Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში გიორგი სოსანაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობას უარყოფს და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. „მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება რამდენიმე, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და, შესაბამისად, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების მოხდენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე გამოიყენა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 2 აპრილს“, -- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. გიორგი სოსანაშვილი პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში 20 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად პროკურატურამ დაასახელა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილი დნმ-ის კვალი, რომელიც გამოძიების ინფორმაცით, ბრალდებულს ეკუთვნის. ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ დღეს განაცხადა, რომ ის ბრალდებულთან და მისი ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG