Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს გარშემო მუსლიმები აპროტესტებენ „შარლი ებდოს“ კარიკატურას


მსოფლიოს გარშემო ათასობით მუსლიმი გავიდა ქუჩებში ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ ყდაზე წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გაპროტესტების მიზნით. კარაჩიში პაკისტანის პოლიციამ 16 იანვარს ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა 200-მდე დემონსტრანტის დასაშლელად - ძირითადად სტუდენტების, რომლებსაც რელიგიურ პარტიასთან, ჯამაათ-ე-ისლამისთან აქვთ კავშირი. საფრანგეთის საკონსულოსთან დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის სააგენტო „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფი, რომელსაც ესროლეს. იორდანიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს ამანში, საფრანგეთის საელჩოსკენ წასულიყვნენ. დემონსტრაციები გაიმართა აგრეთვე ალჟირში, სირიაში, ინდოეთში და ფილიპინებზე. იერუსალიმში აქცია გამართეს პალესტინელებმაც. „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის ყდაზე გამოსახულია მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი“ - როგორც სოლიდარობის გამოცხადება იმ 12 ადამიანისთვის, რომლებიც პარიზში, პუბლიკაციის რედაქციაზე მიტანილი იერიშის დროს მოკლეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა.

XS
SM
MD
LG