Accessibility links

ახალი ამბები

კიევი ჰააგის სასამართლოს მიმართავს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მთავრობას დაავალა მოამზადოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურა. კიევ სურს, რომ ჰააგის სასამართლომ გამოიძიოს 2014-2015 წლებში უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა კიევში გაიმართა მარიუპოლის დაბომბვიდან მეორე დღეს. სარაკეტო იერიშებს მარიუპოლში ემსხვერპლა 30 ადამიანი, ასამდე დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი

„თიბისი ბანკზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის ადგილიდან კომპიუტერები ამოიღეს

თბილისში, რუსთაველის 12-დან, საიდანაც „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა, კომპიუტერები ამოიღეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

"თიბისი ბანკი" შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კიბერთავდასხმის მისამართად რუსთაველის 12-ს უთითებს. აღნიშნულ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მეზვრიშვილი ადასტურებს.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისი სავარაუდოდ, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები და რამდენად მოხდება ყანდიაშვილის დაკითხვა, შს მინისტრის განმარტებით, თუკი, გამოძიება საჭიროდ ჩათვლის ყანდიაშვილის გამოკითხვას, ის დაიკითხება.

"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, რამდენიმე თვეა, ეს გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და ერთ კვირაში. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, როგორც გამოკითხვები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12-დან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებისთვის საკმარისი არ არის მცირე დრო", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

უკრაინული სანქციების გამო განმარტებას ითხოვს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

მირანდა თურმანიძე

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამრომელი მირანდა თურმანიძეც აღმოჩნდა 848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.

მირანდა თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ რამდენიმე წლის წინ სევასტოპოლიდან მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არავის უფიქრია, რადგან ითვალისწინებენ უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებს და იმას, რომ რუსეთის ქმედებების გამო უკრაინა და საქართველო ერთნაირ მდგომარეობაში არიან.

მირანდა თურმანიძის ინფორმაციით, მიმწვევს აინტრესებდა, თუ რაზე მუშაობდა, ამიტომ ერთადერთი, რაც საპასუხოდ გაგზავნა, იყო აბზაცი იმის შესახებ, რომ მუშაობს შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილ, ანტიკური ხანის სამკაულებზე.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი აპირებს განმარტებისთვის მიმართოს უკრაინის საელჩოს.

„აი ასე, ჰაერზე ადამიანი გამოაცხადო არასასურველ პერსონად მემგონი, ცოტა უხერხულია. სანამ არასასურველ ადამიანად გამოაცხადებს სახელმწიფო, უნდა კითხოს, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი“ - განაცხადა მირანდა თურმანიძემ.

სანქციების სიაში აღმოჩნდა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაშიც, რომელიც მისი ინფორმაციით, უკრაინაში არასდროს ყოფილა. ხალვაში აპირებს განმარტებისთვის მიმართოს უკრაინის საელჩოს და სიტუაციის გარკვევა თხოვოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს.

სანქციების მიზეზებად დასახელებულია:

ერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;

უკრაინის სამხედრო გემების და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;

ყირიმში უკანონოდ ჩასვლა

ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;

უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება;

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

უკრაინის სანქციების სიაში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორიც მოხვდა

მერაბ ხალვაში

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში აღმოჩნდა 848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.

ინფორმაცია სანქციების შესახებ მერაბ ხალვაშმა დღეს დილით შეიტყო რადიო თავისუფლებისგან. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ამ ფაქტს უცნაურს და გაუგებარს უწოდებს.

„ჩვენ, როგორც უნივერსიტეტს, უკრაინის არაერთ უნივერსიტეტთან გვაქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, თუმცა, პირადად მე უკრაინაში არასდროს ნამყოფი არ ვარ და თითქმის ყველა რექტორი, რომლებთანაც მემორანდუმები გაფორმდა, ჩამოდიოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - ამბობს მერაბ ხალვაში.

მან რადიო თავისუფლებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ თავადაც ნახა უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი სანქციების შესახებ, სადაც არ ჩანს კონკრეტული მიზეზი.

რექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სევასტოპოლში 2017 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ანტიკური პერიოდის შესახებ.

„მოსაწვევ სიაში შეიძლება ვყოფილიყავი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქ არ ჩავსულვარ და არც მოხსენება გამიგზავნია“ - განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

რექტორის ინფორმაციით, კონფერენცია ტარდებოდა უკრაინის ყირიმში მდებარე ტავრიის ხერსონესის მუზეუმ-ნაკრძალში და მასზე მოხსენებისთვის მიიწვიეს, როგორც ანტიკურობის მკვლევარი და ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი.

მერაბ ხალვაშის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ის ტარდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამასთან, მონაწილეთა შორის იყო "რუსეთის ანტიკოსების ასოციაცია."

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ამჟამად ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს და განმარტებისთვის უკრაინის საელჩოს მიმართავს. მერაბ ხალვაში აპირებს მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და საქართველოს საელჩოს უკრაინაში.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს.

სანქციების მიზეზებად დასახელებულია:

ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;

უკრაინის სამხედრო გემების და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;

ყირიმში უკანონოდ ჩასვლა

ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;

უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება;

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

ავაქოვმა 300 დოლარიანი პიარი უწოდა სააკაშვილის განცხადებას უკრაინაში დაბრუნების შესახებ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი გამორიცხავს ქვეყანაში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. ამის შესახებ ავაქოვმა განუცხადა ჟურნალისტ დმიტრი გორდონს.

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ გორდონთან ინტერვიუში თქვა, რომ უკვე ნაყიდი აქვს ვარშავა-კიევის ავიაბილეთი და უკრაინაში 1 აპრილს ბრუნდება. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ვერც მეორე ტურში გავა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უწოდა „300 დოლარიანი პიარი 1 აპრილისთვის."

„მან გადაწყვიტა ამ სახით გადაეხადა თავისი დროის საფასური თქვენს არხზე“ - უთხრა ავაქოვმა გორდონს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ჩაჯდება, რადგან უკრაინაში ჩასვლა აკრძალული აქვს და არ შეუშვებენ.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვა.

2018 წელს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლის თებერვლამდე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.

უკრაინამ სანქციები დაუწესა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს.

მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებთა ელჩი ოლეგ არშბა და დე ფაქტო პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა. ისინი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებულ „არჩევნებს“ აკვირდებოდნენ.

ამავე მიზეზით სანქციები დაუწესდათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრებს ბახვა თედეევს, რუსლან თედეევს, დავით გაზაევს, იგორ ჩოჩიევს და იგორ ყოჩიევს.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ პარლამენტში ისაუბრებს

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფოტოები ანაკლიაში

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა თავად მოისურვა საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო.

პორტის მშენებლობისთვის სავარაუდო საფრთხის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა დაინტერესდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.

საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი. ორივე მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პროკურატურის ინტერესის საგნად ქცეულ ტრანზაქციას რაიმე კავშირი აქვს „ფულის გათეთრებასთან."

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა დაუშვა ბრექსიტის ხანმოკლე ვადით გადატანა

დონალდ ტუსკი

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა დაუშვა ბრექსიტის ხანმოკლე ვადით გადატანა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მოიწონებს ადრე შეთანხმებულ გარიგებას ბრიუსელთან. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის ორგანიზებული გასვლის იმედი სუსტია, მაგრამ ევროკავშირი კვლავაც შეეცდება ამის მიღწევასო, დასძინა ტუსკმა.

ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის გადადება 30 ივნისამდე. დონალდ ტუსკისადმი მიწერილ წერილში მან აღნიშნა, რომ ემზადება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე პარლამენტის მესამე კენჭისყრისთვის.

თავდაპირველად ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა 29 მარტისთვის იყო დანიშნული. მაგრამ ბრიტანეთის დეპუტატებმა ორჯერ უკუაგდეს ბრიუსელთან ტერეზა მეის გარიგება. ამასთან, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას გარიგების გარეშე და ბრექსიტის გადატანას მიემხრო.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი პროპაგანდა გრძელდება - მამუკა ბახტაძე

არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისი“-მ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს დასმული შეკითხვის პასუხად.

სოციალური ქსელის მომხმარებელს აინტერესებდა „მაშინ, როცა მთავრობა თავს იწონებს უსაფრთხო ბიზნესგარემოთი, რატომ მოხდა „თიბისი ბანკზე“ შეტევა და რატომ ჭიანურდება ანაკლიის პროექტის განხორციელება“.

„არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისი“-ს გარშემო არ არსებობს. „თიბისი“-მ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება „თიბისი“-ს სახელთან ამ ყველაფრის.

„თიბისი ბანკი“ არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეკონომიკაში. მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ ნუ ახდენთ ამ საქმეების ერთმანეთთან გადაჯაჭვას, ეს არ შეესაბამება რეალობას და ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია, შესაბამისი არასწორი სახელის დარქმევით. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილზე ამ საქმის ბანკის საქმეზე ხელოვნურად მიერთებამ რაღაცა გავლენა იქონია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას კი დასძინა, რომ საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას აუცილებლად ექნება ის.

„სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტისადმი.“

მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია.

ზურაბ დათუნაშვილი: „ადვოკატის სიტყვები სიცრუეა“

ზურაბ დათუნაშვილი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის განცხადებით, მან სასამართლოს სთხოვა დახმარება, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის სხვა ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.

„ზუსტად ვიცი, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სხვა კონფლიქტები და ინციდენტებიც ჰქონია. მაქვს ინფორმაცია, რომ მას გარკვეული პერიოდის წინ, შენგენის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა გარკვეული პერიოდით ჰქონდა აკრძალული. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ახლა სასამართლოს ვთხოვეთ დახმარება“, - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

უკვე გავრცელდა ზურაბ დათუნაშვილის კომენტარიც. მოჭიდავემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ რამდენიმე თვის წინ მოიარა ევროპის ბევრი ქვეყანა და ადვოკატის სიტყვები სიცრუეა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ძალადობაშია ბრალდებული. გამოძიება თბილისის სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო დაიწყო, რომლის დროსაც გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა დღეს გაიმართა. შემდგომი კი 19 აპრილისთვის ჩაინიშნა.

კომპანია Walt Disney-მ იყიდა კინოსტუდია 21st Century Fox-ი

კომპანიის დამაარსებლის, უოლტ დისნეისა და მისი მულტფილმების გმირის, მიკი მაუსის ქანდაკება ტოკიოს გარეუბანში მდებარე "დისნეილენდში".

კომპანია Walt Disney-მ იყიდა კინოსტუდია 21st Century Fox-ი. გარიგებამ 71 მილიარდი დოლარი შეადგინა. Disney-ის მფლობელობაში გადავიდა ასევე პროდუქციის სტუდიები, საკაბელო ქსელები FX და National Geographic-ი.

ახალმა მფლობელმა ასევე მიიღო უფლებები ზოგიერთ პოპულარულ ფრენჩაიზზე. მათ შორისაა „ავატარი“, „სიმპსონები“ და სხვ. Fox-ის ყოფილმა მფლობელმა, მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა უკვე შექმნა ახალი კომპანია Fox Corporation-ი. მასში შევლენ გაუყიდავი აქტივები: Fox News-ი, რეგიონული ტელესადგურები და სპორტული ტელეარხები.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ 21st Century Fox-ი უმსხვილესი შენაძენია Disney-ის არსებობის 96 წლის განმავლობაში.

თეა წულუკიანი: მე არ ვთვლი, რომ მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს დამნაშავედ არ მიიჩნევს. „იმიტომ რომ ეს არ არის დამტკიცებული,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე.

თქვენ იძახით ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცეების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ? ეჭვი არსებობს? კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით,“-აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.

"ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად, დამიბარეთ და კითხვები ვერ შეიმუშავეთ… თუ შეიქმნება მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,”- აღნიშნა თეა წულუკიანმა. კომისიის შექმნისა და იქ გამოსაკითხად მისი დაბარების შემთხვევაში, მინისტრი მზადაა პარლამენტში მივიდეს.

პანკისის ხეობაში 2017 წლის 27 დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად მისი ოჯახი და ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ეს არ არის თემა რომელიც პარლამენტს ეხება - თეა წულუკიანის განმარტება რატომ გეგმავდა გადადგომას

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისევ არ უპასუხა შეკითხვას, რა მიზეზით აპირებდა თანამდებობიდან წავლას. პარლამენტში სიტყვებით გამოსვლისას მას ეს შეკითხვა "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა გიგი წერეთელმა და ირმა ნადირაშვილმა დაუსვეს.

თეა წულუკიანმა პასუხის გაცემა, შეკითხვის ავტორების გამოხატვის ფორმების შეფასებით დაიწყო.

„ბატონმა გიგიმ შეკითხვა მისთვის ჩვეული დარბაისლობით დასვა. ქალბატონმა ირმამ თქვა, რომ „რატომ მოუწყე ივანიშვილს შანტაჟიო?“. როდიდან დაიწყო ქალბატონმა ირმამ ივანიშვილზე ასე დარდი, არ ვიცი, მაგრამ ამას მხოლოდ მივესალმები“.

ამ შეფასების შემდეგ თეა წულუკიანმა განმარტა, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი სადაც ამ საკითხის განმარტების ვალდებულება აქვს.

„არ ვიცი აღმასრულებელი ხელისიფლების თვალშირამდენად სწორი პოზიცია იყო ის, რაც მქონდა და დღესაც მაქვს, ამიტომ ეს პოზიცია გავხადე მსჯელობის საგნად და ვთქვი, რომ თუ ამ პოზიციას ვერ გაიზიარებთ, მოდით სხვამ შეასრულოს ეს უფლებამოსილებები და მიუხედევად იმისა, რომ პარტიის წევრი არ ვარ მე კვლავ დავრჩები, ნებისმიერი პოზიციიდან მათი დამხმარე და გულშემატკივარი. თუ რას ეხებოდა ეს საკითხი, მაპატიეთ და არ ვთვლი საჭიროდ ამაზე ლაპარაკს. იმიტომ, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც პარლამენტს ეხება და ეს არ არის ის თემა, რომელიც რაიმე ტიპის საზოგადოებრივ ინტერესს ეხება“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს აგროვებენ

ოპოზიციური პარტიები 15 ივნისამდე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს და აფართოებს აქციის არეალს.

ხელმოწერების შეგროვება ერთი კვირის წინ მეგობრობის გამზირზე დაიწყეს, 20 მარტს კი კოსტავას გამზირზეც გააგრძელეს. „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად, პარალელურად, "კარდაკარაც" დადიან.

„ამ მოკლე ხანში საკმაოდ ბევრი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა მოსახლეობა ქუჩაში უფრო აქტიურობს“, - თქვა ნინო იმედაშვილმა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ხელმოწერების შესაგროვებლად დროებით პუნქტებს რუსთავის ბაზრებშიც გახსნიან.

ოპოზიციური პარტიები 15 ივნისამდე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, რომლის თანახმად, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

რუსთავში ხელმოწერებს ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველო“ აგროვებს. რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ მსგავს აქციას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, 2020 წელს, ისევე როგორც 2016 წელს, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 150 მანდატიდან 73-ს მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატი მოიპოვებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნები მმართველ ძალას უპირატესობას ანიჭებს. მმართველი „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იძლევა.

ავღანეთში უკვე მეორედ, ამჯერად სექტემბრამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები

ჰაუა ალამ ნურისტანი, ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ავღანეთში ორი თვით, სექტემბრამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები, რათა ხელისუფლებას მეტი დრო ჰქონდეს კენჭისყრის მოსამზდებლად და ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად.

ამის შესახებ 20 მარტს ქაბულში განაცხადა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰაუა ალამ ნურისტანიმ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 28 სექტემბერს, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებთან და ღაზნის პროვინციაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

თავდაპირველი გეგმით, საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჯერ 20 ივლისამდე, ახლა კი 28 სექტემბრამდე გადაიდო.

ნურისტანიმ „ბოლო 15 წლის ყველაზე უარესი“ უწოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, როცა საარჩევნო უბნების ნაწილი კომისიებისა და ბიულეტენების გარეშე დარჩა.

თეა წულუკიანი: იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციის თანხას ჩარიცხავს

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან დეპორტაციის საქმეში დაკისრებული კოპენსაციის თანხას განსაზღვრულ ვადაში ჩარიცხავს:

„რუსეთს ვადა ეწურება აპრილში. სამთვიანი. ამ ვადაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ჩაირიცხება ეს თანხა. არ ვიცი ეს რამდენად ღიმილს გამოიწვევს ზოგიერთში, თუ არ გამოიწვევს, მაგრამ მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს. არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც რეალურად იყვნენ მასიური დარღვევების მხვერპლნი,“- ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კითხვას, როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს მინისტთა კომიტეტთან კომპენსაციის გადახდის საკითხზე.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მინისტთა კომიტეტთან უკვე მიდის მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი 3 თვის ვადაში კომპენსაციის თანხას არ ჩარიცხავს:

იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე. მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის. მორალური კომპენსაცია სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.

რადოვან კარაჯიჩს სასჯელი სამუდამო პატიმრობამდე გაუზარდეს

რადოვან კარაჯიჩი

ჰააგის საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის საჩივრები მისთვის გენოციდის ბრალდებით გამოტანილი განაჩენების თაობაზე და 40 წლით პატიმრობ სამუდამო პატიმრობამდე გაუგრძელა. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა კარაჯიჩის როლზე 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში, მის მიერ სარაევოს თითქმის ოთხწლიანი ალყის მოწყობასა და ბოსნიის 20 მუნიციპალიტეტში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე, რომლებისთვისაც კარაჯიჩი 2016 წელს გაასამართლეს.

73 წლის კარაჯიჩი 40 წლით პატიმრობას იხდის გენოციდის ბრალდებით, 1995 წელს სრებრენიცაში 8000-ზე მეტი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის გაწყვეტისთვის ბოსნიელ სერბთა ძალების მიერ.

სასამართლომ ის ასევე დამნაშავედ ცნო ეთნიკური წმენდის ორგანიზებაში, რამაც ხორვატები და მუსლიმები აიძულა, დაეტოვებინათ ტერიტორიები, რომლებზეც სერბები აცხადებდნენ პრეტენზიას ბოსნიის 1992-1995 წლის ომის პერიოდში. მათ შორისაა სარაევოს ალყა, რასაც ემსხვერპლა 10 ათასზე მეტი ადამიანი, რომლის ნახევარი სამოქალაქო პირები იყო.

20 მარტის განაჩენი გამოიტანა გაეროს სასამართლომ (IRMCT), რომელიც განიხილავს აწ უკვე უმოქმედო ყოფილი იუგოსლავიის საკითხების სისხლის სამართლის ტრიბუნალიდან შემორჩენილ საქმეებს.

ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკებს პასუხობს

ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება სოცმუშაკებს, რომლებიც გაფიცვას აანონსებენ და ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდო ზეწოლაში ადანაშაულებენ. სამინისტროს განცხადებით თანახმად სოცმუშაკებთან ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

სოციალური მუშაკებმადღეს გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს და უწყება ამ პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრების სოციალურ მუშაკებს დაესწრონ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან.

“დღეს 17:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მედიაციის ფარგლებში სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. რომელსაც ასევე სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც სოციალურ მუშაკებს წარმოდგენილი აქვთ მედიაციის პროცესის ფარგლებში. მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სოციალურ მუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს”, -ნათვქმიას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს თანახმად, არანაირი პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა. მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას დღეს სოცმუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა მძიმე სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით, შრომითი დავა წამოიწყეს და 2019 წლის 8 თებერვალს სამინისტროს მიმართეს.

როგორც სოცმუშაკები აცხადებენ, 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო მედიაციის პროცესი, თუმცა, ის უშედეგოდ დასრულდა, მოდავე მხარეს არ მიუღია არავითარი რეალური დაპირება, არ შემდგარა არცერთი ორმხრივი შეხვედრა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ მოიპოვეს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება, რომელსაც ისინი 25 მარტიდან გეგმავენ.

ყაზახეთის სენატის ახალი თავმჯდომარე გახდა ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი დარიგა

დარიგა ნაზარბაევა

ყაზახეთის პარლამენტის სენატის, ზედა პალატის ახალი თავმჯდომარე გახდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი დარიგა. არჩევნები ფარული კენჭისყრით გაიმართა. სხდომის 44-ვე დამსწრემ მხარი დაუჭირა დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურას.

ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც დღეს ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი ვადამდე გადადგა.

ადრე დარიგა ნაზარბაევას ეკავა პარლამენტის საერთაშორისო საქმეების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში მან რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა, კერძოდ, ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს უწოდა ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული უწყება, ასევე წამოჭრა საბაჟოში კორუფციის საკითხი.

გეგა გეგეშიძის სასამართლოს პირველი სხდომა ნახევარ საათში დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გეგა გეგეშიძეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემაში ედება ბრალი. ინციდენტი 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად. ორიოდ კვირაში ძალადობაში ბრალდებული გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ ორ დღეში ის 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, თან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

20 მარტის სხდომა მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა, რადგან მოსამართლემ დაცვის მხარეს ერთ-ერთი საბუთის წარსადგენად დრო მისცა შემდეგ პროცესამდე, რომელიც 19 აპრილისთვის ჩაინიშნა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სხდომის დაწყებამდეც და შემდეგაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აშშ ერაყს საშუალებას აძლევს გააგრძელოს ირანისგან ელექტროენერგიის შეძენა

ელექტროგამანაწილებელი ქვესადგური სულეიმანიაში.

აშშ ვადას უგრძელებს გამონაკლისს, რომელიც ერაყს საშუალებას აძლევს, განაგრძოს ელექტროენერგიის შეძენა ირანისგან, მიუხედავად ვაშინგტონის მიერ თეირანის ენერგოსექტორისთვის დაწესებული სანქციებისა. თავდაპირველ გამონაკლისს 19 მარტს გაუვიდა ვადა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მეორე სამთვიანი გამონაკლისი დაუშვა, რათა არ მოხდეს ერაყის დესტაბილიზაცია, რომელიც ირანის გაზსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. წარსულში ენერგომომარაგების დეფიციტმა ერაყის ზოგიერთ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

ერაყი, რომელიც ვაშინგტონის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული, ცდილობს, გააწონასწოროს აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობები. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს ერაყის შიიტ მოსახლეობაში.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 მარტის სხდომაზე მიიღო.

მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პრეზიდენტი გახდა.

თეა წულუკიანი: ჩვენ დოკუმენტებით ვამტკიცებთ, რომ საქართველოს თავს რუსეთი დაესხა

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს სტარსბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს 700-ზე მეტი მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, 1990-იანი წლებიდან სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ რუსეთის ჯარები იყვნენ აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე.

„ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს“ - თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ამის დასამტკიცებლად სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილია ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები და სატელიტური სურათები, ექსპერტული დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურების ჩანაწერი, რომელიც აფეთქებებს ადასტურებს, მოწმეთა ჩვენებები, მედიასაშუალებების მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, განაღმვის ანგარიშები და სხვა.

„ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სატრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ჩვენ ეს გამოგვადგება ჰააგის სისხლის სამართლის გამოძიების საქმეზე“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დასრულდა მოლაპარაკებები ჰააგის სასამართლოსთან რამდენიმე პატიმრის გადმოყვანის შესახებ

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანახმად, დასრულდა მოლაპარაკებები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან რამდენიმე პატიმრის გადმოყვანის შესახებ, სასჯელის საქართველოს საპატიმროებში მოხდის მიზნით. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს მოლაპარაკებები 2015 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ინიციატივითა და თხოვნით დაიწყო:

„სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჩვენ ჰააგაში ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს და ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომლებიც ასევე ალბათ "წარუმატებლები" არიან ზოგიერთის თვალში:​ ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და სხვა,“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა განმარტა, რომ 29 მარტს ჰააგაში ხელი მოეწერება ასევე საქართველოსა და „ევროჯასტის“ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მინისტრის თქმით, ოთხწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და საქართველო ევროკავშირის იუსტიციის სისტემებში გაწევრიანდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე სამთავრობო საათის ფორმატში გამოდის.

წულუკიანი: სტრასბურგში საქართველოს გამარჯვება რუსეთისთვის უპრეცედენტო მარცხია

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსიტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცრუ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავა მოგებული იყო 2012 წლის ოქტომბრამდე, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ბევრი იმუშავა სწორედ 2012 წლის ოქტომბრიდან.

„მე პასუხები არ მაქვს და შესაბამისად, არ ვიცი დღეს რამდენად მოვისმენ ამ პასუხებს, თუმცა კითხვა მაქვს - როცა წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4634 მოქალაქის სახელით წარადგინა, რატომ დაურთო მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს და უკვე ჩვენ დაგვევალა, რომ ეს 118 პირიანი სია შეგვევსო, თუკი ვიყავით მართლები, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4634“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან სირცხვილი უწოდა იმას, რომ ათი წლისთავზე სიის შედგენა თითქმის ნულიდან დაიწყეს. წულუკიანის ინფორმაციით, მოძებნეს 1795 მოქალაქე და მათი მონაცემები გაგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში. იუსტიციის მინისტრს აინტერესებს, რატომ ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ ამ ყველაფრის „ცხელ კვალზე“ გაკეთება.

თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში დაწყებული აქვს ზრუნვა იმაზე, რომ სტრასურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს, თუმცა, რუსეთს მისთვის მიცემული სამთვიანი ვადიდან ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაცია გადაუხადოს.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთისთვის უპრეცედენტო მარცხია, რადგან თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი აქამდე არ დამარცხებულა არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაში.

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის. მორალური კომპენსაცია სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.

ნიდერლანდის პოლიციამ დააკავა უტრეხტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი

ნიდერლანდის პოლიციამ დააკავა უტრეხტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ეხება 40 წლის მამაკაცს. გამოძიება ადგენს, რა როლს თამაშობდა ის თავდასხმაში.

ორი სხვა ეჭვმიტანილი, რომელთა დაკავებაზე ადრე იტყობინებოდნენ, გაათავისუფლეს. პოლიციამ ვერ მოახერხა დანაშაულთან მათი კავშირის დადგენა.

18 მარტს შეიარაღებულმა მამაკაცმა უტრეხტში ცეცხლი გაუხსნა ტრამვაის მგზავრებს. სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მთავარი ეჭვმიტანილია თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისი, რომელიც სროლიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. პოლიცია მის თავდასხმას დაგეგმილად მიიჩნევს. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა ჩანაწერი, რომელიც იპოვეს მის ავტომობილში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG