Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შესახებ მინსკის შეხვედრაზე სეპარატისტების წარმომადგენლებსაც მოელიან


ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის, რუსეთის, უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების რეგიონების და ეუთოს წარმომადგენლები მინსკში 30 იანვარს გამართავენ შეხვედრას უკრაინის კონფლიქტის თაობაზე. სეპარატისტებმა, რომლებიც უკრაინის მთავრობის ჯარებს ებრძვიან, გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ მინსკში ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ სამინისტროს პრესმდივნის, დმიტრი მირონჩიკის სიტყვები, რომ შეხვედრის „ზუსტი ადგილი და დრო“ 30 იანვარს დილით გახდება ცნობილი. შეხვედრის ფონია მზარდი საერთაშორისო შეშფოთება, რომელსაც იწვევს კონფლიქტის ესკალაცია და სეპარატისტთა განცხადებები, რომ ისინი მეტ ტერიტორიას ჩაიგდებენ ხელში და არ გამოიჩენენ ინიციატივას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს „მყისიერი ზავი და კონფლიქტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანა.“ კონფლიქტს აპრილის შემდეგ 5,100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG