Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ადამიანი ემსხვერპლა კრამატორსკზე იერიშს


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ კრამატორსკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 60-ზე მეტი, მათ შორის - 5 ბავშვი. დონეცკის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის სამშაბათის ინფორმაციით, დაღუპული იყო 12 ადამიანი. საარტილერიო იერიშზე პასუხისმგებლობას კიევი სეპარატისტებს აკისრებს. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, „მეამბოხეების“ სამიზნეები იყო კრამატორსკში არსებული ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი და მასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები. ტურჩინოვის სიტყვებით, კრამატორსკზე იერიში მიიტანეს თანამედროვე რუსული ზალპური ცეცხლის სისტემითა და კასეტური საბრძოლო მასალით. გენერალური შტაბის წარმომადგენელ ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, ცეცხლი გორლოვკიდან გაიხსნა. დონბასში ვითარების მოგვარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი პირის ირინა გერაშჩენკოს თანახმად, იერიშამდე კრამატორსკის რაიონში დაფიქსირდა მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატი, იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“. სეპარატისტები უარყოფენ საარტილერიო იერიშთან კავშირს. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა.

XS
SM
MD
LG