Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს


უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ რუსეთის მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ პრო-მოსკოვურად განწყობილმა სეპარატისტებმა სრულად დაიკავეს დონეცკის აეროპორტი. არმიის პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს მიერ კიევში გაკეთებული განცხადების თანახმად, უკრაინის ძალები „ინარჩუნებენ კონტროლს ამ სტრატეგიულ ობიექტზე“. ლისენკომ დასძინა, რომ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე იერიში განახორციელეს და „დიდი დანაკარგი“ განიცადეს. უფრო ადრე რუსეთის მედიამ სეპარატისტთა ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გასული ღამის განმავლობაში აეროპორტიდან განდევნეს დარჩენილი ოციოდე უკრაინელი სამხედრო. აეროპორტთან ფაქტობრივად უწყვეტად მიმდინარეობს ბრძოლა მხარეებს შორის, მიუხედავად სექტემბერში მიღწეული საზავო შეთანხმებისა. გაეროს უშიშროების საბჭომ 16 იანვარს გამოაცხადა, რომ უკრაინის კრიზისზე მსჯელობის მიზნით მომავალ კვირაში სხდომას გამართავს. ეს საბჭოს 27-ე შეხვედრა იქნება ამ კრიზისის თაობაზე, რომელსაც 4,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG