Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი გამოაქვეყნებს მარიუპოლის დაბომბვის შესახებ ანგარიშს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული კომიტეტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, მარიუპოლში შაბათს იერიშები განახორციელეს სეპარატისტებმა. პოროშენკოს განცხადებით, დაკავებულია იერიშის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ჩვენებას იძლევა. 26 იანვარს უკრაინის ხელისუფლება აპირებს მარიუპოლის დაბომბვაში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მონაწილეობის დამადასტურებელი ანგარიშის სრული ტექსტისა და მტკიცებულებების გამოქვეყნებას. პოროშენკომ აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებით, ტერიტორიაზე, საიდანაც იბომბებოდა მარიუპოლი, არ უნდა ყოფილიყო მძიმე შეიარაღება. უკრაინის არტილერიამ მწყობრიდან გამოიყვანა „გრადის“ ტიპის ოთხი დანადგარი, რომლიდანაც იერიში მიიტანეს მარიუპოლზე. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებისას 110 სეპარატისტი დაიღუპა და 90 დაიჭრა. ამასთან, პოროშენკომ აღნიშნა, რომ კიევი კვლავაც მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. 26 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ დონბასში ვითარების მოგვარების საკითხზე სხდომის გამართვას. უკრაინა აპირებს ამ სხდომაზე დააყენოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნობისა და რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერების საკითხი. ბოლო მონაცემებით, მარიუპოლის დაბომბვას ემსხვერპლა 30 ადამიანი, 95 დაიჭრა. დაზიანდა, ან დაინგრა დაახლოებით 80 შენობა, მათგან თითქმის 60 საცხოვრებელი სახლია. მარიუპოლის დაბომბვის გამო 25 იანვარს უკრაინაში გლოვის დღე იყო.

XS
SM
MD
LG