Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტერიალზე გადაწყვიტეს რუსეთისთვის სანქციების სექტემბრამდე გაგრძელება


ევროკავშირი სექტემბრამდე გაუგრძელებს სანქციებს რუს და სეპარატისტ ოფიციალურ პირებს, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისათვის. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალზე გადაწყვიტეს ასევე, რომ ერთ კვირაში მოამზადებენ წინადადებას, რომელი ინდივიდები და კომპანიები უნდა დაემატოს სანქცირებულთა სიას. ევროკავშირი 12 თებერვალს გამართავს სამიტს რუსი ოფიციალური პირებისა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტების ახალი ჯგუფის სანქცირებულებისთვის დამატებაზე მოსალაპარაკებლად. მოგერინიმ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ 29 იანვრის შეხვედრაზე ევროკავშირის მინისტრებმა შეინარჩუნეს ერთიანობა და ცხადჰყვეს, რომ ევროკავშირი "მზად არის ახალი ზომების მისაღებად და მომდევნო კვირებში ახალი ზომების მოსამზადებლად". მოგერინიმ „უაღრესად კონსტრუქციული“ უწოდა საბერძნეთის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის, ნიკოს კოციასის პოზიციას. საბერძნეთის მმართველ პარტია „სირიზას“, რომელიც ამ თვეში ჩადგა ხელისუფლების სათავეში ვადამდელი არჩევნებში გამარჯვების შედეგად, აქამდე არაერთხელ გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ.

XS
SM
MD
LG