსტრემისტული ჯგუფის თავდასხმამ ქაშმირის რეგიონში შეიწირა, სულ ცოტა, 40 ინდოელი პოლიციელი, რასაც მოჰყვა ინდოეთის ავიადარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე.

დელი დიდი ხანია ადანაშაულებს პაკისტანს ქაშმირში ექსტრემისტების დახმარებაში, რასაც ისლამაბადი უარყოფს.

1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთმა და პაკისტანმა სამჯერ იომეს.

ისრაელი აკრიტიკებს გერმანიაში ებრაელთა ტრადიციული ქუდის შესახებ გაცემულ რეკომენდაციას

ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი

ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი აკრიტიკებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ეხება ებრაელთა ტრადიციული ქუდის, კიპის ტარებას.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში, ფელიქს კლაინმა ებრაელებს ურჩია, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გერმანიაში ნუ დაიხურავენ კიპას.

სამაუწყებლო კორპორაცია „დოიჩე ველეს“ ცნობით, ისრაელის პრეზიდენტმა გერმანიის მთავრობას შეახსენა „ვალდებულებები“ ებრაელთა სათვისტომოს წინაშე და მოუწოდა მას, ნუ წავა დათმობებზე ანტისემიტებთან.

წინა დღეს ფელიქს კლაინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ებრაელებისათვის ჯობია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნუ გამოჩნდებიან კიპით „საზოგადოებაში შემაკავებელი მექანიზმების“ შესუსტებისა და იუდაიზმის მიმდევართა მიმართ „სისასტიკის“ ზრდის გამო.

კლაინის შეფასებას დაეთანხმა გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, იოზეფ შუსტერი.

მან აღნიშნა, რომ ზოგ მსხვილ ქალაქში ებრაელები დგანან „პოტენციური საფრთხის“ წინაშე იმ შემთხვევებში, როცა მათი გარეგნული მხარე ამხელს მათ რელიგიურ მრწამსს.

ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტს“ აფხაზეთის „საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა

მოსკოვი, 2018 წლის 24 აგვისტო: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (ცენტრში) საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან, ანატოლი ბიბილოვთან (მარცხნივ) და რაულ ხაჯიმბასთან ერთად

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვს აფხაზეთის „საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა.

მიზეზად სახელდება საქართველოს ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი "პირადი წვლილი“ და რეგიონში „მშვიდობისა და სტაბილურობის" გამყარება.

ამის შესახებ ბიბილოვს აუწყა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების „მინისტრმა“, ლევ კვიცინიამ ცხინვალში ვიზიტისას.

მან მადლობა გადაუხადა ბიბილოვს აფხაზი ხალხისადმი გულთბილი დამოკიდებულებისათვის.

17:10 საათზე საქართველოს 15 ქალაქში ერთდროულად შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დღეს, ზუსტად ამ დროს თბილისსა და საქართველოს კიდევ 14 ქალაქში ერთდროულად შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

დედაქალაქთან ერთად ჰიმნს მღეროდნენ: რუსთავში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, ქუთაისში, ამბროლაურში, ზუგდიდში, მესტიაში, ფოთში, სტეფანწმინდასა და ოზურგეთში.

გერმანიაში უკრაინის ელჩი: რუსეთს „ჰამბურგის სანქციები“ მოელის

უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი

გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის გნცხადებით, რუსეთს მოელის „ჰამბურგის სანქციები“, თუ უარს იტყვის საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესრულებაზე.

შაბათს ტრიბუნალმა, რომელიც ჰამბურგშია განთავსებული, რუსეთს დაავალა 2018 წლის ნოემბერში ყირიმთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება და უკრაინისათვის მისი სამხედრო ფლოტის სამი გემის დაბრუნება.

მელნიკის თქმით, მან უკვე მიმართა გერმანიის მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ჰაიკო მასს მოწოდებით, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა და მოითხოვონ ტრიბუნალის ვერდიქტის დაუყოვნებლივ შესრულება.

სანქციებისათვის მიზეზი საჭირო არ არის, ისედაც ერთმანეთის მიყოლებით იღებენო, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ამავე სამინისტროში „გამორიცხული“ უწოდეს გაეროს 1982 წლის კონვენციის გამოყენებას ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის მოსაგვარებლად. მანამდე რუსეთმა უარი თქვა საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომებში მონაწილეობაზე.

გაეროს საზღვაო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები

ქერჩის ინციდენტის დროს რუსეთის მიერ დაკავებული დაკავებული ერთ-ერთი უკრაინელი მეზღვაური, ვიაჩესლავ ზინჩენკო

გაეროს საზღვაო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთმა „დაუყოვნებლივ“ უნდა გაათავისუფლოს 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი სამხედრო გემი, რომლებიც დააპატიმრა ნოემბრის თვეში.

ეს გადაწყვეტილება გერმანიაში, ჰამბურგში დაფუძნებულმა საზღვაო კანონმდებლობის საერთაშორისო ტრიბუნალმა 25 მაისს მიიღო. საჩივარი უკრაინამ შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთმა გემები დააკავა ქერჩის ხიდის მახლობლად. ეს ხიდი ერთმანეთს აკავშირებს შავ ზღვაში ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ტერიტორიას.

ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ინ-ჰიუნ პაიკმა განაცხადა, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთმა „დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს უკრაინას სამი გემი და გაათავისუფლოს მეზღვაურები", მიეცეთ მათ უკრაინაში დაბრუნების საშუალება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს კონვენცია საზღვაო კანონების შესახებ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, როგორც მან უწოდა, „ქერჩის სრუტეში ინციდენტის გამო დავაში“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG