Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


რიგაში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ლატვიის დედაქალაქში დღეს ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის განვითარების წელი," რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. 1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 გამოცხადებულია ევროპის განვითარების წლად, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებიდან რიგის კონფერენციაზე გამოსვლისთვის მხოლოდ საქართველოა მიწვეული. სამთავრობო დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG